ახალი ამბები

ნიკოლაძე: შაქარაშვილის საქმეში დამატებით ორი ექსპერტი ჩაერთვება

2 აგვისტო, 2020 • 831
ნიკოლაძე: შაქარაშვილის საქმეში დამატებით ორი ექსპერტი ჩაერთვება

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დამატებით ორი ექსპერტის, ნევროლოგისა ნეიროქირურგის ჩართვა იგეგმება:

“მოგეხსენებათ, რამდენიმე დამატებითი კითხვაა დასმული დამატებითი ექსპერტიზის წინაშე. ყველა კითხვები არის ანალიტიკური რომელიც ითხოვს გარემო-ვითარებიდან გამომდინარე ბევრი ნიუანსის ზედაპირზე წამოწევას.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ, როდესაც საკითხია დასმული გიორგის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, მოჰყვა თუ არა ამას ბავშვისთვის გონების დაკარგვა. ნევროლოგზე და ნეიროქირურგზეა კიდევ საუბარი თუ არ ვცდები” –  ამბობს მირიან ნიკოლაძე ტელეკომპანია “პირველთან”.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.  პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

ამ დროისათვის 18 ივნისს მომხდარი ჩხუბის ეპიზოდზე 17 პირია დაკავებული. ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პროკურატურამ 10 ივლისს გამოქვეყნა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შაქარაშვილის სიკვდილი წყალში დახრჩობამ გამოიწვია, მაგრამ მას სხეულზე აღენიშნებოდა გარდაცვალებამდე მიყენებული დაზიანებები. გარდა ამისა, გამოძიებას დაემატა ახალი მუხლი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, თუმცა ბრალი ამ მუხლით ჯერ არავის წაყენებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი