ახალი ამბები

პირველმა არხმა ახალი შენობის ასაშენებლად 47-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

9 ივნისი, 2020 • 3221
პირველმა არხმა ახალი შენობის ასაშენებლად 47-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობის ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მაუწყებლის თქმით, პირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში იქნება განთავსებული. არხმა მშენებლობის ნებართვა, ორწლიანი სამუშაოების ჩატარების შედეგად, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურისგან 28 მაისს მიიღო.

ტენდერის მიხედვით, მომსახურების სავარაუდო ღირებულება 46 755 039 ლარია, მშენებლობის ზედამხედველობისთვის საქართველოს პირველმა არხმა, ასევე ტენდერის მეშვეობით, დაიქირავა კომპანია „სიემსი“, რომელიც იქნება ჩართული პროექტის მართვაში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, განაცხადების მიღების ბოლო ვადად 2020 წლის 30 ივნისია მითითებული.

საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, რომ ვინაიდან კოსტავას ქუჩაზე მდებარე შენობა არის ავარიული, მოქმედმა მენეჯმენტმა და არხის სამეურვეო საბჭომ 2017 წელს მიმართეს ეკონომიკის სამინისტროს და სამინისტროს გადაწყვეტილებით, არხს მფლობელობაში გადაეცა ორი ჰექტარი მიწის ფართობი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე.

2017 წელს საქართველოს პირველი არხის მენეჯმენტმა გამოაცხადა კონკურსი და ახალი შენობის დიზაინისა და ვიზუალის შერჩევა საზოგადოებას შესთავაზა:

“ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება, კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის ავარიულობის გამო, ბევრი წლის წინ არის მიღებული, თუმცა არ იყო გადაწყვეტილი, რა ფორმით მოხდებოდა მშენებლობა. კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის რეაბილიტაცია არის შეუძლებელი და მისი ავარიული მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. თავი დავანებოთ იმას, რომ გადახრილია, აქ არის მიწისქვეშა წყლების თემაც. ამიტომ, ბევრი წლის წინ მიიღეს ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება, თუმცა არ იყო გადაწყვეტილი, სად უნდა გადასულიყო ტელევიზია და როგორ აშენებულიყო ახალი შენობა”, – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე. მის კომენტარს თავად მაუწყებელი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, შენობა ვერ აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრხოების ნორმებს და შენობის ავარიულობა არაერთ პრობლემას ქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი