ახალი ამბებირეკლამა

გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ევროკავშირის მხარდაჭერით ბიზნესკლასტერები დაარსდა

2 ივნისი, 2023 •
გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ევროკავშირის მხარდაჭერით ბიზნესკლასტერები დაარსდა

ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, სექტორთაშორის თანამშრომლობა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა  პროექტ SECTORs -ის მთავარი მიზანია. პროექტი განხორციელების მესამე წელს ითვლის და მიწურულს უახლოვდება, თუმცა, მოსაყოლი ბევრიც დაგროვდა და ბევრი ადამიანის ცხოვრებაც შეცვალა უკეთესობისაკენ.

პროექტი SECTORs ევროკავშირის დაფინანსებულია და მისი სრული სახელია „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი), დემოკრატიის ინსტიტუტი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და ასოციაცია „ათინათი“ პროექტს საქართველოს სამ რეგიონში – გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 10 ქვე-გრანტი გაიცა და 17-მდე სტარტაპი დაფინანსდა. შეიქმნა და პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამები, განხორციელდა არაფორმალური პროფესიული კურსები და შეგირდობის პროგრამები, საერთო ჯამში 400-ზე მეტმა ადამიანმა პირდაპირ ისარგებლა პროექტის სხვადასხვა სიკეთით.

ყველაზე მთავარი მიღწევა სხვცადასხვა სექტორის წარმომადგენელთა თანამშრომლობის ინოვაციური მოდელის, კლასტერული მუშაობის დანერგვაა.

2023 წლის გაზაფხულზე გურიაში გურული ვაზისა და ღვინის, აჭარის მევენახეობისა და მეღვინეობის, ხოლო სამეგრელოში ზუგდიდის ტურიზმის კლასტერები დაარსდა:

დავით კობიძე, გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი: „ჩვენი მისიაა კლასტერული გაერთიანების ძალისხმევით ვიზრუნოთ გურული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ხელი შევუწყოთ რეგიონის ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მეღვინეობა-მევენახეობის პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.“

ვალერიან აფხაზავა აჭარის მევენახეობისა და მეღვინეობის კლასტერის წარმომადგენელი: „კლასტერული მუშაობა აჭარულ ღვინოს პოპულარულ და უნიკალურ პროდუქტად გახდის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. შედეგად კი მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას და ეკონომიკურ წინსვლას შეეწყობა ხელი.“

ლაშა ლოგუა, სამეგრელოს ტურიზმის კლასტერის წარმომადგენელი: „ჩვენი მისიაა კლასტერის ფარგლებში სექტორთაშორისო თანამშრომლობის განვითარება და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გადაქცევა სამეგრელოს ტურიზმის ჰაბად, მიმზიდველ ადგილად, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის, რაც გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
2023 წლის 9-12 მაისს კლასტერების წარმომადგენლებისთვის SECTORs პროექტმა სასწავლო ტური მოაწყო პოლონეთში. ტურში 12 ადამიანი მონაწილეობდა და მას პოლონურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „პრო-კარპატიამ“ უმასპინძლა. მონაწილეებმა მოინახულეს პოლონეთში უკვე დიდი გამოცდილების მქონე სხვადასხვა კლასტერები და მათი წევრები. საგულისხმოა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა და შესაბამისად დიდია სახელმწიფოს მხარდაჭერაც კლასტერის წევრი ბიზნესების განვითარებისათვის.“

ცირა აბსანძე ზუგდიდის ტურიზმის კლასტერის წევრია, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო პოლონეთის ტურიზმის კლასტერის ერთ-ერთი წევრის სახელოვნებო სკოლის მონახულება: „ჩემთვის როგორც, შემოქმედებითი ტურიზმის წარმომადგენლისთვის საინტერესო იყო კრეატიულად შემუშავებული კონცეფცია მეთუნეობის პოპულარიზაციისთვის და თიხისაგან სუვენირების წარმოების პროცესი, რომელიც პრიმიტიულად მზადდება, მაგრამ მიმზიდველადაა მიწოდებული მომხმარებლისთვის. ამ ვიზიტის შედეგად მიღებული ცოდნის ჩვენი კლასტერის წევრებთან გაზიარებით ჩვენი კლასტერი საინტერესო და ხარისხიან სერვისს შეთავაზებს მომხმარებლებს.“

„ამიმაღლდა მოტივაცია და თავდაჯერებულობა. დავრწმუნდი, რომ შრომით და ურთიერთთანადგომით ყველაფერი მიიღწევა. პოლონელი მეგობრების მიერ გაზიარებული გამოცდილების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ , ჩვენც შევძლებთ უკეთესი შედეგების მიღწევას“გვიზიარებს შთაბეჭდილებებს სამეგრელოს ტურიზმის კლასტერის წევრი, SECTORs პროექტის სტარტაპერი ლაზარე ქორთუა.

„ვიზიტის დროს ცხადად დავინახე, რომ ბევრად მეტია საჭირო ვიდრე წარმომედგინა. ძალა რომ ერთობაშია – ეს არ იყო სიახლე, თუმცა ძალის ერთობა კი არ აორმაგებს არამედ ბევრად მეტად ამრავლებს შედეგს. წინ დიდი შრომის და ჯაფის გზა გველოდება თუმცა თუ ყველა დიდი გზა პირველი ნაბიჯით იწყება ამ ვიზიტით, ვთვლი, რომ პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით.“ლაშა შაფაქიძე, გურული ვაზისა და ღვინის კლასტერის წევრი.

თითოეული ზემოთხსენებული კლასტერი აერთიანებს SECTORs პროექტით მხარდაჭერილ საწარმოებს, სტარტაპებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამოქალაქო სექტორსა და მარკეტინგულ კომპანიებს. კლასტერები წევრობაზე დაფუძნებულია და მისი კარი ღიაა დაინტერესებული სუბიექტებისთვის.


პროექტი SECTORs – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ – დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი (ყოფილი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი), დემოკრატიის ინსტიტუტთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაცისასთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში – გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში ახორციელებს.

სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია განმახორციელებელი ორგანიზაციები და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი