ახალი ამბები

შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე შუალედურ ანგარიშს ავრცელებს და სუიციდზე მიანიშნებს

5 აგვისტო, 2020 • 1848
შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე შუალედურ ანგარიშს ავრცელებს და სუიციდზე მიანიშნებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს და სუიციდზე მიანიშნებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გაუჩინარების წინა დღეს ბაჩალიაშვილი “ფეისბუკზე” ეძებდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოუვიდოდა მის ანგარიშს საკუთარი გარდაცვალების შემთხვევაში და უთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში მისი ანგარიში გაუქმდეს:

“ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებული არის ვებგვერდის სათაური – What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს – რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ”, – აცხადებენ შსს-ში.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე ბაჩალიაშვილმა “გუგლის” საძიებო სისტემაში ჩაწერა სიტყვები “საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის” და ამ თემაზე ინფორმაციას გაეცნო:

“დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს” ,- აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ  კომპანია „ზეგი“, სადაც ბაჩალიაშივლი მუშაობდა, არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება:

“კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება”, – აცხადებენ უწყებაში.

სუიციდი არ არის გამოსავალი! გირჩევთროგორც ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა უნდა გავაკეთოთ პრევენციისთვის

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახმა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი