ახალი ამბები

მესტიის მუნიციპალიტეტი იკეტება

10 აგვისტო, 2020 • 1310
მესტიის მუნიციპალიტეტი იკეტება

მთავრობის გადაწყვეტილებით, მეტიის მუნიციპალიტეტი იკეტება. იკრძალება მუნიციპალიტეტში როგორც შესვლა, ასევე, გამოსვლა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მხოლოდ აფთიაქები, ბანკები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები იმუშავებენ. ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება დახურულ სივრცეებში ნიღბის გამოყენება და დისტანციის დაცვა. ხოჯევანიშვილის თქმითვე, მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლას პოლიცია გააკონტროლებს.

“უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. დაბა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, უშგულსა და ლენჯერში, შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო წესდება რეგულაციები. მათ შორის -საკარანტინო შეზღუდვები. იზღუდება გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით,  ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. ასევე წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის”,-განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

სოზარ სუბარის ინფორმაციით, გადაადგილების გაკონტროლება სოფელ ხაიშსა და ჯვარს შორის დაიწყება. ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა გამოვლინდა. 10 აგვისტოს ქვეყანაში Covid-19-ის  25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა, როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რეგულაციების კვლავ გამკაცრება ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის არ იგეგმება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი