ახალი ამბები

რუსმა ჰაკერებმა ბრიტანეთის ვაჭრობის ყოფილი მინისტრის ელფოსტაში შეაღწიეს-გარდიანი

4 აგვისტო, 2020 • 1218
რუსმა ჰაკერებმა ბრიტანეთის ვაჭრობის ყოფილი მინისტრის ელფოსტაში შეაღწიეს-გარდიანი

რუსმა ჰაკერებმა ბრიტანეთის ვაჭრობის ყოფილი მინისტრის, ლიამ ფოქსის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian ავრცელებს. მათი ცნობით, რუსმა ჰაკერებმა საიდუმლო დოკუმენტები მოიპარეს, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სავაჭრო მოლაპარაკებებს შეეხებოდა.

როგორც გამოცემა წერს, გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა ინფორმაცია ფოქსის პირადი ელფოსტიდან მოიპარეს. თუმცა ფოქსის სპიკერი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ოფიციალურად დამატებითი განმარტებები არ კეთდება.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ეჭვებმა, რომ  მთავრობის წევრი სახელმწიფო ინფორმაციასთან დაკავშირებით პირად ფოსტას იყენებდა, შესაძლოა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორად მის დანიშვნას ხელი შეუშალოს. ამჟამად ფოქსი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტზე დიდი ბრიტანეთის კანდიდატია.

რუსი ჰაკერების მიერ ფოქსის ელფოსტის გატეხვის შესახებ დეტალები პირველად  Reuterts-მა  ორშაბათს გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ჰაკერებს ფოქსის ანგარიშებზე წვდომა გასული წლის 12 ივლისიდან 21 ოქტომბრამდე რამდენჯერმე ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი