ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩემი სახლი აღარ არსებობს, რუსებმა სოფელი მიწასთან გაასწორეს” – ნათელა ქელეხსაევას ისტორია

8 აგვისტო, 2020 • 2499
“ჩემი სახლი აღარ არსებობს, რუსებმა სოფელი მიწასთან გაასწორეს” – ნათელა ქელეხსაევას ისტორია

ზეპირი ისტორია

ნათელა-გალინა ქელეხსაევა, შავშვების დევნილთა დასახლება

ნათელა-გალინა ქელეხსაევა არის 2018 წელს რუსი სამხედროების მიერ გატაცებული და ცხინვალის ციხეში 11 დღით დაპატიმრებული მაია ოთინაშვილის დედა.


2008 წლის 8 აგვისტომდე ცხინვალის რაიონის სოფელ ქემერტში ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი. ომამდე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ საქმე აქამდე მივიდოდა, მე კი ყველაფრის დატოვება მომიწევდა.

ჩვენი სოფელი ქალაქ ცხინვალთან ძალიან ახლოსაა, სულ რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. წინა დღეებში ჯერ ცხინვალში გვესმოდა სროლა. 6 აგვისტოს ღამეს განათებული იყო ცხინვალის ცა. ისინი ამბობდნენ, ქართული მხარე ისროდაო. ქართული სოფლებიდან ცხინვალში ვერ შევდიოდით მაშინაც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოსებს ცხინვალის გზა ჩაკეტილი ჰქონდათ ჩვენთვის.

ქართულ სოფლებში რუსები 7-ში და 8-ში შემოვიდნენ და დაიწყეს მასობრივი დაბომბმვა. 8-ში უკვე იძულებული გავხდით ყველაფერი დაგვეტოვებინა და მეზობლის მანქანით თბილისისკენ გამოვქცეულიყავით. 75 წლის დედაჩემი სახლში მარტო დარჩა იმ იმედით, რომ მალევე უკან დავბრუნდებოდი და მასაც წამოვიყვანდი.

უკვე გზაში ვიყავით, როცა ჩვენს მანქანას სნაიპერებმა ესროლეს. რაღაც ადგილზე გავჩერდით და დავიმალეთ. სროლა როგორც კი შეწყდა, სიარული გავაგრძელეთ. გზად “ნივა” ვნახეთ, იდგა, შიგნით დახოცილი ადამიანებით. 

საგუშაგოებთან ქართველი პოლიციელები იდგნენ, ხელში მხოლოდ ავტომატები ეკავათ, ეს მაშინ, როცა რუსებს ყველანაირი საბრძოლო ტექნიკა ჰქონდათ. არ დამავიწყდება ამ პოლიციელების სახეები, შემეცოდნენ. 

მთელი ჩვენი სოფელი გამოიქცა, მხოლოდ მოხუცები დარჩნენ. ის ოსებიც წამოვიდნენ აქეთ, ვინც თავს ქართველად მიიჩნევდა. საერთოდ, ჩვენთან რთული იყო გაგერჩია, ვინ იყო ოსი და ვინ ქართველი. ამიტომაც ჩვენ შორის ასეთი რამე არ უნდა მომხდარიყო. 

როცა თბილისში ჩამოვედით, მუხიანში, სკოლაში მიგვყვანეს. 8 აგვისტოდან 3 დეკემბრამდე იქ ვცხოვრობდით. მერე უკვე აქ, კოტეჯებში გაგვანაწილეს. 

გალინა-ნათელა ქელეხსაევა; ფოტო: ნეტგაზეთი

თბილისში ჩამოსვლიდან პირველი ორი კვირა ყოველდღე ვცდილობდი უკან გადასვლას და დედაჩემი წამოყვანას. “წითელ ჯვარშიც” განვაცხადე, რომ იქ მოხუცი დედა დარჩა და ვეღარ გავდივართ კონტაქტზე. ცალკე ჩემი და-ძმა ეძებდა, ისინი ვლადიკავკაზსში ცხოვრობდნენ. 

უკვე 10 სექტემბერს ჩემმა ძმამ მოახერხა ვლადიკავკაზიდან იქ ჩასვლა და აქედან, როგორც იქნა, მეც შევძელი წასვლა. ჩემი ძმა საგუშაგოსთან უნდა დამხვედროდა. ისე მოხდა, რომ აზერბაიჯანელებს თბილისიდან ცხინვალში გასაყიდად მწვანილი მიჰქონდათ სამარშრუტო ტაქსით. მეც მათთან ერთად წავედი. თან მეშინოდა, არავის ვეცნე. 

ჩემი ძმა დამხვდა, ავედით სოფელში. ვერ წარმოიდგენთ, რა დაგვხვდა. რუსებს მიწასთან გაესწორებინათ იქაურობა. ყველაფერი გაძარცვული იყო. ყველგან საქონლის ლეში ეყარა. სადღაც რუსების შტაბიც იყო. ცალკე მოროდიორები დადიოდნენ. 

სახლში სამი ძაღლი მყავდა. ორი ცოცხალი იყო ჯერ კიდევ. როცა ძაღლებმა დამინახეს, წარმოუდგენელი რეაქცია ჰქონდათ სიხარულის… სახლიდან სამახსოვროდ ერთი ფინჯანი და ჩანგალი წამოვიღე. 

დედა სახლში არ დაგვხვდა. ცხინვალში უკვე ქართველი ტყვეები ჩამოჰყავდათ და ამიტომაც იმ დღესვე ცხინვალში ადგილობრივ “წითელ ჯვარში” განვაცხადეთ დედის დაკარგვის შესახებ.

როცა ცხინვალიდან თბილისისკენ ვბრუნდებოდი, საგუშაგოზე უკვე აღარ მიშვებდნენ ოსები. მოვიტყუე, რომ დედაჩემი გორში წაიყვანეს ტყვედ და წამოყვანა მინდა-მეთქი. მერე სამხედროების მანქანას გამოვყევი. გზაში ვუყურებდი გადამწვარ სოფლებს – ერგნეთს, ტირძნისს. სამხედროების მანქანა მალე გაფუჭდა და სამი კილომეტრი ფეხით ვიარე.

უკვე თბილისში ყოფნის დროს “წითელმა ჯვარმა” დამირეკა, რომ დედა იპოვეს. თურმე მეხსიერება ჰქონია დაკარგული და ვერ გაიხსენა, ვინ იყო. შიშველი უპოვიათ ბაღში, საიდანაც აიყვანეს და მერე, სარდაფში ვიღაც უვლიდა მას. მოგვიანებით, ჩემმა დამ და ძმამ წაიყვანეს ვლადიკავკაზში. რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მე ვეღარ მოვასწარი მისი ნახვა. საფლავიც კი არ მინახავს.

მე ზიზღი არ მაქვს დღეს ვინმეს მიმართ. მჯერა, რომ ხალხი ერთმანეთთან რომ მიუშვან, შერიგდებიან. ლაპარაკია საჭირო, ამის გარეშე წარმოუდგენელია ურთიერთობები. როცა ჩემი შვილი ცხინვალში დაპატიმრებული იყო და დაბრუნდა, ამბობდა, რომ ასაკოვანი ხალხი მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო. აი, ახალგაზრდებს კი უკვე ერთმანეთის ზიზღი აქვთ. 

ომში მოგებული არავინაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი