ახალი ამბები

საპატრიარქოს პრესსამსახური აცხადებს, რომ წმ. ბარბარეს ეკლესიაში რემონტი 17 წლის წინ ჩატარდა, თეოლოგის აზრით, ეს თუ სიმართლეა, ორგანიზაციის პასუხისმგებლობა მძიმდება

21 ივლისი, 2020 • 1171
საპატრიარქოს პრესსამსახური აცხადებს, რომ წმ. ბარბარეს ეკლესიაში რემონტი 17 წლის წინ ჩატარდა, თეოლოგის აზრით, ეს თუ სიმართლეა, ორგანიზაციის პასუხისმგებლობა მძიმდება

ნავთლუღში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში უნებართვო სარემონტო სამუშაოების ჩატარებისა და არტეფაქტების დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის 20 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში დაბარებული იყო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ისე არზოხაშვილი.

“როგორც მამა ისე განმარტავს, ტაძარში სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რამაც დღეს ასეთი ხმაური გამოიწვია, 17 წლის წინ დასრულდა. გარდა ამისა, ასევე დეკანოზის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტაძრის ინტერიერის ფოტოებზე ასახულია წლების წინ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და ძველი ფილები (ე.წ. მეტლახი). სწორედ ამ სამუშაოების შემდეგ შეიცვალა ფოტოებზე ასახული ფილები გრანიტის ახალი ფილებით.

თუმცა აქვე გარკვევით აღვნიშნავთ, რომ ეს ფაქტი არ ამართლებს ტაძარში ჩატარებულ თვითნებურ სარემონტო სამუშაოებს. დეკანოზ ისე არზოხაშვილს თავის დროზე ნებართვისთვის არ მოუმართავს არც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსთვის და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის, რაც აუცილებელი პირობაა ნებისმიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ამგვარი სამუშაოების შესასრულებლად”, – ნათქვამია საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ცენტრის თავმჯდომარემ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აღნიშნა, – “ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული ფაქტის დეტალურად შესწავლა და უახლოეს დღეებში საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი კომისიის მიერ განისაზღვრება კონკრეტული დრო და ქმედებები, თუ როდის და როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა და აღმოიფხვრას ყველა დარღვევა”.

საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებას გამოეხმაურა თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია ნავთლუღში ტაძარში უნებართვო სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ. ტიგინაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სარემონტო სამუშაოები ტაძარში 17 წლის წინ ჩატარდა.

“თავად აღნიშნული ტაძრის მესანთლეც კი არ კადრულობს ასეთ სიცრუეს და იგი აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოები სულ ახლახან შესრულდა, არადა, ფოტოზე წარმოდგენილია 2013/2014 წლებში დაწყებული სამუშაოები. ფაქტობრივად, არც მეტი, არც ნაკლები +10 წლით ადრე გადაწიეს ამ უმსგავსო საქმის წამოწყების თარიღი, რითაც ბრიყვულად და სავსებით უსუსურად სცადეს დეკანოზ ისესთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.

ამასთან, თუკი მაგდენ ხანს (17 წელიწადი) მიმდინარეობდა სამუშაოები და საპატრიარქოს რეაგირება არ მოუხდენია, მთლად უარესი. ამით კიდევ უფრო მძიმდება რესტავრაციისა და ხუროთმოძღვრების უნიათო სამსახურის პასუხისმგებლობა.

P.S. შეგახსენებთ, რომ წინამდებარე ფოტომასალა სახელდობრ წმ. ბარბარეს ტაძრის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდანაა აღებული, რომელიც 2013 წლით თარიღდება”, – აცხადებს ტიგინაშვილი.

ამავე თემაზე

წმ. ბარბარეს ეკლესიაში მე-19 საუკუნის საფლავები გაანადგურეს – ტიგინაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი