ახალი ამბები

„თქვით მისი სახელი, დაანახეთ მსოფლიოს მისი უშიშრობა“ — ირანელი სტუდენტი ქალის მდგომარეობა უცნობია

4 ნოემბერი, 2024 •
„თქვით მისი სახელი, დაანახეთ მსოფლიოს მისი უშიშრობა“ — ირანელი სტუდენტი ქალის მდგომარეობა უცნობია

მესამე დღეა, რაც სოციალური ქსელები ირანელი ქალი სტუდენტის ამბავმა მოიცვა. ვიდეოში ჩანს, როგორ გამოდის ახალგაზრდა ირანელი ქალი საცვლებში და გაშლილი თმით უნივერსიტეტის კამპუსის წინ, როგორ გადადის მოგვიანებით გზაზე და მიუყვება ტრასას, სადაც ცოტა ხანში მანქანა უჩერდება და მამაკაცების ჯგუფი ქალს მანქანაში ტენის.

სტუდენტი ქალის ვინაობა ოფიციალურ წყაროებს არ დაუდასტურებიათ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის 30 წლის აჰუ დერიაია, რომელიც თეირანში აზადის ისლამურ უნივერსიტეტში ფრანგულ ენას სწავლობდა. მისი პროტესტი კი უნივერსიტეტში მოხალისე პარამილიტარისტებთან კონფლიქტს მოჰყვა, რომელთაც მისი ჩაცმულობა შარიათთან შეუსაბამოდ მიიჩნიეს.

ერთ-ერთი ირანელი სტუდენტის, ამირ კაბირის თქმით, ამ ჯგუფის წარმომადგენლები აჰუ დერიაის დაუპირისპირდნენ, რადგანაც მისი ჩაცმულობა არღვევდა ირანში მოქმედ რეგულაციებს ჰიჯაბის ტარებასთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ამ დაპირისპირებისას ისინი დერიაის ხელითაც შეეხნენ, თავსაბურავი მოგლიჯეს და ტანსაცმელი შემოახიეს, რასაც მოჰყვა დერიაის მხრიდან სამოსის გახდა, როდესაც ის კამპუსს გარეთ გავიდა.

დერიაი დააპატიმრეს და ირანული გამოცემის ტელეგრამზე გავრცელებული ცნობების თანახმად, უშიშროების სამსახურის განკარგულების შესაბამისად, ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სახელისუფლებო მედია აცხადებს, რომ ქალმა ტანსაცმელი მას შემდეგ გაიხადა, რაც მას უნივერსიტეტის დაცვის ორი თანამშრომელი მშვიდად ესაუბრებოდა. უნივერსიტეტის წარმომადგენლობა უარყოფს, რომ სტუდენტ ქალსა და „დაცვის თანამშრომლებს“ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ამტკიცებს, თითქოს ქალის ქცევა მისი “ფსიქიკური პრობლემების” შედეგია.

თეირანის უნივერსიტეტში მომხდარ მოვლენებს, ქალის ძალადობრივ დაკავებას, შაბათსვე გამოეხმაურა Amnesty International-ის ირანის წარმომადგენლობა და დაპატიმრებული ქალის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ასევე, მისთვის ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შესაძლებლობა, სავარაუდო წამებისა და სექსუალური ძალადობის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება. ირანში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში ამბობს, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს. ირანელი მსახიობი ქალები, აქტივისტები და სტუდენტები დერიაის სოლიდარობას უცხადებენ.

აჰუ დერიაის პროტესტი იმ ერთიანი პროცესის ნაწილია, რომელიც 2022 წელს მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ გაღვივდა და გამწვავდა ირანელ ქალებში. მაჰსა ამინიც, 22 წლის სტუდენტი, ჰიჯაბის „შეუფერებელი“ ტარების გამო დააპატიმრა „მორალის პოლიციამ“ და მათ ტყვეობაში მოკვდა — მოკლეს. მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა დემონსტრაციები — ყველაზე ხანგრძლივი ანტისახელისუფლებო პროტესტი ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ.

ირანელი ქალების უთანასწორო ბრძოლა უკანასკნელ 2 წელ9წადში არ დაწყებულა, თუმცა უპრეცედენტოდ რეპრესიული ირანის პოლიტიკის გამო უფრო მეტად შეურიგებლობის ინდივიდუალურ აქტებად რჩებოდა, ვიდრე მასშტაბურ პროტესტად. მაჰსა ამინის სიკვდილი დასავლეთის, საერთაშორისო საზოგადოების, მედიის  ყურადღების ობიექტი გახდა. მაჰსა ამინის ისტორიის მინელების შემდეგ, აჰუ დერიაის ქცევა მორიგჯერ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. ინფორმაცია აჰუ დერიაის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.

„თავისი სიმამაცით ის უთვალავი ქალის სახელით ლაპარაკობს, ქალების, რომლებიც უარს ამბობენ მდუმარებაზე, როცა რეპრესიული სისტემა მათ ღირსებასა და უფლებებს თელავს. უკიდურესად ვღელავთ მის უსაფრთხოებაზე — მისი ბედი უცნობია, შიშის საფუძველი იზრდება. თქვით მისი სახელი ხმამაღლა. გააზიარეთ მისი ამბავი. აჩვენეთ მსოფლიოს მისი უშიშრობა“, — წერს X-ზე ირანელი ქალების გაერთიანება, „სპარსეთის შვილები“.

“რაღაც უფრო უჩვეულო მოხდა” — რა შეცვალა პროტესტმა ირანში

მასალების გადაბეჭდვის წესი