ახალი ამბები

მაშველი ვირუსი “ქართული ოცნებისთვის”?

25 ივლისი, 2020 • 2111
მაშველი ვირუსი “ქართული ოცნებისთვის”?

არჩევნებამდე სამი თვით ადრე, საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის ფონზე “ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდაჭერა გაზრდილია. კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად გრძელვადიანია და გადაითარგმნება თუ არა ეს მხარდაჭერა საარჩევნო ხმებში?


მოქალაქეების გაუარესებული ეკონომიკური და უფლებრივი მდგომარეობის მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიამ არაერთი ქვეყანაში დადებითი გავლენა იქონია მთავრობის მხარდაჭერის ზრდაზე. ამას დროშის გარშემო გაერთიანების ეფექტით ხსნიან. პოლიტიკურ მეცნიერებაში და საერთაშორისო ურთიერთობებში “დროშის გარეშემო გაერთიანების” ეფექტს უწოდებენ ხელისუფალის მოკლევადიან პოპულარობის ზრდას ომის ან საერთაშორისო კრიზისის დროს, როცა საერთო საფრთხე დაპირისპირებულ მხარეებს აერთიანებს და მთავრობისადმი სოლიდარობას ზრდის.

ამასთან, ხელისუფლების მხარდაჭერის ზრდა კავშირშია იმასთანაც, თუ როგორ უმკლავდება ქვეყანა პანდემიას. საქართველოს მდგომარეობა ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 1 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 16 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ერთ მილიონ პოპულაციაზე დაახლოებით 4 გარდაცვლილს ნიშნავს. შედარებისთვის, საქართველოს მეზობელ შედარებით მცირემასშტაბიან სომხეთში კორონავირუსს 451 ადამიანი ემსხვერპლა (24 ივლისის მონაცემებით).

ამ ფონზე საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები დადებითად აფასებენ არა მხოლოდ უშუალოდ კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს, არამედ ზოგადად გაზრდილია ნდობა პოლიტიკური ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართაც.

საზოგადოებრივი ინსტიტუტების საქმიანობის დადებითად შეფასება კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა; CRRC-საქართველო

NDI-ის 2019 წლის ნოემბერ-დეკემბრის კვლევასთან შედარებით, მიმდინარე წლის მაისში ყველაზე მეტად – 21%-დან 65%-მდე – გაზრდილია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საქმიანობის დადებითი შეფასება. კვლევის თანახმად, მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების მხარდაჭერა კრიზისის მიმდინარეობისას ძალიან მაღალი იყო. ამავდროულად, კრიზისის მიმდინარეობის დროს მოქალაქეები თვლიდნენ, რომ უმჯობესია ეკონომიკის ამუშავება, ვიდრე ვირუსის ჩაცხრომის ლოდინი.

მოქალაქეები ერთდროულად ემხრობოდნენ მთავრობის მიერ დაწესებულ შემზღუდავ ღონისძიებებსაც და ეკონომიკის ამუშავებასაც. ამ წინააღმდეგობრიობაზე “CRRC-საქართველოს” დირექტორს კობა თურმანიძეს ვკითხეთ:

“შეიძლება, მეცნიერული თვალსაზრისით წინააღმდეგობრივი იყოს, მაგრამ ადამიანს უნდა ორივე:  უსაფრთხო გარემოც და გარკვეული შემოსავალიც. შეიძლება, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ფიქრობდა, რომ მეტი ეკონომიკური აქტივობის დაშვება შესაძლებელი იყო და ეს მნიშვნელოვნად არ გააუარესებდა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. თუმცა ის, რომ სინამდვილეში არ მოხდა ეკონომიკის ისე სწრაფად გახსნა, როგორც მოსახლეობას უნდოდა, მაინც არ აისახა ხელისუფლების შეფასებაზე, რომელიც დადებითი დარჩა. მე ვფიქრობ, კვლევის პერიოდში (აპრილი-ივნისი) მოსახლეობის ნაწილი ამ საკითხზე ჯერ კიდევ ორჭოფობდა”, – ამბობს თურმანიძე.

თავად “ქართული ოცნება”, ტრადიციულად უნდობლობას უცხადებს რა CRRC-საქართველოს, რომელიც NDI-ის კვლევების საველე სამუშაოებს ასრულებს, ახლაც აცხადებს, კორონავირუსის პანდემიის თაობაზე საზოგადოებრივი განწყობების ობიექტურად გადმოცემისას კვლევით ორგანიზაციას სხვა ფარული მიზნები აქვსო.

“ის, რომ “ქართული ოცნების” გუნდის მიერ პანდემიის პირობებში მუშაობა იყო ეფექტური, არის არა მხოლოდ აღიარებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, არამედ ეს დადასტურებულია მათი კონკრეტული გადაწყვეტილებებით. ამიტომ გულწრფელად რომ გითხრათ, დამატებით ამ საკითხზე კვლევის ჩატარების მიზანშეწონილობა ცოტა  უცნაურად მეჩვენება, თუ არ ვივარაუდებთ, რომ ეს ორგანიზაცია, რომელიც ხშირად გამოირჩევა არაობიექტურობით, განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში, ამ კვლევით ცდილობს, სარჩული დაუდოს შემდეგში გამოსაქვეყნებელ მცდარ კვლევებს და აჩვენოს, თითქოს რაღაც ნაწილში ობიექტურები არიან”, – უთხრა “ნეტგაზეთს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

ეპიდემიოლოგიური წარმატება VS ეკონომიკის ვარდნა

ჩაკეტილი საზღვრებისა და შეზღუდვების გზით ეპიდემიოლოგიური ვითარების წარმატებით მართვას თავისი ეკონომიკური ფასი აქვს. მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.4%-ით შემცირდა. მთავრობის ოპტიმისტური პროგნოზით 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. 2020 წლის იანვარ-ივნისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2%-ით ნაკლებია. ივნისში საქართველომ თავისი ეკონომიკის წამყვანი დარგიდან – ტურიზმიდან მხოლოდ 11.2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 96.7%-ით ნაკლებია.

მიუხედავად ანონსისა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელიც პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის გაიხსნებოდა, მთავრობა სახმელეთო საზღვრის გახსნას არ ჩქარობს, რეგულარული ფრენები კი აგვისტოს ბოლომდე მხოლოდ ევროკავშირის სამ ქვეყანასთან აქვს დაშვებული.

CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, შინამეურნეობების საშუალო და მედიანური შემოსავალი კრიზისის დროს განახევრდა. გაათმაგდა იმ შინამეურნეობების რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ საერთოდ არ აქვთ შემოსავალი კრიზისის დროს. გამოკითხულთა 28%-მა განაცხადა, რომ კრიზისის მიმდინარეობისას სამუშაო დაკარგა, თუმცა მათგან ნახევარზე მეტმა კვლავ დაიწყო მუშაობა.

კობა თურმანიძე მიიჩნევს, რომ მოახლოებულ არჩევნებში “ქართული ოცნების” შედეგს მნიშვნელოვნად განსაზღვავს ეპიდემიოლოგიური ვითარების წარმატებით მართვა გადასწონის, თუ ეკონომიკური სიდუხჭირე.

“ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა ასახავს აპრილი-მაისი-ივნისის დასაწყისის განწყობებს, აქედან გამომდინარე, დღეს რა სიტუაციაა არ ვიცით. მთავრობის მიმართ გაზრდილი ნდობა და მათი მუშაობის შეფასება გამოწვეული იყო იმით, მაშინ რა მოლოდინი იყო და სინამდვილეში რა მივიღეთ. მოლოდინი იყოს გაცილებით უარესის, ვიდრე ქვეყანაში მოხდა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე მოსალოდნელი იყო, რომ ძირითადი სამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეფასდა ძალიან კარგად. მაგრამ ეს რამდენად გაგრძელდება, დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ხვალ. რომელი გადაწონის, ეკონომიკური ფასი თუ ვირუსისგან თავის დაცვის წარმატება, დღეს ძნელად პროგნოზირებადია”, – ამბობს თურმანიძე.

მისი აზრით, არჩევნების შედეგების განსაზღვრაში მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რა ალტერნატივები ექნება ამომრჩეველს. კვლევით კი ამომრჩევლის ცვალებადი პრეფერენციების განსაზღვრა რთულია.

“თუ ოპოზიციის მხრიდან ეკონომიკური და ზოგადად, ქვეყნის მდგომარეობის  გაუმჯობესების ალტერნატივები იქნება და თუ ეკონომიკური მდგომარეობა მანამდე  არ გაუმჯობესდა, მაშინ საკმაოდ კონკურენტული არჩევნები გველის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმარისი იქნება ის ფაქტი, რომ ერთ კონკრეტულ ფრონტზე ხელისუფლებამ წარმატებას მიაღწია. ასევე, ძალიან დიდია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მასა და წინ სამი თვეა, რომელსაც ყველა მხარის მხრიდან ჭკვიანური გამოყენება სჭირდება. საქართველოსნაირ ქვეყანაში ჯერ ძალიან ადრეა არჩევნების შედეგის პროგნოზირება, იმიტომ რომ, ამომრჩეველს, როგორც წესი, პარტიები არ მოსწონს და არჩევნებთან ახლოს, დაპირებების, პროგრამების ან რაღაც სხვა არასაარჩევნო მექანიზმების საფუძველზე წყვეტს, ვის მისცეს ხმა”, – ამბობს თურმანიძე.

“ექიმებს და ეპიდემიოლოგებს ამოეფარებიან…”

ოპოზიციის აზრით, “ქართული ოცნება” ცდილობს, “ექიმების და ეპიდემიოლოგების წარმატებას ამოეფაროს ზურგსუკან” და ასე გავიდეს ფონს არჩევნებზე. “ევროპული საქართველოს” შეფასებით, სწორედ ამით აიხსნება, რომ “პარლამენტმა ფაქტობრივად გაიუქმა თავისი საკონტროლო ფუნქცია” და საგანგებო მდგომაროების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას გადააბარა.

“ბუნებრივია, როდესაც კრიზისის დროს მთავრობის ნდობა მაღლდება. როდესაც დიდი კრიზისია, მოსახლეობა სოლიდარობის გრძნობით განიმსჭვალება თავისი ქვეყნის მთავრობის მიმართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მერე საარჩევნო ხმებში გადაითარგმნება. თუმცა ჩვენ რასაც ვხედავთ სხვადასხვა კვლევების მაგალითზე, დინამიკა ცვალებადია. კორონაკრიზისის ზენიტში თუ საკმაოდ მაღალია მთავრობის მხარდაჭერა, შემდეგ 39%-ზე ჩამოვიდა (“ედისონ რისერჩის” კვლევით). დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ კვლევებში 30-იანების უფრო დაბალ საფეხურზე იქნება. მით უმეტეს იმის ფონზე, როდესაც ეკონომიკურ გამოწვევებს ვერ გაართვეს თავი. სოლიდარობა ეპიდემიასთან ბრძოლის დროს ნორმალური ამბავია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეკონომიკაში ჩავარდნა იქნება ის გადამწყვეტი, რაც განაპირობებს არჩევნებზე მთავრობის ძალიან დაბალ მხარდაჭერას. ის, რომ ეპიდემიოლოგები გაუმკლავდნენ პანდემიას, კარგია, თუმცა ეს არ არის “ქართული ოცნების” დამსახურება.  ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დამსახურება და ის, რომ ეკონომიკას ვერ გაუმკლავდნენ, არის მთავრობის პასუხისმგებლობა. გვესმის, რომ ეპიდემიოლოგებს უკან ამოეფარებიან, მაგრამ საზოგადოება ამას პასუხს გასცემს”, – მიიჩნევს სერგი კაპანაძე.

“ეკონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის, ხელისუფლებამ კი განსაკუთრებული ვერაფერი შესთავაზა ჩვენს მოქალაქეებს”, – ამბობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.

დეპუტატის აზრით, თუ კორონავირუსთან ხელისუფლების ბრძოლის სტრატეგია წარმატებული იყო, გაუგებარია, რატომ არის საზღვრები ჩაკეტილი და საქართველოს მოქალაქეები დისრკიმინებული, როდესაც მაგალითად მწვანე ქვეყნიდან ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეს კარანტინის გავლის ვალდებულება არ აქვს, საქართველოს მოქალაქეს კი აქვს.

“კრიზისის პერიოდში, განსაკუთრებით შიშის ფონზე და როდესაც ოპოზიციასაც გარკვეულწილად მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული ხელისუფლების კრიტიკაზე, შეიძლება გარკვეული ნდობა გაჩნდა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მე ამ კუთხით “ქართული ოცნებისთვის” პოზიტიურ განვითარებას საერთოდ ვერ ვხედავ.  მართვის ფორმა “ციხე-კარანტინი” არ არის გამოსავალი. მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, შემოდგომაზე ეკონომიკური კრიზისი უფრო გაღრმავდება. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და უსამართლობის შეგრძენა ყველას გაცნობიერებული აქვს და ეპიდემიოლოგიური ვითარება ამას ვერ გადაფარავს”, – ამბობს დეკანოიძე.

ენმ და “ევროპული საქართველოს” აცხადებენ, რომ ოპოზიცია სტრატეგიას ხელისუფლების მხილებასთან ერთად, საკუთარი პოზიტიური დღის წესრიგის, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების გეგმების შეთავაზებაზე და ოპოზიციური სპექტრის თანამშრომლობაზე ააგებს.

დამატებითი ფაქტორები

ოპოზიციის ერთობა არჩევნების შედეგების განსაზღვრაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის აზრით. ამ ერთობის გათვალისწინებით იგი მიიჩნევს, რომ რეგიონებში “ქართული ოცნება” მაჟორიტარული ოლქების 80%-ს მოიგებს, მაშინ როდესაც თბილისში – ნახევარსაც ვერა.

ზაქარეიშვილი ბინძურ და ერთმანეთისთვის ტალახის სროლაზე ორიენტირებულ საარჩევნო კამპანიას ელის, თუმცა – მრავალფეროვან და საინტერესო პარლამენტს, რადგან 1%-იანი ბარიერი “შუა გაკრეფილ” პოლიტიკურ რეალობას შეცვლის. იგი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა ძალებმა საარჩევნო კამპანიაში აქცენტი ეკონომიკურ სტრატეგიებზე უნდა გააკეთონ, რადგან კორონავირუსის პანდემიამ ეს სფერო განსაკუთრებით დააზიანა.

“მთავარი ფაქტორი, რომელიც გადაწყვეტს არჩევნების ბედს, თუ “ქართულმა ოცნებამ” სხვა შეცდომა არ დაუშვა, ამომრჩევლის მობილიზება იქნება. ამომრჩევლები უკვე გადანაწილებულები არიან. მთავარი გამოწვევაა, სახლში დარჩებიან თუ არჩევნებზე მივლენ ის ადამიანები, ვისაც “ოცნების” მმართველობა არ მოსწონს, მაგრამ ვერც ოპოზიციამ მოახერხა მათი ნდობის მოპოვება და ასეთი საკმაოდ ბევრია. “ოცნებას” ურჩევნია, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი დარჩეს სახლში, ვინიაიდან საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციას იოლად მოახერხებს, ოპოზიციის მიზანი კი უნდა იყოს, საარჩევნო ყუთთან მიიყვანოს რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი”, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილიც დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რევანშის საფრთხის შესახებ ტრადიციული რიტორიკის გარდა, “ქართული ოცნება” კაპიტალიზაციას შეეცდება კორონავირუსის პანდემიის მართვაზე. ამაზე მიუთითებს “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის გახსნაზე და მაჟორიტარების წარდგენაზე ეპიდემიოლოგების გამოჩენაც. თუმცა რატი იონათამიშვილი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდის დღის წესრიგში მთავარი მიმართულებები პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზენტაციაზე გახმოვანებული განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი