ახალი ამბები

ზეგ-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

7 აგვისტო, 2020 • 881
ზეგ-ის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

კომპანია ზეგ-ის თანამშრომლების სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ნეტგაზეთს კომპანიის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც პირველ აგვისტოს არის გაცემული.

ადვოკატების ინფორმაციით, ჩხრეკის ორდერი სულ 5 თანამშრომელზეა გაცემული, მათ შორის- კომპანიის დირექტორის, თამარ კობერიძის სახლზეც. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ზეგ-ის კიდევ ერთმა ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებას ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდეს, შესაბამისად, კიდევ რისთვის ტარდება ეს ჩხრეკა, მისთვის უცნობია.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს,  დასაქმებული იყო საქართველოში დარეგისტრირებულ შპს „ზეგში”, რომელიც 2015 წელსაა შექმნილი. მისი დირექტორი თამარ კობერიძეა. საჯარო რეესტრის მონაცემებითვე, კომპანიის მფლობელი არის აშშ-ის მოქალაქე აბრაჰამ რეიხბახი.

მასალების გადაბეჭდვის წესი