ახალი ამბები

„კომპრომისი იყო, თუ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარეც – ბაქრაძე 2008 წლის რეზოლუციაზე

15 აგვისტო, 2020 • 2716
„კომპრომისი იყო, თუ რუსეთი ოკუპანტია, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარეც – ბაქრაძე 2008 წლის რეზოლუციაზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ 2008 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საკამათო რეზოლუცია 1633, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ბრალზეც საუბრობს, კომპრომისულად მიიღეს და საქართველო აპროტესტებდა მის პასუხისმგებლობაზე ჩანაწერს.

14 აგვისტოს „რუსთავი 2-ზე“ გადაცემის „ღამის კურიერში“ წამყვანმა დავით ბაქრაძეს მოუყვანა ციტატა აღნიშნული რეზოლუციიდან და ჰკითხა, თუ რა მიზეზით მოაწერა მას ხელი მაშინდელმა საპარლამენტო გუნდმა მისი თავმჯდომარეობით. რეზოლუციის აღნიშნული ორი მუხლი ასეა ფომულირებული:

„5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და, როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით“.

„6. იმავდროულად, რუსეთის საპასუხო შეტევამ, მათ შორის ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში, ასევე ვერ უზრუნველყო პროპორციულობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა და წარმოადგენდა ევროპის საბჭოს პრინციპების, ისევე როგორც რუსეთის, როგორც წევრი სახელმწიფოს, საწესდებო მოვალეობებისა და მიერ მიერ გაწევრიანებისას აღებული განსაკუთრებული ვალდებულებების დარღვევას. ამან შედეგად მოიტანა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, ისევე როგორც დარტყმები სახელმწიფოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ან პირდაპირ შეტევად საქართველოს სუვერენიტეტზე და, შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების დარღვევად, ან რუსეთის მცდელობად, გაეფართოებინა საკუთარი გავლენა უახლოესი საზღვარგარეთის სახელმწიფოზე, მის მიერ გაწევრიანებისას აღებული ვალდებულების დარღვევით, რაც გულისხმობს ამდაგვარ კონცეფციაზე უარის თქმას“.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ეს მუხლი და ეს ჩანაწერი არის ცუდი“ და ასეთი განმარტება გააკეთა:

„ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელშიც შეფასებულია რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირდა ტერმინი ოკუპაცია. ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირდა ის, რომ რუსეთი არის დამნაშავე საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისთვის“.

„ამ დოკუმენტში ყველაფერი არის ძალიან კარგი, ერთადერთი პუნქტია, სადაც საუბარია ომის დაწყებაზე, სადაც არის შერეული ბრალი, — რომ ქართული მხარე მონაწილეობდა იმ სამხედრო მოქმედებებში შემოსული რუსის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტის ყოფილმა თავმდჯომარემ განაცხადა, რომ ეს, „რა თქმა უნდა, არის ცუდი პუნქტი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, ეს არ არის ჩვენი დელეგაციის დაწერილი დოკუმენტი“ და დასძინა:

„ეს არის დოკუმენტი, რომელსაც კენჭს უყრიდა 47 ქვეყნის წარმომადგენელი. ეს არის დოკუმენტი, სადაც რუსეთს მთლიანად მხარს უჭერდა სოციალისტების ჯგუფი. სხვათა შორის, სოციალისტები ის ჯგუფია, სადაც ქართული ოცნების დელეგაციაა გაწევრიანებული ევროსაბჭოში, ასე რომ, საკუთარ პოლიტიკურ პარტნიორებს მოჰკითხონ, რატომ არის ეს ჩანაწერი ამ დოკუმენტში“.

„ეს არის კომპრომისის შედეგი. ამ შესწორებას, კონკრეტულს, ქართულმა მხარემ, ქართულმა დელეგაციამ, წინააღმდეგ მისცა ხმა. მაგრამ იმის გამო, რომ მაგიდის მეორე მხარეს იყო რუსეთის დელეგაცია, ძალიან დიდი და გავლენიანი, რომელსაც მხარს უჭერდა ევროპული ქვეყნებიც, მხარს უჭერდა სოციალისტების ჯგუფიც, კომპრომისი, რაზეც ჩვენი მეგობრები და რუსეთის მოკავშირეები შეთანხმდნენ, — და გვესმის, რომ 5 -კაციანი ქართული დელეგაცია კომპრომისს ვერ შეცვლის, — იქ იყო, რომ კი ბატონო, თუ ვწერთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და დამნაშავეა, რაღაცაში უნდა ვახსენოთ ქართული მხარის პასუხისმგებლობაც“, – თქვა დავით ბაქრაძემ.

რეზოლუციის სრული ტექსტი შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ დოკუმენტში:

მასალების გადაბეჭდვის წესი