ახალი ამბები

ნავთლუღის ეკლესიის დაზიანებაზე სისხლისსამართლებრივი მოკვლევა დაიწყება

4 აგვისტო, 2020 • 1573
ნავთლუღის ეკლესიის დაზიანებაზე სისხლისსამართლებრივი მოკვლევა დაიწყება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნავთლუღის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის დაზიანების ფაქტზე გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყება.

ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ტაძარში არსებული ისტორიული საფლავებისა და წარწერების განადგურების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა გაავრცელა. საპატრიარქოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ეკლესიაში რემონტი 17 წლის წინ ჩატარდა, თუმცა ეს ფაქტი არ ამართლებს ტაძარში ჩატარებულ თვითნებურ სარემონტო სამუშაოებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, სსკ-ის 259-ის მეორე პრიმა მუხლით (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შსს-ს 31 ივლისს მიმართა.

“სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პარალელურად, გამოძიებით დადგინდება იმ პირის ან პირთა ჯგუფის ვინაობა, ვისი უშუალო ინიციატივითაც მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდროების ძეგლზე უნაბართვო სამუშაოები სარესტავრაციო მეთოდოლოგიების უგულებელყოფითა და თვითნებურად განხორციელდა.
ეკლესიის დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შემდგომ, ეროვნული სააგენტო მათთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობის საპროექტო პირობებით რესტავრაციის მოთხოვნის პირობებს განსაზღვრავს, რამაც მისი პირველადი იერსახის აღდგენა უნდა უზრუნველყოს. პასუხისმგებელ პირს ან პირთა ჯგუფს განესაზღვრება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის ვადა, მასზე სარესტავრაციო ნებართვის გასაცემად”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ნათვლუღის სასაფლაოზე მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებისას ეკლესიის ფასადი მოპირკეთდა ახალი ქვისა და აგურის პერანგით, რამაც დააზიანა და კრიტიკულად შეცვალა ნაგებობის არქიტექტურული იერსახე და ისტორიული ღირებულება. ამავდროულად, ინტერიერში მოეწყო კერამიკული ფილების ახალი იატაკი, რამაც დაფარა ძველი საფლავის ქვები და ეკლესიის თანადროული აგურის იატაკი. იატაკის ფენილის მოწყობისას განადგურდა არსებული იატაკის საფარიც. მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა იატაკის ქვიშაცემენტის დუღაბის ქვეშ მოქცეული მარმალილოს საფლავის ქვის ეპიტაფიები, რომლებიც, სააგენტოს ცნობით, შესაძლოა მთლიანად განადგურდეს.

წმ. ბარბარეს ეკლესიაში მე-19 საუკუნის საფლავები გაანადგურეს – ტიგინაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი