ნეტგაზეთი | სენატორი რიში: “სალომე ზურაბიშვილმა რურუა უნდა შეიწყალოს” სენატორი რიში: “სალომე ზურაბიშვილმა რურუა უნდა შეიწყალოს” – Netgazeti
RU | GE  

სენატორი რიში: “სალომე ზურაბიშვილმა რურუა უნდა შეიწყალოს”

ტელეკომპანია “მთავარის” თანადამფუძნებლის, გიორგი რურუასთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას ეხმიანება შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში. “ამერიკის ხმის” შეკითხვის პასუხად, თუ როგორ აფასებს ამ ნაბიჯს, სენატორი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.

“მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის დეპოლარიზების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა.

მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი, რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე“, – აცხადებს სენატორი. მის კომენტარს “ამერიკის ხმა” ავრცელებს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დღეს, 30 ივლისს, დამნაშვედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 30 ივლისს გამოაცხადა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავად რურუა ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 25 დეკემბერს განაცხადა, რომ გიორგი რურუას დაუმატეს ახალი ბრალდება — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

გიორგი რურუა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, ენმ და ევროპული საქართველო. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე არ იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან, აღნიშნულმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუტციო ცვლილებების დამტკიცებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.