ნეტგაზეთი | რა იკრძალება და რა არა – კარანტინი მესტიაში რა იკრძალება და რა არა – კარანტინი მესტიაში – Netgazeti
RU | GE  

რა იკრძალება და რა არა – კარანტინი მესტიაში

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. შესაბამისი დოკუმენტი “მაცნეში” გამოქვეყნდა.

დადგენილების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში იკრძალება ყველა სახის მიმოსვლა, რომელიც გულისხმობს:

  • მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლის აკრძალვას. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე;
  • ამ მუნიციპალიტეტიდან გასვლის აკრძალვას;
  • მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანისათვის ავიარეისების განხორციელებას; არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით;
  • იკრძალება მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილების; სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილების; დადგენილებით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველყოფის ან ამავე ქვეპუნქტში მითითებული საქონლის შეძენის/მომსახურების მიღების/საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებისა.
  • ასევე იკრძალება მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და საბაგიროთი გადაადგილება. 

დადგენილების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით;

დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩერდება ეკონომიკური საქმიანობა, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა:

  • სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა;
  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა;
  • სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობისა;
  • ღია ტიპის კვების ობიექტების საქმიანობისა;
  • სამშენებლო სამუშაოებისა;
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
  • ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა;
  • საბანკო დაწესებულებების საქმიანობისა, ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
  • დაბა მესტიის, ლენჯერისა და უშგულის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;

ამასთან, იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).

განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმოსვლას ახორციელებენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკარანტინო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.

დადგენილების მიხედვით, ამ პირთა მიმოსვლას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.

ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 14 დღის განმავლობაში კარანტინს.

დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ ყველა დაშვებული საქმიანობა უნდა განხორციელდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კი ეძლევა უფლება, საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი და სხვა მუნიციპალიტეტებიდან მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მესტიის მუნიციპალიტეტი იკეტება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.