ახალი ამბები

სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს სწავლა 50%-ით დაუფინანსდებათ

6 აგვისტო, 2020 • 1637
სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს სწავლა 50%-ით დაუფინანსდებათ

თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რაც სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის – ნახევრის დაფარვას გულისხმობს.

გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

ახალი პროექტი დღეს საზოგადოებას თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის სამინისტროს სოციალურ პოლიტიკა ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვაზეა ორიენტირებული. ღონისძიებას დაესწრნენ პროექტში ჩართული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება პროექტის – „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიერ სტუდენტებისათვის პრეზენტაციების გამართვა საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის და სხვა თემატური საკითხების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი