ახალი ამბები

წინასაარჩევნო ციფრები: რას შეცვლის დარჩენილი 3 თვე

17 ივლისი, 2020 • 2544
წინასაარჩევნო ციფრები: რას შეცვლის დარჩენილი 3 თვე

“ოცნება”  მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიცია არავისთან დასჭირდება, ოპოზიციაში კი ამჟამინდელი მმართველი გუნდის ჩამოშორების მზარდ შანსებსა და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მნიშვნელოვნებაზე საუბრობენ  – ასეთია პოლიტიკოსების რიტორიკა “Edison Research”-ის კვლევების გამოქვეყნების შემდეგ. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე გამოქვეყნებულ ამ ციფრებზე დაყრდნობა არასწორია, რადგან ქართული პოლიტიკური სივრცე ყოველთვის გამოირჩევა მოულოდნელობებით, რასაც წელს პანდემიის თანმდევი სირთულეებიც ახლავს თან.

ტელეკომპანია “ფორმულის” დაკვეთით “Edison Research”-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეკითხვას, “დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას”, გამოკითხულთა 39%-მა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ უპასუხა. მას მოსდევს “ნაციონალური მოძრაობა” 16%-ით, “ევროპულ საქართველოს” 5% აქვს, “ლელოს” კი – 3. ამომრჩეველთა 20% გადაუწყვეტელია.  საპირისპიროდ, ოპოზიცია ლიდერობს თბილისის მაჟორიტარული ოლქების ნაწილში. მათ შორის, ვაკეში, გლდანსა და ისანში.

“ციფრი შეეშალათ” – მმართველ გუნდში ოპტიმისტური განწყობაა

“ამ კონკრეტულ კვლევებში, როდესაც “ქართულ ოცნებას” 39 პროცენტი დაუწერეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 5-იანი უნდა ყოფილიყო”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე  კვლევას და მიანიშნა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი 60%-ს უახლოვდება.

ასეთივე ციფრი გაახმიანა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც კვლევის შეფასებისას ოპოზიციური “ევროპული საქართველოს” დაბალ რეიტინგზე მიანიშნა.

“ვინც შეუკვეთა, “ევროპულმა საქართველომ” და მათმა მედიასაშუალებამ, გასაგებია და  მათ კვლევაშიც კი მათ ვერ დაუწერეს 5%-ზე მეტი. ჩვენ გვიბრაზდებიან ხოლმე, როცა ვამბობთ, რომ მათ აქვთ 3%-იანი  რეიტინგი.

…39% ვისაც დაუფიქსირდა[“ქართულ ოცნებას”], ამ კვლევითაც კი, ყველაზე მარტივი ალოკაციით, ეს არის 49%-ზე მეტი. და ნუ გაგვიბრაზდებით ხოლმე, როცა ვამბობთ, რომ 60%-მდეა ჩვენი რეიტინგი”, – აღნიშნა მან მედიასთან საუბრისას.

“ქართული ოცნების” კიდევ ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, საერთოდ გამორიცხა კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება არჩევნების შემდეგ. მეტიც, დეპუტატმა აღნიშნა, რომ “ქვეყნისთვის ძალიან მძიმე მდგომარეობა შეიქმნება, თუ ვერ ექნება უმრავლესობას მთავრობის შექმნის საშუალება”.

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და სხვა – როგორ აპირებს ოპოზიცია ვითარების თავის სასიკეთოდ შეცვლას?

მმართველი გუნდის მსგავსად, ოპტიმიზმი შეინიშნება ოპოზიციაშიც, თუმცა აქ ერთპარტიულ მთავრობაზე არ საუბრობენ. პარტიებში ამბობენ, რომ მათი მიზანი მოსახლეობისათვის სწორედ ცვლილებების საჭიროების ახსნა უნდა იყოს, რომლის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი, მათი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების დასრულება და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება იქნება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციური პარტიები 2020 წლის არჩევნებზე ხმათა რაოდენობით ამჟამინდელ მმართველ გუნდს მოუგებენ. დეკანოიძის თქმით, ჯერ კიდევ წინაა ეკონომიკური სირთულეების პერიოდი, რომელიც “ქართული ოცნების” რეიტინგს არ არგებს. ის ასევე ამახვილებს ყურადღებას ცალკეული ოპოზიციონერი ფიგურების წარმატებაზე.

“კვლევამ  აჩვენა, რომ ვირუსმა, რომელზეც ამდენ ხანს აპელირებდნენ, ვერ უშველა ხელისუფლებას და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება იმ კუთხით, როცა ძალიან სერიოზული ეკონომიკური გაჭირვება იქნება ქვეყანაში მომდევნო თვეებში. წინ არის მთელი ეს ეკონომიკური ცუნამი.

…ჩემი პოლიტიკური გუნდის სახელით შემიძლია გითხრათ, სურათი კარგად ჩანს გლდანში, სადაც ნიკა მელია, რომელიც არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს ლიდერი, გაცილებით უსწრებს მმართველ გუნდს. ელენეზე ხოშტარიაზეც ეს შემიძლია გითხრათ. ეს ტენდენციები ძალიან მნიშვნელოვანია”, – ეუბნება დეკანოიძე “ნეტგაზეთს”.

აქტიური კამპანია, ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მუშაობა, კონკრეტული გეგმის წარდგენა რიგი მიმართულებებით და უშუალო კონტაქტი ამომრჩეველთან – ხატია დეკანოიძე ფიქრობს, რომ ამ გზებით ოპოზიცია შეძლებს, მოიგოს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გულიც, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ოპოზიციის პოტენციური ელექტორატია.

“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვა შესაძლებელია და შესაძლებელია იმაზე უფრო მეტის, ვიდრე ეს წარმოუდგენიათ თავად ნიჰილისტურად განწყობილ ადამიანებსაც. ამისათვის უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი და ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ გვაინტერესებს არა პოლიტიკური კონიუნქტურა, არამედ ნამდვილად მოგება, ადამიანების კეთილდღეობა და სამართლიანობა ამ ქვეყანაში”, – აცხადებს ის.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც ამ კვლევით ვაკის მაჟორიტარულ ოლქში მმართველ პარტიას უგებს, მიიჩნევს, რომ “ოცნების” 39% პანდემიის გამოძახილიც არის, როცა ამომრჩეველი, როგორც წესი, მმართველი ძალის გარშემო ერთიანდება. ხატია დეკანოიძის მსგავსად, ხოშტარიას სჯერა, რომ “ქართული ოცნება” 2020-ში ვერ გაიმარჯვებს.

“თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო ოპოზიციას, რათა ადამიანები დაარწმუნოს რეალური ცვლილების პერსპექტივაში. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ [ადამიანებს] “ქართული ოცნება” მოსწონთ. მაგრამ ოპოზიციას აქვს სამუშაო ხალხის დასარწმუნებლად, რომ ოპოზიციით “ქართული ოცნების” ჩანაცვლება იქნება წინსვლა ქვეყნისთვის. ხალხს ამოუვიდა ყელში ერთ წრეზე სიარული და სახელების და გვარების ჩანაცვლება მაშინ, როცა არ ხდება ცვლილებები”, – ეუბნება დეპუტატი “ნეტგაზეთს”.

ხოშტარია მიიჩნევს, რომ დარჩენილი 3 თვე “აბსოლუტურად საკმარისი დროა” ოპოზიციის გზავნილების ამომრჩევლამდე მისატანად.

“პირველი, რაც უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, არის ის, რომ პროპორციული სისტემა გვაძლევს ისტორიულ შესაძლებლობას დაბალანსებული ხელისუფლებისა. ეს ყველა ადამიანის ინტერესშია.

ხალხს ეშინია, რადგან აქამდე სულ გვქონდა თავგასული ხელისუფლების გამოცდილებები სხვადასხვა კომბინაციით, მათ შორის იმ ხალხის კომბინაციით, რომლებიც ვიყავით წინა მთავრობაში. ესაა ასახსნელი, რომ ჩვენ შევდივართ აბსოლუტურად განსხვავებულ ეპოქაში, როცა ხელისუფლება ვეღარ იქნება თავგასული და ეს კოალიცია არის ამის გარანტი.

მე არ მგონია, რომ [გადაუწყვეტელი ამომრჩეველნი] “ქართული ოცნების” პოტენციური მომხრეები არიან. სწორედ იმიტომ არიან გადაუწყვეტლები, რომ არ მოსწონთ სტატუს-კვო. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ცვლილების სასარგებლოდ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ პოტენციალი აქ დიდია”, – აცხადებს ის.

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნული კვლევა, სხვა ნებისმიერის მსგავსად, საჭირო და გასათვალისწინებელია, თუმცა ციფრების დეტალური განხილვის აუცილებლობას ვერ ხედავს. მისი თქმით, მთავარი, რაც კვლევიდან გამოჩნდა, მოსახლეობის სურვილია ცვლილებების კუთხით.

“ამ კვლევამ, ისევე როგორც სხვა კვლევებმა, დამარწმუნა იმაში, რომ ქართულ პოლიტიკას ჰაერივით სჭირდება განახლება. ეს განახლება აუცილებლად მოვა, გარდაუვალია. ამ განახლებისთვის აუცილებელია შრომა, ბრძოლა და სწორი გუნდი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის პირადად ეს კონკრეტული კვლევაც და ის განწყობებიც, რომელთაც შეხვედრებზე ვიღებთ, მარწმუნებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი ძალის შექმნა “ლელოს” სახით”, – აცხადებს ის.

ანა ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავარ მეტოქეებად განიხილავს არა სხვა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ნიჰილიზმს, რომლის დანერგვასაც, როგორც ამბობს, წლებია ცდილობენ.

“…ასე არ დავყოფდი საზოგადოებას. ზოგს აქვს ხედვა, ზოგი ფიქრობს, ზოგი გადაწყვეტის პროცესშია, ზოგი დარწმუნებული არ არის… ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია ის, რომ დავინახოთ, სად არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია რამდენიმე საბაზისო საჭიროების დაკმაყოფილება, რასაც 30 წელია, ვცდილობთ. საბოლოო ჯამში, ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ და თუ ეს ნავი ამოყირავდა, ამოყირავდება ის 39%-იც, 12-იც, 5-იც, სამიც და ყველა სხვა”, – ეუბნება “ლელოს” წევრი “ნეტგაზეთს”.

3 თვე დიდი დროა, ქართული პოლიტიკა – არაპროგნოზირებადი: რას ფიქრობენ სპეციალისტები

ხედვები ექსპერტებისა, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, სრულად იკვეთება ერთ ნაწილში: ისინი ფიქრობენ, რომ 3 თვით ადრე პოლიტიკური კონტურები საკმარისად გამოკვეთილი არ არის არჩევნების შესაძლო შედეგებზე სასაუბროდ. აღნიშნულს დიდწილად ხსნიან ქართული პოლიტიკური ცხოვრების მოულოდნელობებით.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) დირექტორი კობა თურმანიძე “Edison Research”-ის კვლევის სარგებელს ორი მიმართულებით ხედავს: ის, ისევე როგორც სხვა მსგავსი კვლევები, პარტიებს სტრატეგიის განსაზღვრაში ეხმარება, ამომრჩეველს კი – გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

თურმანიძის თქმით, საქართველოში პარტიებისადმი ლოიალობა საკმარისად მაღალი არ არის იმისთვის, რომ 3 თვით ადრე არჩევნების შედეგების განჭვრეტა იყოს შესაძლებელი.

“ადამიანი რომ რომელიმე პარტიაზე გიჟდებოდეს, რთული წარმოსადგენია. რაღაც სტრატეგიული გათვლებით, ზოგჯერ ერთს აძლევს ხმას, ზოგჯერ- მეორეს, და რთული წარმოსადგენია, რომ წლების მანძილზე ერთ და იგივე ამომრჩეველი ერთსა და იმავე პარტიას უერთგულებს. ამიტომ ეს მხარდაჭერა ხშირად დამოკიდებულია რაღაც მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომელიც ვიღაცისთვის  სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიღაცისთვის კი- საზიანო.

შარშანდელი ივნისის კრიზისი რომ წარმოვიდგინოთ, არ იყო ეს ომის ტოლფარდი კრიზისი, თუმცა ეს იყო კრიზისი, რომელმაც გამოიწვია საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება პარტიების მიმართ დამოკიდებულებაში და მხარდამჭერთა გადაჯგუფება.

კვლევას დიდი ღირებულება როგორ არ აქვს, მაგრამ მას არ აქვს საარჩევნო, წინასწარმეტყველური ღირებულება, რადგან პატარა მოვლენამაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად გადააბრუნოს ეს რიცხვები ერთი, მეორე ან მეასე პარტიის სასარგებლოდ. ამიტომ ეს არის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამოსადეგი შედეგები და არაფერი მეტი”, – ეუბნება კობა თურმანიძე “ნეტგაზეთს”.

კითხვაზე, რისი გაკეთება შეუძლია ოპოზიციას მომდევნო პერიოდში, თურმანიძე პასუხობს, რომ “ზოგჯერ არაფრის გაკეთება უკეთესია და ახლა ისეთი ვითარებაა, იქნებ მოწინააღმდეგის შეცდომაზე დალოდებაც ჯობდეს”.

“საკმაოდ არაპროგნოზირებადი დროა ახლა. მაგალითად, შარშან შემოდგომაზე ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რაც გაზაფხულზე მოხდა”, – აცხადებს ის.

კობა თურმანიძე ასევე აღნიშნავს, რომ 39%-იანი შედეგი “ქართული ოცნებისთვის” მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში მეტად სასარგებლო იქნებოდა, თუმცა პროპორციულთან მიახლოებული სისტემა, რომლითაც 2020 წლის არჩევნები ტარდება, სურათს ცვლის და შანსს აძლევს სხვა, უფრო მცირე პარტიებსაც.

ექსპერტი არ იზიარებს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ოპტიმიზმს გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას კი ასე ხსნის:

“ამ გადაუწყვეტლებზე უამრავი მითი არსებობს. ზოგი ამბობს, რომ ისინი მესამე ძალის მოლოდინში არიან, ზოგი ამბობს, რომ რაღაც საოცრებას ელიან. აქ არის არეული ერთმანეთში რამდენიმე ტიპის ამომრჩეველი. მათ შორისაა დიდი ჯგუფი ამომრჩევლებისა, რომელიც, თუ სასწაული არ მოხდა, არჩევნებზე არ მიდის, არ აინტერესებს. ის კი არა, რომ პარტიებს გადახედა და არავინ მოიწონა, უბრალოდ, არ აინტერესებს. მისი მიმხრობა არის ძალიან რთული. ეს ჯგუფი არის ამ კატეგორიის უმრავლესობა, რადგან ეს არის პოლიტიკისგან მოშორებული, ინდიფერენტული ამომრჩეველი”.

პოლიტიკური მიმომხილველი გიორგი ცხადაიაც იზიარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნულ კვლევაზე დაყრდნობა ძნელია. მისი თქმით, მთავარია, როგორი იქნება ამომრჩეველთა აქტივობა და რა მოხდება დარჩენილ პერიოდში.

“…განწყობები ძალიან ხშირად იცვლება საქართველოში. შეიძლება, ერთი თვის შემდეგ სულ სხვა სურათი იყოს.  სავსეა პოლიტიკური სივრცე მოულოდნელობებით. რა მოხდება, როგორ შეტრიალდება ვითარება, ხშირად არაპროგნოზირებადია”, – აცხადებს ის და კობა თურმანიძის მსგავსად, 20 ივნისის მაგალითი მოჰყავს.

ცხადაიას აზრით, ქართული პოლიტიკური სივრცე კვლავ საკმაოდ პოლარიზებულია იმისთვის, რომ ხსენებულმა გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა მარტივად შეძლოს არჩევანზე შეჯერება. მისი თქმით, ადამიანები ამ დრომდე ვერ ხედავენ ალტერნატივას:

“ლელო” ავიღოთ: რადგან ის არც “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობს აქტიურად და არც “ნაციონალურ მოძრაობასთან”, უნდა გვევარაუდა, რომ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი წავიდოდა მისკენ. ამ რეიტინგში ჩანს, რომ ეს გადაუწყვეტლები საერთოდ უნდობლობას უცხადებენ მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ანუ არც “ლელო” უნდათ. რეალურად ისე ჩანს, რომ მესამე ძალას თითქმის ვერ ხედავს ამომრჩეველი”.

ცხადაიას აზრით, მიუხედავად მცდელობებისა, ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ მოახერხა, ამომრჩეველი გადაერწმუნებინა, რომ ქვეყანაში არჩევნები კვლავ “მიშაVSბიძინა”-ს პრინციპით არ ტარდება და შანსებიც ასე ნაწილდება. მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნული პარადიგმის შეცვლა სცადა 2012 წლამდე ნაკლებად აქტიური სახეების წინ წამოწევით, თუმცა სამუშაო კვლავ ბევრია.

“ამ რეიტინგს ძალიან დიდი მნიშვენლობაც არ უნდა მივანიჭოთ, მაგრამ რაღაც ინდიკატორი მაინც არის ეს. მაგალითად, იმის ინდიკატორი, რომ ოპოზიციას ცვლილებები სჭირდება. ძალიან დარწმუნებულია ოპოზიცია თავის თავში. უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. საუბარი მაქვს ზოგადად მთელ ოპოზიციაზე… პირველ რიგში, “ნაციონალურ მოძრაობაზე”. ამომრჩეველს უნდა დაანახონ სიახლე, ცვლილებები, პოზიტიური პროგრამები”, – ამბობს ის “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი უშუალოდ მმართველი გუნდის რეიტინგზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთმანეთს ორი გარემოება უპირისპირდება: ბრძოლა კორონავირუსთან, რომლის პლუსებიც ამ დრომდე მოქმედებს ხელისუფლების პოპულარობაზე, და ეკონომიკური სიძნელეები, რომლებიც შემოდგომაზეა მოსალოდნელი. მისი თქმით, ეს უკანასკნელი “ქართული ოცნებისთვის” საფრთხეა.

“3 თვე არის დრო და ამ დრომ შეიძლება იმუშაოს “ქართული ოცნების” საზიანოდ. ვგულისხმობ მოსალოდნელ გაუარესებას სოციალურ-ეკონომიკური ფონისა, რაც მმართველი პარტიის რეიტინგს არ წაადგება. ნაკლებად სავარაუდო და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს ფონი არჩევნებამდე გამოსწორდეს. ექსპერტების პროგნოზი ისეთია, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, გაიზრდება სიღარიბისა და უმუშევრობის დონეც, რაც “ქართული ოცნების” წისქვილზე არ დაასხამს წყალს”, – აცხადებს ის.

კაჭკაჭიშვილის აზრით, ოპოზიციის ერთ-ერთი ბერკეტი ახლა საერთო სტრატეგიაზე შეჯერებაა, რამაც, თუ ამჟამინდელ კვლევას დავუჯერებთ, უკვე იმუშავა თბილისის რამდენიმე რაიონში.

“როგორც ჩანს, ოპოზიცია ამ ბერკეტის გამოყენებას გააგრძელებს. რამდენად ეფექტურად, ვნახავთ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომელსაც ის აუცილებლად გამოიყენებს და რომლის წარმატებაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ნახა, როცა ოპოზიციის კანდიდატმა თითქმის მილიონი ხმა აიღო.

მეორე ბერკეტი იქნება ხელისუფლების უმწვავესი კრიტიკა ეკონომიკური პროექტების განუხორციელებლობის ან არაეფექტური განხორციელებისა და უმუშევრობის ვერშეკავების გამო”, – აღნიშნავს სოციოლოგი.


8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება — ანუ, პარლამენტის 120 წევრი არჩეული იქნება პროპორციული სიით, ხოლო 30 დეპუტატი — მაჟორიტარული ოლქებიდან. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი