ახალი ამბები

ილია ფილფანის ფოტოთი ყველა აქტიურ ნომერზე გაიგზავნება შეტყობინება – შსს

5 აგვისტო, 2020 • 2072
ილია ფილფანის ფოტოთი ყველა აქტიურ ნომერზე გაიგზავნება შეტყობინება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის ფოტოსურათით ყველა აქტიურ ნომერზე სამენოვანი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა, რათა მოქალაქეებმა, ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, 112-ზე დარეკონ.

უწყება ამბობს, რომ 13 წლის მოზარდს უწყვეტ რეჟიმში ეძებს. სამძებრო სამუშაოების ფარგლებში კი დათვარიელებულია 38 სოფელი და 7 მდინარე. ილიას ეძებენ მდინარე ენგურშიც.

ილია 18 ივლისს სვანეთში, სოფელ ლენჯერში გაუჩინარდა. ის სახლიდან ველოსიპედით გავიდა, ამის შემდეგ კი მოზარდი არავის უნახავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილიას სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონი, წყალზე მცურავი საშუალებები და ვერტმფრენი. მაშველები ილია ფილფანს ეძებენ როგორც სვანეთში, ასევე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც.

„საქართველოში არსებულ ყველა აქტიურ სატელეფონო ნომერზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის “112”-ის მიერ საინფორმაციო სამენოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნა ილია ფილფანის ფოტოსურათით, რათა მოქალაქეებმა, ნებისმიერი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დარეკონ 112-ზე“, – ამბობს შსს.

უწყების ინფორმაციით, ილია ფილფანის გაუჩინარებიდან დღემდე, მეხანძრე- მაშველების მიერ დათვალიერებული და შემოწმებულია სოფლები: ლენჯერი, ლაშდღვერი, მესგუნი, ნემსია, სოლი, კაერი, ლხანი, ქართვანი, ლანხვრი, ისკარი, ცალანარი, ეცერი, კალაში, უშგული, უღვალი, ფარი, ზემო ლუჰა, ქვემო ლუჰა, ლახამულა, ნოდაში, მაგარდი, ლეზგარა, სვიფი, ღვებალდი, სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ზარგაში, ქურელი, ბეჩო, მაზერი, ჯორკვალი, ლატალი და აღნიშნულ სოფლებში არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები.

ასევე, შემოწმდა მუგვირის ტერიტორია, ქორულდის მთის ტერიტორია, ჭუბერი და მის გარშემო ტერიტორია, ლაღამი, ლანჩვალა, სოკოს უბანი.

„მეხანძრე-მაშველებმა ფეხით გაიარეს ბეჩო-დიზი-ხაიში-ჯვარამდე ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიები, ჭალადის მყინვარზე არსებული ტურისტული მარშრუტი, მესტიის საბაგიროს მიმდებარედ არსებული ტყის მასივი, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები, სოფელ ებუთის და ჰაწვალის მთის ტყის მასივი და უღელტეხილ ჰოკოს მიმდებარედ არსებული 4 ძველი უმოქმედო გვირაბი. ჯამში, მეხანძრე-მაშველების მიერ შემოწმებულია 38 სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია.

ასევე, დათვალიერებული და შემოწმებულია 7 მდინარე, მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ხეობები. მეხანძრე-მაშველებმა შეამოწმეს მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები, ასევე ტყეები. საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს“, – ამბობს უწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, უწყების წარმომადგენლებს მუდმივი კომუნიკაცია აქვთ დაკარგული მოზარდის ოჯახთან. ილია ფილფანის მშობლებს ყოველდღიურ რეჟიმში მიეწოდებათ მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.

მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, მოწმდება სამართალდამცველების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი