ახალი ამბები

ევროპარლამენტარი ფოტიგა ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს

30 ივლისი, 2020 • 934
ევროპარლამენტარი ფოტიგა ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება მან საკუთარ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.

„საქართველოს ბევრი მეგობარი პოლიტიკურად [მოტივირებულად] განიხილავს მედიამფლობელის, გიორგი რურუას ჯერ დაპატიმრებას, ახლა კი დამნაშავედ ცნობას. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ისე, როგორც იმ პირების შემთხვევაში, ვინც ასევე იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ეს გამოასწორებდა კლიმატს წინასაარჩევნო პერიოდში“, — წერს ევროპარლამენტარი.


თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა დღეს, 30 ივლისს, დამნაშვედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დღეს, 30 ივლისს გამოაცხადა.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავად რურუა ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 25 დეკემბერს განაცხადა, რომ გიორგი რურუას დაუმატეს ახალი ბრალდება — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა (სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება).

გიორგი რურუა თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, ენმ და ევროპული საქართველო. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე არ იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან, აღნიშნულმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუტციო ცვლილებების დამტკიცებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი