ახალი ამბები

საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა ნაწილობრივ გადავადდა

10 ივნისი, 2020 • 1336
საფრანგეთიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვა ნაწილობრივ გადავადდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს, რომლის თანახმადაც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით მცირდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, ეს თანხა აკლდება ინფრასტრუქტურას და საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას.

“თავდაცვის სამინისტროში არის ორი მიმართულებაა, ერთი არის სამშენებლო მიმართულებები და მეორე- საფრანგეთის კრედიტით დაფინანსებული პროექტი. რეალურად, ეს არის გარკვეული პროექტების დროში გადავადება, მათ შორის იმიტომაც, რომ საფრანგეთის მხრიდან მომწოდებელი წელს ვერ შეასრულებს იმ მოცულობის სამუშაოებს, რაც იყო დაგეგმილი”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ და დასძინა, რომ კონტრაქტის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საქმე ეხება საავიაციო სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებას.

“ამ 75 მილიონიდან 30 მილიონი არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთს გარკვეული პროდუქცია უნდა მოეწოდებინა, მაგრამ გამომდინარე პანდემიიდან, ამ პროდუქციის მოწოდება გადაიდო დროში. ამ პროდუქციის მოწოდების მზაობა როგორც კი იქნება, ეს თანხები აისახება მომავალი წლის ბიუჯეტში”, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი განმარტებით, საქმე ეხება ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდებას, რაზეც კონტრაქტი საფრანგეთთან თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის დროს გაფორმდა. სესიაშვილის თქმით, პროექტი ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა დარჩენილია მცირედი ნაწილი, რომლის მოწოდებამ და, შესაბამისად, ამ მიზნით საფრანგეთისგან სესხის აღებამ დროში გადაიწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი