ნეტგაზეთი | “გაუთქმელობის მიზანი დაცვის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაა” – ომბუდსმენი “გაუთქმელობის მიზანი დაცვის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაა” – ომბუდსმენი – Netgazeti
RU | GE  

“გაუთქმელობის მიზანი დაცვის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაა” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის თქმით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებისთვის პროკურატურის მიერ საქმის მასალების გაუთქმელობის დავალდებულება არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობიდან და არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად.

სახალხო დამცველის განცხადებით, 2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები, რის გამოც ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

ომბუდსმენი განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, თუმცა ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების – შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე:

“ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

პროკურატურა ადვოკატებს აფრთხილებს, არ გაასაჯაროონ შაქარაშვილის საქმის მასალები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.