„ძმების მარანის“ დამფუძნებელი გურამ ავქოფაშვილი და მისი ძმა გიორგი ოჯახის მეოთხე თაობაა, რომლებიც ბოლნისში მევენახეობა-მეღვინეობას ეწევიან და ქართული ტრადიციული მეთოდით ნატურალურ ღვინოს აწარმოებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში გაშენებული მათი ახალი „ჩინურის“ ვენახი უკვე ხუთი წლისაა.
„ძმების მარანმა“ ქართული ტრადიციული მეთოდით ნატურალური ღვინის წარმოება და ბოთლში ჩამოსხმა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, სხვა მეღვინეების მსგავსად, მათაც ჰქონდათ ღვინის გაფილტვრის, ჩამოსხმის, ეტიკეტირებისა და მოძველებული ღვინის შესანახი ჭურჭლის პრობლემა. წელს გურამ და გიორგი ავქოფაშვილების მცირე საოჯახო მარანი, ისევე როგორც სხვა მეღვინეები, ამ პრობლემებს მარტივად გადაჭრიან. მევენახე ამბობს, რომ ამის საშუალება მას შემდეგ მიეცათ, რაც ბოლნისში აგროცენტრი გაიხსნა. „ძმების მარანი“ ღვინოს თავდაპირველად საქართველოს ბაზრისთვის ამზადებს, მომავალში კი მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
“ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რაც კი განხორციელებულა. მოსახლეობას მიეცა საშუალება, რომ შრომა გაუადვილდეთ და წარმოება გააფართოონ. ბოლნისის 900-მდე საოჯახო მეღვინეობა აგროცენტრის მომსახურებით ისარგებლებს, რადგან მომსახურებაზე ძალიან დაბალი ფასებია. რაც მთავარია, ბოლნისში ინერგება ღვინის წარმოების ევროპული სტანდარტები. ამიტომაც არ გვეშინია ბოლნისელებს, რომ იმ 150,000 ბოთლს გავყიდით, რომელსაც შარშანდელი მოსავალით წელს ჩამოვასხამთ აგროცენტრში“ ,– ამბობს გურამ ავქოფაშვილი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგროცენტრი 2020 წლის იანვარში გაიხსნა. ცენტრი ევროკავშირის დაფინანსებით “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ინიცაიტივის ფარგლებში ჩამოყალიბდა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს როგორც საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებებით ფინანსებსა და ბუღალტერიაში, ისე მარკეტინგული და იურიდიული მომსახურებით. ასევე, ცენტრი აღჭურვილია ევროპული სტანდარტის დანადგარებით, სადაც ბევრ სხვა მომსახურებასთან ერთად ფერმერს შეუძლია წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეფუთვა და ეტიკეტირება, ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში, ადგილზე ქვევრიდან ღვინის გადაღება, გაფილტვრა, შესაბამის ბოთლში ჩამოსხმა და ეტიკეტირება. აგროცენტრი ადგილობრივ ფერმერებს ასევე აწვდის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციას და ცოდნას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის საქმიანობებს საფუძვლად დაედო მუნიციპალიტეტის საწარმოო შესაძლობლობების კვლევა, სადაც პირველად საქართველოში მუნიციპალიტეტის დონეზე გამოყენებული იყო კლასტერული მიდგომა. ამ მიდგომამ გამოავლინა მუნიციპალიტეტში არსებული მეღვინეობის პრეკლასტერი. ასევე, კვლევამ გამოკვეთა აგროწარმოების, ტურიზმის, სამშენებლო მასალებისა და ინტეგრირებული კლასტერის ჩამოყალიბების მნიშვნელობა და გამოკვეთა ამ კლასტერების ეკონომიკური სარგებელი.
კიდევ ერთი მეწარმე, რომელმაც აგროცენტრით უკვე ისარგებლა, მერი მახარაძეა. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველიდანაა და ყველის წარმოებას ეწევა. სოფელი აჭარელი ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ამჟამად საწარმოში ცხრა ადგილობრივი ქალბატონია დასაქმებული. საწარმო „დისველი“ ადგილობრივი რძისგან აწარმოებს ქართული ყველის სხვადასხვა სახეობას და დღეში 2 ტონამდე რძის გადამუშავებას ახდენს. საწარმო აღჭურვილია სურსათის უვნებლობის სტანდარტებით, ადგილზე ხდება პროდუქციის ეტიკეტირება და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
„ამ ეტაპზე დოკუმენტების მოწესრიგება გვჭირდებოდა, იურიდიული დახმარება მივიღეთ ცენტრისგან და დოკუმენტები მოვაწესრიგეთ. როდესაც საწარმო გაფართოვდება, დაგვჭირდება შემდგომში შეფუთვის მომსახურებაც და აუცილებლად ვისარგებლებთ”, -ამბობს მერი მახარაძე.
ევროკავშირმა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ინიციატივის ფარგლებში საგრანტო კონკურსი 2017 წელს გამოაცხადა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი „ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება” სამ საუკეთესოში მოხვდა და დაფინანსებაც მიიღო, ჯამში, 320 000 ევრო.
„მაშინვე დავიწყეთ შეხვედრები, თუ რა საჭიროებები იყო მუნიციპალიტეტში. გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო ადგილობრივი სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლების ხელშეწყობა. თავიდან არ იყო გათვალისწინებული შენობის აშენება. პროექტი ითვალისწინებდა საჭირო ინვენტარს და ადგილის გამოყოფას აგროცენტრისთვის, მუნიციპალიტეტმა დაინახა ევროკვშირის მხარდაჭერა და მერე მიიღეს გადაწყვეტილება აეშენებინათ შენობა. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ევროკავშირის პატარა ინიციატივით დიდი საქმის კეთება”, -ამბობს ნატალია კაკაბაძე, M4EG პროექტის მენეჯერი.
ევროკავშირის მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი მიმართულება, ტურიზმის განვითარებაც დაფინანსდა. სწორედ ახლა მთავრდება სამუშაოები ბოლნისის ცენტრში, ისტორიულ ნაწილში, სადაც მომავალში კაფეები, სასტუმროები და რესტორნები მოეწყობა.
მერი აბრამიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი გვიყვება: „ქალაქის ცენტრში, “კატერინენფელდის” დასახლებაში, სტეფანიას ქუჩის რეაბილიტაცია თითქმის უკვე მთავრდება. ეს უბანი გერმანელი ემიგრანტების აშნებულია. გაკეთდა ინფრასტრუქტურა, ფასადები, ტროტუარები, განათებები, ქვაფენილი და ტურისტული მარკირების ნიშნები. წელს ასევე დაგეგმილი გვქონდა ტურისტული სექტორის გადამზადება, თუმცა მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო გადაიდო და ახლა ვგეგმავთ, რომ ეს შეხვედრები დისტანციურად ჩავატაროთ. ამ პროექტმა გააჩინა მოტივაცია ადგილობრივ მოსახლეობაში. ასევე, შემუშავდა “კატერინენფელდის” მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას მუნიციპალიტეტში.”
აგროცენტრი ბოლნისის შესასვლელში, ცენტრალურ ქუჩაზეა განთავსებული, შენობაში ასევე გათვალისწინებულია სივრცე, სადაც ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვედრები გამართონ. ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის უმრავლესობა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეთნიკურად აზერბაიჯანელია (63,38%), ხოლო 5,02- სომეხი. სწორედ ამიტომ, ცენტრი მომსახურებას სთავაზობს როგორც აზერბაიჯანულ, ისე სომხურ ენებზეც. ამჟამად ცენტრში დასაქმებულია თერთმეტი ადამიანი, მათგან ორი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.
მსგავსი ისტორიების გასაცნობად და კამპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გვერდს: კარგი მოსავალი