ახალი ამბები

ბაჩალიშვილის მონაცემების შენახვისთვის “ფეისბუქს”, “ინსტაგრამსა” და “გუგლს” მივმართეთ: პროკურატურა

6 აგვისტო, 2020 • 1329
ბაჩალიშვილის მონაცემების შენახვისთვის “ფეისბუქს”, “ინსტაგრამსა” და “გუგლს” მივმართეთ: პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურა ირაკლი შოთაძესა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შორის გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის მონაცემების შენახვის მოთხოვნით მიმართა როგორც “ფეისბუქს”, ისე “გუგლსა” და “ინსტაგრამს”.

“როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით.

მონაცემების შენახვა მოთხოვნილ იქნა „ფეისბუქ“ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით (ის, რისი შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს). „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის თქმით, იგივე გააკეთეს “ინსტაგრამისა” და “გუგლის” მომსახურებების – ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტში შესვლის ისტორიის, იუთუბის – შემთხვევაში.

“აღნიშნული მოთხოვნის შესრულება „გუგლმა“ პროკურატურას 31 ივლისს დაუდასტურა”, – აღნიშნავს უწყება.

პროკურატურის განცხადებით, 28 ივლისს, ბაჩალიშვილის ანგარიშის წაშლის დღეს, მან კვლავ მიმართა აშშ-ში კონპანია „ფეისბუქს“ 25 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით მონაცემების შენახვის მოთხოვნით. უწყების ინფორმაციით, „ფეისბუქმა“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ შეინახა მონაცემები, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი აღარ იძებნებოდა საჯაროდ.

პროკურატურის განცხადების თანახმად, მან “ფეისბუქს” ასევე ჰკითხა, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის პროფილის წაშლის მიზეზი:

“„ფეისბუქმა“ განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის, თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი, ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები”.

რაც შეეხება მონაცემების გამოთხოვას: პროკურატურის ინფორმაციით, 5 აგვისტოს მიმართა “ფეისბუქის” ადმინისტრაციას “ფეისბუქ” და “ინსტაგრამ” მომხმარებლის(ბაჩალიაშვილის) არაშინაარსობრივი მონაცემების მოწოდების მოთხოვნით. ეს მოიცავს ცნობებს, თუ როდის და რომელი IP მისამართის გამოყენებით შევიდა მომხმარებელი პროფილზე. უწყების თქმით, ამ გზით შესაძლებელია ინტერნეტის მომხმარებლის რეალური ვინაობის დადგენა.

ამავე დღეს მიმართა პროკურატურამ სოციალური ქსელის ადმინისტრაციას შინაარსობრივი მონაცემების მოწოდების მოთხოვნითაც. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს პირველი თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს.

პროკურატურის თანახმად, ოჯახის წევრებს განემარტათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. უწყების თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის ცნობებს სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას მოითხოვა.

შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე შუალედურ ანგარიშს ავრცელებს და სუიციდზე მიანიშნებს

მასალების გადაბეჭდვის წესი