ახალი ამბები

წმ. ბარბარეს ეკლესიაში მე-19 საუკუნის საფლავები გაანადგურეს – ტიგინაშვილი

19 ივლისი, 2020 • 1443
წმ. ბარბარეს ეკლესიაში მე-19 საუკუნის საფლავები გაანადგურეს – ტიგინაშვილი

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილის ინფორმაციით, ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (მცირე) ეკლესიაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ტაძარში არსებული ისტორიული საფლავები და წარწერები განადგურდა.

ტიგინაშვილი მომხდარის ამსახველ ფოტომასალასაც ავრცელებს.

მისი თქმით:

1) განადგურდა თავადი სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, “რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, მით უფრო, რომ ეს ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო”.

2) მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულ იქნა ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად დაიფარა ტაძრის უნიკალური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა, რაც ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ძეგლის განადგურება და უმძიმესი დაზიანება.

ტიგინაშვილის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე კანონით დადგენილი წესით ძეგლის და საფლავების განადგურებისათვის.

ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სპეციალისტთა ჯგუფი ხვალ დილიდან ადგილზე შეისწავლის.
სააგენტოს წინასწარი შეფასებით, არსებობს დიდი ალბათობა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების, რამდენადაც სამუშაოები თვითნებურად და სარესტავრაციო ნორმების სრული დარღვევითაა შესრულებული.
“კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ე.წ. რეაბილიტაციის საპროექტო განაცხადით სააგენტოსთვის არავის მოუმართავს, რაც კანონის უხეში დარღვევაა…”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ ნეტგაზეთისთვის მიწერილ კომენტარში.
“მსგავსი პრეცედენტების აღკვეთის მიზნით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხს სააგენტო საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთანაც განიხილავს”, – აცხადებენ სააგენტოში.
ტიგინაშვილის განცხადებით კი, ტაძრის წინამძღოლს, დეკანოზ ისე არხოზიშვილს მღვდელმსახურება უნდა აეკრძალოს, ალავერდელი მიტროპილიტი დავითი საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის ცენტრის “დე-ფაქტო ხელმძღვანელობიდან უნდა გადადგეს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყოს გადაუდებელი სარესტავრაციო პროცესი აღნიშნულ ისტორიულ ტაძარზე და დააკისროს ძეგლის მეპატრონეს – საქართველოს საპატრიარქოს შესაბამისი მატერიალური კონტრიბუციის გადახდა.
“მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველმა მთავარეპისკოპოსმა (კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ, რომელიც ფიქტიურად ამავე დროს არის საქართველოს საპატრიარქოს რესტავრაციისა და ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელი) და მისმა მოსაყდრე-ქორეპისკოპოსმა შიომ დაშვებულ დიდ ეროვნულ დანაშაულზე აღიარონ თავისი წილი პასუხისმგებლობა და საჯაროდ მოიხადონ ბოდიში ამ და სხვა ღირშესანიშნავ ძეგლებზე გულგრილობისათვის. მართალია, ეს ბოდიში წაშლილ ისტორიას და შეურაცხყოფილ საფლავებს ვერაფერს უშველის, მაგრამ მორალური კუთხით მაინც ეს მეტად მინიმალისტური, მაგრამ სავალდებულო ნაბიჯია”, – წერს ტიგინაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი