საქართველოს პროკურატურის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საქმეზე კიდევ რამდენიმე ადამიანს წაუყენეს ბრალი. უწყება მათ ედავება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებას და სამსახურებრივ სიყალბეს.
პირებს შორის, რომლებსაც დღეს ბრალი წაუყენეს შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილ თანამშრომლებს – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებელს, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს და კერძო კომპანიის ყოფილ დირექტორს.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით „საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორის და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის უკანონო დავალების საფუძველზე, კლინიკასა და ინდ.მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.
„2020-2021 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომელშიც დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა და ყოფილმა ინჟინერ-მშენებელმა შეადგინეს ყალბი ინსპექტირების აქტები, რომლითაც დაადასტურეს არარსებული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც“, — აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და შპს „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842.48 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თუმცა, უწყების განცხადებით, კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იმჟამინდელმა თანამშრომელმა და „ნიუმშენის“ ყოფილმა დირექტორებმა „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომელშიც დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 168 600.83 ლარი შეადგინა, საიდანაც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „ნიუმშენის“ დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 032.02 ლარს და სცადეს დარჩენილი 90 568.81 ლარის დაუფლებაც:
„კლინიკის სამშენებლო სამუშაოების ყოფილმა ტექნიკურმა ზედამხედველმა, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის უკანონო დავალების საფუძველზე, შეადგინა ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც დაადასტურა არარსებული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება“ ,— აცხადებენ პროკურატურაში.
უწყების განცხადებით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება), რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მანამდე პროკურატურამ დააკავა რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე.