ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს

26 ივნისი, 2023 • 1614
ადვოკატის თქმით, ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე წაყენებულ ბრალდებას აღიარებს. ამის შესახებ შუბითიძის ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს დღეს, 26 ივნისს განუცხადა:

“აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონი და პირადად ბაჩალეიშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. ახლა, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ჩვენ გავიარეთ ის ტომი ზუსტად, მიხვდა, რომ…

ნაჩქარევი აღმოჩნდა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია ეხებოდა საკმაოდ ისეთ ადამიანებს, რომლითაც შესაძლებელია მათი რეპუტაცია შელახულიყო”, — განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ამბობს თუ არა შუბითიძე, რომ მხოლოდ ტელეფონთან დაკავშირებით დაუშვა შეცდომა, თუ აცხადებს, რომ სხვა გარემოებებიც შეეშალა, ადვოკატმა განაცხადა, რომ შუბითიძე სხვა გარემოებებზე არც საუბრობდა.

ადვოკატის თქმით, შუბითიძეზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.

შუბითიძის დაკავების შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 25 ივნისს. პროკურატურის თქმით, თამარ ბაჩალეიშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი მოწმის ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სერგო შუბითიძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ყოფილმა გამომძიებელმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქმეში საეჭვო გარემოებებსა და მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე ისაუბრა. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, აღნიშნულის შემდეგ, პარასკევს შუბითიძესთან ინტერვიუ კვლავ ჩაწერეს, რა დროსაც ის აცხადებდა, რომ უთვალთვალებდნენ და ინტერვიუში მოთხრობილი ფაქტების უარყოფას სთხოვდნენ.


სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ სჯერა ბაჩალეიშვილის თვიმკვლელობის. მან ისაუბრა საქმის გარემოებებზე, რომელიც საეჭვოდ მიაჩნია და მიანიშნებს, რომ საქმე შესაძლოა გაყალბებული იყოს.

„არ მჯერა, რომ თავი მოიკლა“ – ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი საეჭვო გარემოებებზე საუბრობს

აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ, სერგო შუბითიძის მიერ „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა, თქვა რა, რომ ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი