ახალი ამბები

მახარობლიშვილის თქმით, კაჭკაჭიშვილის შესახებ დასკვნაზე მისი ხელმოწერა უნებართვოდაა დატანილი [დოკუმენტი]

2 აგვისტო, 2020 • 2459
მახარობლიშვილის თქმით, კაჭკაჭიშვილის შესახებ დასკვნაზე მისი ხელმოწერა უნებართვოდაა დატანილი [დოკუმენტი]

თსუ-ის ეთიკის კომისიის მდივანი გიორგი მახარობლიშვილი ამბობს, რომ პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის თვითპლაგიატიზმის საკითხზე ეთიკის კომისიის დასკვნას არ იზიარებს და დოკუმენტზე მისი ელექტონული ხელმოწერა უნებართვოდ არის დატანილი.

“ნეტგაზეთმა” მოიპოვა მახარობლიშვილის წერილი თსუ-ის რექტორისადმი, რომელშიც ის გიორგი შარვაშიძეს სთხოვს, დაინტერესდეს კომისიის დასკვნის წარმოდგენილი ვერსიის წარმომავლობითა და იურიდიული თვალსაზრისით, რადგანაც, რამდენადაც მახარობლიშვილისთვის ცნობილია, სათუო უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ მისი, არამედ სხვა წევრისა თუ წევრების თანხმობაც.

“2020 წლის იანვარში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო თქვენი სადისერტაციო ნაშრომის მიმართ დასმულმა შეკითხვებმა, რამაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეპუტაციას. პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის საკითხი, რომელიც შემდგომში მალევე წამოიჭრა, ცხადია, ასევე, ვერ დარჩებოდა აკადემიური ეთიკის ნორმების შესაძლო დარღვევების შემსწავლელი ჯგუფის ინტერესის მიღმა.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 13 აპრილის №73/01-01 ბრძანებით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში მეც გახლავართ და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ამ დრომდე მონაწილეობას ვიღებდი მის მუშაობაში.

დანანებით მოგახსენებთ, რომ ამ კომისიის დასკვნის იმ ვერსიას, რომელიც მიიღო აკადემიურმა საბჭომ და რომელიც, სრულიად გაუმართლებლად, გავრცელდა მასმედიაშიც, არ ჰქონია ჩემი, როგორც ჯგუფის წევრისა და მდივნის დასტური და თანხმობა და მეტიც, მასზე უნებართვოდაა დატანილი ჩემი ხელმოწერის ფოტოასლი”, – ნათქვამია წერილში.

გიორგი მახარობლიშვილი ამბობს, რომ ელექტრონული ფოსტით მისი მკაფიო და უარყოფითი შეტყობინების მიუხედავად, რომ თავს იკავებდა თანხმობისგან დასკვნის ფინალურ რედაქციასთან დაკავშირებით, მისთვის უცნობი საშუალებით, დოკუმენტზე მაინც აისახა კომისიის მდივნის ხელმოწერა.

მახარობლიშვილი რექტორს სთხოვს, შეიტანოს ცვლილება ბრძანებაში და კომისიის შემადგენლობის დატოვების საშუალება მისცეს.

“და ბოლოს, ვფიქრობ, რომ საკითხის მნიშვნელობა, მოყოლებული იანვრის თვიდან და მით უფრო უნივერსიტეტის რეპუტაცია მოითხოვდა და მოითხოვს ასეთი დასკვნების ზედმიწევნით ფორმალურ გამართულობას შინაარსობრივ სიღრმესთან და საფუძვლიანობასთან ერთად”,- წერს გიორგი მახარობლიშვილი.

“ნეტგაზეთი” შეეცედა გიორგი მახარობლიშვილთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებულია მოკვლევა.

“თსუ პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების შესაძლო დარღვევის გამოვლენის შესახებ კომისიის დასკვნაზე თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი მახარობლიშვილის წერილის საპასუხოდ, სადაც ის უარყოფს მის თანხმობას და ხელმოწერას, თსუ აკადემიურ საბჭოს წერილობით მიმართა ზემოხსენებული კომისიის თავმჯდომარემ, ასოცირებულმა პროფესორმა ლილი ხეჩუაშვილმა, სადაც მან განმარტა, რომ „კომისიამ პირველ ეტაპზე შეიმუშავა დასკვნის პირველადი ვერსია (რომელიც საბოლოო ვერსიასთან შედარებით ბევრად მკაცრი იყო და ის პირდაპირ მიუთითებდა კომპილაციაზე (და არა კომპილაციის ნიშნებზე), რომელსაც ბატონი გიორგი მახარობლიშვილი დაეთანხმა და ელექტრონულად განახორციელა ხელმოწერა (17 ივლისი, 2020), თუმცა, კომისიის სხვა წევრებმა გამოთქვეს გარკვეული მოსაზრებები, რის საფუძველზეც დასკვნის პირველადი ვერსია დაკორექტირდა, აღნიშნულზე შეთანხმების მიზნით კომისიის წევრებმა გავმართეთ ზუმის პლატფორმის მეშვეობით სამუშაო შეხვედრა 23 ივლისს, რომელსაც არ დაესწრო ბატონი გიორგი მახარობლიშვილი. მოკლე ტექსტური შეტყობინებით მან გვაცნობა, რომ დაეთანხმებოდა ან განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებდა შეთახმებულ ტექსტთან დაკავშირებით. კომისიის 6 წევრი შევჯერდით საბოლოო ვერსიაზე, რომელიც დაეგზავნა კომისიის ყველა წევრს თხოვნით, გაცნობდნენ და გამოეთქვათ საბოლოო მოსაზრებები, ტექსტის აკადემიური საბჭოსთვის გადაგზავნამდე. ბატონ გიორგის არ გამოუთქვამს შენიშვნები და კომენტარები, რის შემდგომაც კომისიამ ერთხმად მიიღო საბოლოო დოკუმენტი და მიეცა მსვლელობას. თუმცა, როგორც ვხედავთ, ბატონი გიორგი ახლა აცხადებს, რომ მას დასკვნის საბოლოო, შედარებით შერბილებული ვერსიისთვის ხელი არ მოუწერია და, როგორც ჩანს, უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირება სურდა.
ამასთან აღვნიშნავთ, რომ 1 ხმა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა, შესაბამისად, აბსურდულია ბრალდება კომისიის მიერ ხელმოწერის შესაძლო გაყალბების შესახებ. როგორც ცნობილია, ამ ფაქტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებულია მოკვლევა. ამისათვის თუ საჭირო გახდა მეტი თვალსაჩინოებისთვის, როგორც ჩვენთან, ისე თსუ-ის სერვერზე ინახება კომისიის მუშაობის მანძილზე წარმოებული მიმოწერის სრული ვერსია. იმედს ვიქონიებთ, უმოკლეს ვადებში გაირკვევა საქმის ვითარება“. ამასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურს დაავალა შეისწავლოს თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი მახარობლიშვილის წერილი.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 13 აპრილის №73/01-01 ბრძანებით შექმნილი კომისიის წევრები არიან: ლილი ხეჩუაშვილი (ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), ეკატერინე ფირცხალავა (ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), სალომე დუნდუა (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), ზვიად აბაშიძე (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), გიორგი მახარობლიშვილი (იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი), ნატალია ბასილაია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი) და ქეთევან ხუციშვილი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი)”,- ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.

წინაისტორია

თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება 2019 წლის შემოდგომაზე მოამზადა რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივმა გადაცემამ „თავისუფლების მონიტორმა“. საუბარია 2003 წლის დისერტაციაზე, რომელიც შარვაშიძემ მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაიცვა. მოგვიანებით თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იაგო კაჭკაჭიშვილმა მიმართა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადმინისტრირებს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, თხოვნით, დაედგინათ, იყო თუ არა პლაგიატი შარვაშიძის დისერტაციაში. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა და დაასკვნა:

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.

რექტორის დისერტაციაში პლაგიატი უარყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაშრომი TurnitIn-ში მათაც შეამოწმეს.

იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძის მხრიდან პლაგიატის საკითხის წამოწევის შემდეგ, თსუ-ში შექმნილმა კომისიამ იაგო კაჭკაჭიშვილს თვითპლაგიატისა და კომპილაციის საფუძველზე “აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინა.

კერძოდ, კომისიის დასკვნით იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს იქნა ავტორის მიერ წარდგენილი სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად და მისივე წიგნი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს არის გამოცემული, შინაარსობრივი თვალსაზრისით იდენტურია. ამასთან, ავტორს განხილული აქვს სხვა ავტორთა ნაშრომები, რაც სადისერტაციო ნაშრომის დიდ ნაწილს მოიცავს და შეიცავს კომპილაციის ნიშნებს.

ეთიკის კომისიის დასკვნას იაგო კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებით ხელს აწერენ კომისიის მდივანი გიორგი მახარობლიშვილი და წევრები: ზვიად აბაშიძე, ეკატერინე ფირცხალავა, ქეთევან ხუციშვილი, ნატალია ბასილაია და სალომე დუნდუა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არცერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და გამოუქვეყნებელი ნაშრომის (დისერტაციის) წიგნად გამოცემა არ შეიძლება, გადაცდომად ჩაითვალოს. იგი მომხდარს თსუ-ის რექტორის მხრიდან შურისძიებად აფასებს.

 

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი