ახალი ამბები

ამ პიროვნებას არ შევიწყალებ – პრეზიდენტი რურუაზე

31 ივლისი, 2020 • 927
ამ პიროვნებას არ შევიწყალებ – პრეზიდენტი რურუაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 ივლისს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ არ შეიწყალებს “მთავარი არხის” დამფუძნებელ გიორგი რურუას, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ივლისს ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

“დღეს ჩემ წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ – მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ ამ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე, ისიც იცის, რომ ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას”, – თქვა პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, “რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისაკენ”. როგორც პრეზიდენტი ამბობს, სწორედ ეს არის მისი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ის ამ გზას არ გადაუხვევს.


გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში და მას 30 ივლისს 4 წლით პატიმრობა შეუფარდა. რურუა “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილეა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული. ის 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. რურუა აცხადებს, რომ მას იარაღი ჩაუდეს და სინამდვილეში, პოლიტპატიმარია.

მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, ენმ და ევროპული საქართველო. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე არ იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან, აღნიშნულმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუტციო ცვლილებების დამტკიცებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდეს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ და ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი