ახალი ამბები

კრიზისით თუ არჩევნებით მოტივირებული? – მთავრობის სოციალური დახმარების პოლიტიკა

7 აგვისტო, 2020 • 1775
კრიზისით თუ არჩევნებით მოტივირებული? – მთავრობის სოციალური დახმარების პოლიტიკა

“დამანახეთ ერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ არასწორი ნაბიჯია, თვალებში მინდა ჩავხედო…”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმ პირთა მისამართით, ვისაც მთავრობის მიერ სოციალური დახმარების პროგრამების წინასაარჩევნოდ დაანონსების განზრახულობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის საჭირო სოციალური პროგრამები ისე, რომ ამავდროულად ამომრჩევლის მოსყიდვის საფრთხე არ შექმნას?

კრიზისის დაძლევის ახალი გეგმა

6 აგვისტოს, პარლამენტის არჩევნებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის მორიგი ეტაპი გამოაცხადა.

ანტიკრიზისული გეგმა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი სექტემბერში ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს;
  • 300-ლარიანი კომპენსაცია დაერიცხებათ იმ თვითდასაქმებულებსაც, რომელთაც არასრული დოკუმენტაცია აქვთ წარმოდგენილი და პანდემიამდე არსებულ შემოსავალს ვერ ადასტურებენ;
  • აბონენტებს, რომლებიც 200 კვ-ზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, ნოემბერ-თებერვლის პერიოდში კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო დაუფარავს.
  • სტუდენტებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფო სწავლის საფასურის ნაწილს დაუფარავს.

ზემოაღნიშნულ ინიციატივებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 485 მილიონი ლარი დაიხარჯება, მათ შორის ნაწილი – კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი StopCov ფონდიდან, სადაც ამ დროისთვის 135 მილიონ ლარამდეა  მობილიზებული. მთავრობის განმარტებით, სახელმწიფო დახმარების სუბიექტები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მიხედვით შეირჩნენ. ამასთან, გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ინიცირებული სოციალური პროგრამების შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ და მწირი რესურსების გათვალისწინებით იქნა მიღებული. მთავრობა გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შესვლას აანონსებს და არ გამორიცხავს, სოციალური დახმარებების მორიგი პაკეტის გამოცხადება 2021 წლის დასაწყისშიც მოუწიოს.

პარალელურად, თავდაცვის სამინისტრომ სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა. პროგრამა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის – ნახევრის დაფარვას გულისხმობს. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

გრძელვადიანი პერსპექტივა თუ ერთჯერადი შეღავათი?

ხელისუფლების ანტიკრიზისული პოლიტიკის კრიტიკოსები ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეებს ერთჯერად შეღავათებს სთავაზობს.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება”, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მოსახლეობას დაშინებისა და მოსყიდვის კომბინაციას სთავაზობს. მის პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევას საზღვრების გახსნა, საპენსიო შენატანების დაბრუნება და გადასახადების შემცირება სჭირდება.

“ევროპული საქართველოს” წევრისა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას მოსაზრებით, მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას თავიდანვე ემჩნეოდა, რომ წინასაარჩევნო დივიდენდებზე იყო გათვლილი. ხოშტარია ემხრობა გაჭირვებულთა დახმარების იდეას, მაგრამ მაინც ხედავს რამდენიმე პრობლემას:

“1. რამდენად სამართლიანად და ოპტიმალურად ანაწილებ შეზღუდულ ფინანსურ რესურსს და 2. ეკონომიკა თუ არ გაჯანსაღდა, არანაირი ბიუჯეტი და, მით უმეტეს, ვალად აღებული ფული, რომელიც მერე ისევ ხალხს დააწვება წნეხად, არ ეყოფა ჩვენი ოჯახების წელში გამართვას”, –  განაცხადა ელენე ხოშტარიამ “პალიტრანიუსის” ეთერში.

პოლიტიკოსის შეფასებით, ამოცანა უნდა იყოს არა დღეს და ხვალ ვინმეს მოთაფლვა, არამედ ეკონომიკის გაჯანსაღება. მისივე აზრით, ხელისუფლების პოლიტიკა მხოლოდ და მხოლოდ კრიზისის გაღრმავებას შეუწყობს ხელს და ვითარებას რეალურად ვერ გააუმჯობესებს.

ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმების საარჩევნო მიზნებში დარწმუნებულია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძეც.

“მთავრობამ 530 მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით, პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის. დღეისათვის გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი ლარი. როგორც ველოდით, დანარჩენი წინასაარჩევნოდ შემოინახეს”, – ამბობს რომან გოცირიძე, “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.

მისი თქმით, მთავრობამ ისეთი მკაცრი კრიტერიუმები დააწესა, რომ თვითდასაქმებულთა უდიდესმა ნაწილმა მათთვის განკუთვნილი დახმარება ვერ მიიღო და ახლა გადაწყვიტეს, ყოველგვარი ცნობის გარეშე დაარიგონ ფული.

პრემიერ-მინისტრიც ადასტურებს, რომ პროგრამის დაწყებიდან, მიმდინარე წლის მაისიდან, თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილი ერთჯერადი დახმარების მისაღებად განაცხადი 250 000-მა ადამიანმა გააკეთა, თუმცა მთავრობის მიერ მოთხოვილი დოკუმენტაცია მხოლოდ 170 000-ს ჰქონდა. მთავრობამ გადაწყვიტა, დაუშვას გამონაკლისი და 300 ლარით ის 80 ათასი მოქალაქეც დააფინანსოს, რომელმაც დოკუმენტების სრულად მოგროვება ვერ შეძლო.

“ამას ვითხოვდით მაშინ, როცა ადამიანები კარანტინის პირობებში უმძიმეს ვითარებაში იყვნენ ჩავარდნილები. მხოლოდ ახლა გაახსენდათ. ამით ორ მიზანს აღწევენ: წინასაარჩევნოდ გულის მოგებას და საკუთარი აქტივის უპრობლემოდ ჩასმას ფულადი დახმარების მიმღებთა სიაში. ფაქტობრივად, ბიუჯეტიდან აფინანსებენ საარჩევნო კამპანიას”, – ამბობს რომან გოცირიძე და დასძენს, რომ ხელისუფლება 300 ლარით ვერავის მოისყიდის და პლუს, ეს ფული ისევ ხალხის დასაბრუნებელი იქნება, რადგან ხელისუფლებამ ის აიღო უცხოეთიდან საგარეო ვალის სახით.

ოპოზიციის კრიტიკას მთავრობის მეთაური 6 აგვისტოს წინმსწრებად გამოეხმაურა და თქვა, რომ გამოცხადებული სოციალური დახმარებების პროგრამები ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებას ემსახურება და არჩევნებთან დაკავშირებული არ არის.

გახარია პოლიტიკურ ოპონენტებს ახსენებს, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მთავრობას სწორედ ოპოზიცია აკრიტიკებდა მოქალაქეების არასაკმარისად დახმარებისთვის.

გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობა ოპოზიციისგან საარჩევნო მოსყიდვაში დადანაშაულებას ელოდა და სწორედ ამიტომ, დახმარების გაცემა ნაადრევად, აგვისტოს დასაწყისში გადაწყვიტეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გარემოება რომ არ ყოფილიყო, ყველაზე ლოგიკური იქნებოდა დახმარებების აგვისტოს ბოლოს გაცემა.

“ამიტომ ცოტა ვიჩქარეთ. არანაირი კავშირი არ არის – ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და, პირველ რიგში, ბავშვების დახმარება”, – განაცხადა გახარიამ.

რას ამბობს კანონი?

აგვისტოს ბოლოს ახალი სოციალური დახმარების პროგრამების გამოცხადებით ხელისუფლება კანონდარღვევის მიჯნაზე გაივლიდა.

საარჩევნო კოდექსი არჩევნებამდე ორი თვით ადრე კრძალავს საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას, მათ შორის, აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტში, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. არჩევნებამდე 60 დღით ადრე ასევე აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, თუ ეს წინასწარ არ იყო გათვალისწინებული კანონმდებლობით.

ეს შეზღუდვა “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ჯერ კიდევ შარშან გაითვალისწინა და 2020 წლის ბიუჯეტში ჩადო სოციალური გასაცემლების ზრდა, თუმცა, არა წლის დასაწყისიდან, არამედ ივლისიდან (სოფლის ექიმების შემთხვევაში), ან ახალი სასწავლო წლიდან (სექტემბრიდან მასწავლებლების შემთხვევაში). ასევე, ივლისიდან მოიმატა ხელფასებმა სამართალდამცველებისა და ჯარისკაცებისთვის. რაც შეეხება პენსიებს, 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ყველა პენსიონერისთვის, ასევე, 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 20 ლარით პენსიის ზრდა წლის დასაწყისიდან, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით 30 ლარი – ივლისიდან.

2020 წლის ბიუჯეტით, პენსია – 20 ლარით, გარკვეული კატეგორიისთვის კი 50 ლარით იზრდება

კანონის შეზღუდვიდან არსებობს გამონაკლისი – სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების სახით. პანდემია შესაძლოა იყოს ან არ იყოს ფორსმაჟორის საფუძველი. თუმცა, არჩევნებამდე სამი თვით ახალი პროგრამების ინიცირებით, ფორმალურად, არავითარ სამართალდარღვევას არ წარმოადგენს.

NGO-ების პოზიცია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის შეფასებით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი საკმარისად ობიექტური გარემოებაა სოციალური დახმარების პროგრამების ინიცირებისთვის.

“პანდემია რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ მსგავსი ინიციატივების წარდგენა არ არის კარგი ტონი და, როგორც მინიმუმ, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნოდ გამოყენებად შეიძლება ჩავთვალოთ. მაგრამ ვინაიდან ეს ობიექტური რეალობა გვაქვს ქვეყანაში, სახელმწიფოს ფუნქციაა, დაეხმაროს იმას, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება ხელშეწყობა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ დრამატულად არ ვუყურებთ ამ პროექტებს და, ვფიქრობთ, ისინი  გამართლებულია. დიზაინის განხილვა შეიძლება – რამდენად სწორი სახით არის წარმოდგენილი. მაგალითად, მიზანშეწონილია თუ არა, 17 წლის ჩათვლით ყველამ მიიღოს დახმარება, თუ უნდა მიიღოს იმან, ვისაც სჭირდება. კარგია, რომ აქაც ჩადებულია უარის თქმის მექანიზმი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნატროშვილმა.

ნატროშვილი ყურადღებას ამახვლებს იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლება გადასახადების სახით გადახდილ ჩვენივე ფულს გვიბრუნებს.

“ჩვენი რეკომენდაცია ამომრჩვლის და ყველას მიმართ არის, რომ ამას შევხედოთ როგორც დახმარებას, რომელსაც ჩვენვე ვუწევთ საკუთარ თავს და ნაკლებად პრობლემური გამოჩნდება ეს საკითხი საარჩევნო მოტივების დანახვის კუთხით”, – ამბობს იგი.

ანტიკრიზისული ღონისძიებების საარჩევნო მიზნებიდან გამიჯვნის პრობლემა კრიტიკულად დგას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიის წევრ ვახუშტი მენაბდის აზრით.

“ერთი მხრივ, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, ეკონომიკური დარტყმების შესარბილებლად საზოგადოებას სოციალური დაცვის მექანიზმები შესთავაზოს. მეორე მხრივ, ხელისუფლებამ ძალიან მარტივად შეიძლება, ეს ანტიკრიზისული მექანიზმები გამოიყენოს როგორც ადმინისტრაციული რესურსი. ამრიგად, აქ სიფრთხილე გვმართებს”, – მიიჩნევს მენაბდე.

ის კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს კრიზისის არსებობას და იმას, რომ კრიზისის დროს საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება მხარდაჭერა, თუმცა ამ პროცესში ხელისუფლების მხრიდან ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს:

  1. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს და ერთმანეთისგან გამიჯნოს პარტიული და სამოხელეო ხაზი. მკაფიო უნდა იყოს, რომ საზოგადოების მოწყვლად ფენებს ეხმარება სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც გადასახადის გადამხდელებისგან ივსება, და არა – რომელიმე პოლიტიკური ლიდერი. მეტიც, მკაფიო უნდა იყოს, რომ ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და არა – კეთილი ნება.
  2. დახმარებას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი პერსპექტივა, რათა არ აღვიქვათ როგორც პოლიტიკური მანიპულაცია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ნაბიჯები ნაწილია გრძელვადიანი გეგმის, რომელიც მიბმული არ არის წინასაარჩევნო პერიოდზე და ბევრად მდგრადი მიზნები აქვს, ვიდრე საზოგადოების გულის მოგება. მაგალითად, 300- ლარიანი ერთჯერადი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის – მხოლოდ ეს არის? თუ ეს არის პირველადი დარტყმის შემარბილებელი მექანიზმი და შემდეგ მოჰყვება თვითდასაქმებულების ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვლევა, მათი გაძლიერება და მდგრადი და გრძლევადიანი დახმარებები?”

მეორე ფაქტორის შეფასება – გრძელვადიანია თუ არა მთავრობის პოლიტიკა – ვახუშტი მენაბდის თქმით, კრიზისის მკვლევრების პრეროგატივაა.

პირველთან დაკავშირებით კი კონტურები მთავრობის წევრების დღევანდელ რიტორიკაში გამოიკვეთა.

გიორგი გახარიას თქმით, რომ არ გვქონოდა StopCov ფონდი, სახელმწიფო ბავშვებს ვერ დაეხმარებოდა. მან ხაზი გაუსვა მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლს, რომელმაც სამთავრობო ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა

“ამ პროგრამების განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მოწოდებების ზეწოლის ქვეშ, პირველივე დღეებში არაგონივრული დაპირებები და არაგონივრული კომპენსაციები არ გავეცით, და მეორე, – საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, შევძელით StopCov ფონდში ფინანსების მობილიზება. ამან მოგვცა შესაძლებლობა, წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობას პანდემიის პერიოდში ხაზი გაუსვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაც. მაია ცქიტიშვილის თქმით, ივანიშვილის ოჯახის შემოწირულობა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარება კერძო პირის მხრიდან, რომელიც სხვა ქვეყნებშიც განხორციელდა.

წარსული გამოცდილება

ვახუშტი მენაბდე იხსენებს, რომ წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის მანიპულაცია მარტო პანდემიას არ უკავშირდება და მაგალითად მოჰყავს, რომ არჩევნების წინ გამოსახლებები ყოველთვის ჩერდება.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ის პრობლემაა, რომელზეც საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საკუთარ ანგარიშებში საქართველოში ჩატარებული თითქმის ყველა არჩევნებისას მიუთითებენ.

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ 600 000 ადამიანისთვის ვალების ჩამოწერის ინიციატივა, რომელიც ფონდმა „ქართუმ” განახორციელა.

“ვალების ჩამოწერა შეიძლება უტოლდებოდეს ხმების ყიდვას”, – განაცხადეს მაშინ ეუთო-ს (OSCE), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა.

ვალების ჩამოწერა შეიძლება, უტოლდებოდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები

ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშში ნათქვამია, რომ “მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან დაკავშირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტის მიერ 600 000 ადამიანისთვის კრედიტების ჩამოწერის ინიციატივამ მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ბუნდოვანი გახადა”.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომლის კომპეტენციაც იყო დაედგინა, ადგილი ჰქონდა თუ არა ამომრჩეველთა მასშტაბურ მოსყიდვას, ე.წ. შავ სიაში შესული მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას “კერძო ხასიათის შეთანხმება” უწოდა. მართალია, პროკურატურამ თქვა, რომ საკითხს შეისწავლიდა და დანაშაულის არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ საქმეს შემდგომი მსვლელობა არ მისცემია.

მაშველი ვირუსი “ქართული ოცნებისთვის”?

მასალების გადაბეჭდვის წესი