ახალი ამბები

შაქარაშვილის ჩანთაზე დანიშნული ექსპერტიზა ამ დრომდე არ დასრულებულა

11 აგვისტო, 2020 •
შაქარაშვილის ჩანთაზე დანიშნული ექსპერტიზა ამ დრომდე არ დასრულებულა

გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე დანიშნული ექსპერტიზა ამ დრომდე არ დასრულებულა. ამის შესახებ დღეს პროკრუატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმეზე 100-ზე მეტი საექსპერტო კვლევაა დანიშნული და საექსპერტო კვლევის დაჩქარება თეორიულად შეუძლებელია:

“მოცემულ საქმეზე დანიშნულია 100-ზე მეტი საექსპერტო კვლევა. ამას სჭირდება სპეციალური ცოდნა და ექსპერტები მუშაობენ ამ კვლევებზე. ბუნებრივია, არსებობს საზოგადოების ინტერესი, რაც შეიძლება მალე მიიღოს კითხვებზე პასუხი, თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ გამოძიება პროცესია, რომელსაც სჭირდება გარკვეული დრო. საექსპერტო კვლევა პროცედურაა, რომლის დაჩქარება თეორიულადაც შეუძლებელია.

ჩანთასთან მიმართებით დანიშნულია შესაბამისი საექსპერტო კვლევები. შესაბამისად, კონკრეტულად ვისთან ჰქონდა ამ ჩანთას შემხებლობა, კონკრეტულად რომელმა პირმა მოათავსა ის იქ, სადაც იქნა აღმოჩენილი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იქნება შესაძლებელი მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს საექსპერტო კვლევები და მივიღებთ შესაბამის სურათს ამ ჩანთასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ პროკრუატურაში.

დღეს, 11 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე 5 პირს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ. გამოძიების ვერსიით შაქარაშვილი არაგვის პირას ხუთმა თავდამსხმელმა ალყაში მოაქცია და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მდინარე არაგვში გადაადგეს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა.

რაც შეეხება ჩანთას, შაქარაშვილის ჩანთა სწორედ არაგვის ხიდის ქვეშ, ხიდის ბურჯზე იპოვეს.


19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალდებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.

შაქარაშვილის ოჯახი “ტოიოტა ქამრის” ყველა მგზავრის, მთლიანობაში, 6 ადამიანისთვის ითხოვდა მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას. ეს უკანასკნელები ამ ბრალდებას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი