ახალი ამბები

„მაგის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ“ — მაჭავარიანი სააკაშვილზე

20 აპრილი, 2020 • 1497
„მაგის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ“ — მაჭავარიანი სააკაშვილზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მთავრობას შესთავაზა, მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სამართლებრივ პროცესზე შემოდგომამდე მორატორიუმი დააწესოს და დროებით მიანიჭოს  საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი. სააკაშვილის განცხადებით, ამ სტატუსს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების მოსაპოვებლად გამოიყენებს.

„მე გთავაზობთ: გამომიყენეთ უცხოური დახმარების მისაღებად. მე მზად ვარ, მოვიარო ყველა უცხოური დედაქალაქი. ძალიან ბევრს ვიცნობ საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებში, ვიცნობ თითქმის ყველას, ვინც ახლა ევროპელი ლიდერები არიან. ჩვენი ყველა იურიდიული კამათი გადავდოთ მომავლისთვის და დავაწესოთ მორატორიუმი შემოდგომამდე…

…მომეცით სტატუსი საქართველოს ხელისუფლების დროებითი ოფიციალური წარმომადგენლის მხოლოდ ერთ საკითხში – უცხოური დახმარების მოპოვებაში, და მე გაძლევთ გარანტიას, თუ 5,5 მილიარდს არა, იმდენს ჩამოვიტან, რომ საქართველოს ეკონომიკა გადარჩეს,

დაავალეთ საელჩოებს, რომ ჩემთან ერთად მოიარონ აშშ-ის კონგრესი, ევროპის წამყვანი ქვეყნები და აზიის ქვეყნები, ისე რომ არ გამოვიდეს, რომ ჩემს თავს წარმოვადგენ მხოლოდ.

მომეცით ეს სტატუსი და მე ვპირდები ქართველ ხალხს, რომ ამ დახმარებას მივიღებთ!“, — წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის წინადადებას გამოეხმაურა მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრი.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, “სააკაშვილის გამო შესაძლოა ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ”.

„მაგის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ. ამიტომ სერიოზულად მაგაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთადერთი ვიცი, რომ რამდენსაც მეტს ჩაერევა, შანსია, მეტი დავკარგოთ. ამიტომ გვაცადონ. ჩვენ ჯობია ჩვენ საქმეს მივხედოთ, მათ კი პოპულიზმი გააგრძელონ, ეს მათი საქმეა“, — განაცხადა მან „ტვ იმედთან“ სატელოფონო საუბრისას.

გარდა ამისა, მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობას აქვს კრიზისიდან გამოსვლის, თანხების მოზიდვის და ეკონომიკური სტიმულირების გეგმებიც.

„ჩვენ კრიზისიდან გამოსვლის გეგმაც გვაქვს, თანხების მოზიდვის გეგმაც და ეკონომიკის შემდგომი სტიმულირების გეგმაც, რომლის ნაწილიც საზოგადოებამ იცის და ნაწილს უახლოეს დღებში გავაცნობთ“.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი პოპულიზმსა და პოლიტიკურ მანიპულაციებს მიმართავს, ხოლო სააკაშვილი „კლოუნადითაა დაკავებული“ და „არცერთი თეთრის მომტანი არაა“.

„ამ რთულ ვითარებაში ზოგიერთი ოპოზიციური ძალები სააკაშვილის თამადობით მთლიანად გადასული არიან პოპულიზმსა და პოლიტიკურ მანიპულაციებზე, რაც ზოგჯერ მავნებლობაშიც გამოიხატება. სააკაშვილი რომ არცერთი თეთრის მომტანი არ არის, ყველამ კარგად ვიცით. ის არის კლოუნადით დაკავებული. მისი წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნისთვის არის შემლახავი, რადგანაც სერიოზულად მას არავინ აღიქვამს“, — აღნიშნავს იგი ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი