ნეტგაზეთი | საზმაუს შენობა ვერ გაიყიდა და აუქციონი მესამედ გამოცხადდა საზმაუს შენობა ვერ გაიყიდა და აუქციონი მესამედ გამოცხადდა – Netgazeti

საზმაუს შენობა ვერ გაიყიდა და აუქციონი მესამედ გამოცხადდა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო.

შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს, ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

“ფასდაკლების უფლებამოსილება განმკარგავ ორგანიზაციას აქვს. ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, სანამ არ შედგება აუქციონი”, – აღნიშნა მან.

ქონების საწყისი ღირებულება ამჟამად 99 536 040 ლარია. თავდაპირველად, პირველი აუქციონის გამოცხადებისას, ქონების ღირებულება 122 432 000 ლარს შეადგენდა.

თბილისში, კოსტავას გამზირზე მდებარე გასაყიდი მიწის ფართობი 33 209 კვ.მ-ს შეადგენს, ხოლო შენობა-ნაგებობები 23 649 კვ.მ-ია. აუქციონის პირობების მიხედვით, შენობით სარგებლობას მყიდველი 2023 წლიდან შეძლებს, ანუ მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდება და ტელევიაზია ამ შენობაში გადავა. ამას გარდა, მყიდველი თანხას შემდეგი პირობებით გადაიხდის:

  • გასაყიდი ქონების საფასურის პირველი ნაწილი – 50 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას აუქციონის დასრულებიდან (გამარჯვებულის გამოვლენიდან) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;
  • გასაყიდი ქონების საფასურის მე-2 ნაწილი – 10 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2021 წლის პირველ ივლისამდე;
  • გასაყიდი ქონების საფასურის მე-3 ნაწილი – 20 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2022 წლის 31 დეკემბრამდე;
  • გასაყიდი ქონების საფასურის მე-4 ნაწილი – 20 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2023 წლის პირველ აპრილამდე;
  • თანხა არ მოიცავს დღგ-ს;

მანამდე, 9 იცნისს, პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა. მაუწყებლის თქმით, პირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში იქნება განთავსებული. არხმა მშენებლობის ნებართვა, ორწლიანი სამუშაოების ჩატარების შედეგად, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 28 მაისს მიიღო.

ტენდერის მიხედვით, მომსახურების სავარაუდო ღირებულება 46 755 039 ლარია (პირველი ეტაპი), მშენებლობის ზედამხედველობისთვის საქართველოს პირველმა არხმა, ასევე ტენდერის მეშვეობით, დაიქირავა კომპანია „სიემსი“, რომელიც იქნება ჩართული პროექტის მართვაში.

პირველმა არხმა ახალი შენობის ასაშენებლად 47-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან