ახალი ამბები

კობერიძის დადგომა ვაკეში “ოცნების” კანდიდატის დამარცხების გარანტიაა – ჯაფარიძე

13 აგვისტო, 2020 • 1575
კობერიძის დადგომა ვაკეში “ოცნების” კანდიდატის დამარცხების გარანტიაა – ჯაფარიძე

“არასდროს დაგვიმალავს ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებისთვის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტიული მშენებლობის გეგმა და ჩვენ ამ გეგმას მივყვებით”, – თქვა პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში, ვაკეში ლევან კობერიძის კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით. წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ მიიღო პარტიამ ეს გადაწყვეტილება, როცა “ევროპული საქართველოს” კანდიდატს, ელენე ხოშტარიას, ერთ-ერთი კვლევით მაღალი რეიტინგი აქვს. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ გაახმიანა სიმპათია ხოშტარიას მიმართ.

“მინდა, დავადასტურო სიმპათია ელენე ხოშტარიას, როგორც პოლიტიკოსის, მიმართ და მას მოვიაზრებთ პოლიტიკურ პარტნიორად პარლამენტში. რაც შეეხება იმას, რომ ლევან კობერიძე დასახელდა პარლამენტში, მიგვაჩნია, რომ ის არის კანდიდატი, რომელიც შეძლებს, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ქართული ოცნების კანდიდატს, რადგან მისთვის ძირითადი კონკურენტი იქნება “ქართული ოცნების” კანდიდატი”, – აღნიშნა მან.

წამყვანის კითხვაზე, ფიქრობს, თუ არა, რომ ხოშტარიას ფონზე, მმართველი პარტიის კანდიდატი კობერიძისთვის მაინც მთავარი კონკურენტი იქნება,  ჯაფარიძემ უპასუხა:

“ცალსახად. ჩვენთვის ყველა საარჩევნო ოლქში ძირითადი კონკურენტი “ქართული ოცნების” კანდიდატია”.

წამყვანმა მას ასევე ჰკითხა, ხომ არ გაურთულა “ლელომ” ამოცანა – “ქართული ოცნების” დამარცხება – საკუთარ თავსაც და ელენე ხოშტარიასაც, რაზეც “ლელოს” ლიდერმა უპასუხა:

“მე ასე არ ვფიქრობ. ლევან კობერიძის დადგომა ვაკეში გარანტიას იძლევა იმისა, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი დამარცხდება”.

“ლელომ” ვაკეში მაჟორიტარ კანდიდატად ლევან კობერიძე 12 აგვისტოს წარადგინა. როგოც მან ბრიფინგზე თქვა, „ლელოსთან“ ერთად ეცდება ყველა ის პრობლემა გამოასწოროს, რის გამოც მანამდე „ოცნებას“ აკრიტიკებდა.

მანამდე, ივნისში, „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებდა, რომ, სავარაუდოდ, მისი პოლიტიკური გაერთიანება ელენე ხოშტარიას მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებდა.

საერთო მაჟორიტარები და “ლელოს” დილემა

მასალების გადაბეჭდვის წესი