ახალი ამბები

გომელაურის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელმა მედიასთან ტყუილი თქვა

5 მაისი, 2023 • 1098
გომელაურის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელმა მედიასთან ტყუილი თქვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებული ყველა ნივთი, მათ შორის მობილური ტელეფონიც, შემთხვევის ადგილზევე დაილუქა.

მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამის დამადასტურებელი უწყვეტი კადრები აქვს გადაღებული, რომელსაც პროკურატურას გადასცემს. საქმის გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მიერ „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გომელაური სიცრუეს უწოდებს:

„მე, რა თქმა უნდა, მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, ყველა ტელეფონი იქვე დაილუქა, გადაღებულია ეს ყველაფერი. უწყვეტი კადრებით იღებდა ჩვენი საექსპერტო სამსახური. გვაქვს ეს კადრები და პროკურატურას გადავცემთ, შეიძლება გადაცემულიც გვაქვს, არ მახსოვს. გარდაცვლილის ტელეფონი და ყველა ნივთი რაც თან ჰქონდა, დაილუქა ადგილზე კამერების წინ. საიდან მოიტანა მან, რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დალუქვა სთხოვეს, ჩემი აზრით, ტყუილია. დაველოდოთ პროკურატურას“, — ამბობს ვახტანგ გომელაური.

სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე რიგი გარემოებები საეჭვოდ მიაჩნია და მიანიშნებდა, რომ შესაძლოა, საქმე გაყალბებული იყოს.

ერთ-ერთ ასეთ გარემოებად გამომძიებელი თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონის საკითხს ასახელებდა, რომელიც მისი თქმით, დაულუქავ მდგომარეობაში მიუტანეს:

„თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება მე დავიწყე. ასევე მე დამევალა, რომ დადგენილება გამეკეთებინა გვამის ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამ პერიოდში ჩემთან მოვიდა თანამშრომელი, ეს პირი ახლა მუშაობს თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში, საგამოძიებო ხაზით, ეს არის ელგუჯა აპუაშვილი, რომელმაც მოიტანა ტელეფონი და ასევე ლუქი. [ელგუჯა აპუაშვილმა] მთხოვა, რომ დამელუქა [თამარ ბაჩალიაშვილის] ტელეფონი.

ელგუჯას ვკითხე, რომ ეს ტელეფონი რა იყო და გამიკვირდა. ამაზე ვუთხარი, რომ ეს სწორი არ იყო, თუ ტელეფონი ამოღებული იყო შემთხვევის ადგილიდან, უნდა დალუქულიყო ადგილზე. მეწყინა, უბრალოდ, გამოდის, რომ რაღაცას ცუდს ვაკეთებდით. ამაზე პრეტენზია რომ გამოვთქვი, მითხრა, რომ შემეძლო ხელმძღვანელობისთვის დამერეკა. დავლუქე და გავატანე უკან. ტელეფონს სანამ დავლუქავდი, იმ მომენტისთვის ის გამორთული იყო. ჩემი აზრით, სანამ ელგუჯა მოვიდოდა ჩემთან და მომიტანდა ამ ტელეფონს, სავარაუდოდ, მანამდე მოხდა ამ ტელეფონის ან გახსნა ან დათვალიერება“, – ამბობდა სერგო თეთრაძე.

შუბითიძე ეჭვობდა, რომ მასთან მიტანამდე თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი გაასუფთავეს.

ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, თბილისის პროკურატურაში  თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი