ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რას ფიქრობენ სოხუმში თბილისთან დიალოგზე

4 აგვისტო, 2020 • 3382
რას ფიქრობენ სოხუმში თბილისთან დიალოგზე

ავტორი: ჟურნალისტი მარიანა კოტოვა, სოხუმი


თბილისში გარკვეული პოზიტიური მოლოდინი შეიქმნა, ექსპერტებისა და კონფლიქტოლოგების დონეზე, ახალი აფხაზური ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ქართულ მხარესთან დიალოგი აუცილებელია. რას ფიქრობენ თბილისთან დიალოგზე აფხაზეთში?

ანალიტიკოსი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის” წარმომადგენელი ლიანა კვარჩელია დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან დიალოგი აუცილებელია.

“როდესაც არსებობს კონფლიქტი, დიალოგი აუცილებელია. როდესაც მეზობელს შენს ტერიტორიაზე პრეტენზია გააჩნია, აუცილებელია მას დაელაპარაკო და არა იმ პოზაში დადგე, რომელშიც ბევრი ჩვენი პოლიტიკოსი დგას და ირწმუნება, რომ კონფლიქტის მხარესთან საუბარი სამშობლოს ინტერესების ღალატია. ეს არ არის ასე. არავინ ამბობს უარს დამოუკიდებლობაზე.

პირველხარისხოვანი საკითხი “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი უნდა გახდეს. სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ. ეს კანონი იზოლაციაში გვაქცევს. საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ მსგავსი მიდგომა, უფრო მეტად აღვიღვებს კონფრონტაციას, და პროცესის დარეგულირების სასარგებლოდ არ მუშაობს”, – აცხადებს კვარჩელია.

მისი თქმით, არ ეთანხმება იმ აფხაზ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე საქართველოს არ უნდა ვესაუბროთ.

პარლამენტის დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა “არუაას” [“არუაა” ეწინააღმდეგება თბილისთან ნებისმიერი სახის დიალოგს აღიარების გარეშე] წარმომადგენელი ილია გუნია დარწმუნებულია, რომ თბილისთან დიალოგი მხოლოდ პოლიტიკურ თემებზე უნდა შედგეს.

“ჩვენ მათ მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებაზე შეგვიძლია ვესაუბროთ. სხვა სალაპარაკო არ გვაქვს. ეკონომიკასა და სავაჭრო ურთიერთობებზე საუბარი ქვეყანასთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიად მიგვიჩნევს, არ ღირს”, – ამბობს ილია გუნია.

ილია გუნიას თქმით, ის და მისი კოლეგები უახლოეს სესიაზე პარლამენტში პრეზიდენტისთვის კითხვის დასმას აპირებდნენ, თუ რას გულისხმობდა ბჟანია “საქართველოსთან დიალოგში”, თუმცა 29 ივლისს, ერთ-ერთ დეპუტატის COVID – 19-ზე დადებითი პასუხის გამო, სესია გადაიდო, მეორე დღეს კი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა.

ვებ-გვერდ “აფხაზური მოზაიკის” ანალიტიკოსი კირილ ბაზილევსკი მიიჩნევს, რომ ბჟანიას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს და მისი განცხადება საქართველოსთან დიალოგის თაობაზე სულაც არ მეტყველებს თბილისის მიმართ ლოიალობაზე.

“იქამდე იგივეს ამბობდნენ აფხაზეთის სხვა ხელმძღვანელებიც. საქართველო მეზობელი ქვეყანაა და მასთან ურთიერთობების დამყარება საჭიროა. თუმცა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გარეშე ეს შეუძლებელია. ზუსტად იგივე თქვა პრეზიდენტმაც. თუმცა საქართველო ამისთვის ჯერ კიდევ არ არის მზად. შემხვედრი ნაბიჯების გარეშე კი დაახლოება შეუძლებელია”, – აცხადებს ბაზილევსკი.

ამჟამად აფხაზი დეპუტატები პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთვის აფხაზეთის საგარეო პოლიტიკისა და კონკრეტულად თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე კითხვების დასმის მოლოდინში არიან.

აღიარების გარეშე თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე დისკუსიები აფხაზეთში ხელისუფლებისა და ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს შორის მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ახალმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რამდენიმე ინტერვიუში ქართულ მხარესთან საუბრის მზაობა გამოთქვა.

საუბარია დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიერ რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ კომენტარზე, რომლის შესაბამისად, “საქართველოსგან აფხაზეთი აღიარებას არ მოითხოვდა” . 

“ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას, თუმცა ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ის შეთანხმებაა, რომელიც ჩვენ შორის შესაძლო ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხზე დიალოგის შესაძლებლობას იძლევა.

ჩემთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ არის ხელმოწერილი შეთანხმება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც კი ეს პუნქტი შესრულდება, ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება”, – განუცხადა ბჟანიამ რუსულ მედიას.

ორმხრივი დიალოგის ფორმატი უნდა შეიცვალოს – განაცხადა აფხაზეთის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში ქართულ-აფხაზური სამომავლო ურთიერთობების საკითხზე საუბრისას.

დაახლოებით, იგივე განაცხადა ბჟანიამ გალის რაიონის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის, კონსტანტინე ფილიას წარდგენისას 24 ივლისს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით გალის რაიონი, როგორც სასაზღვრო ტერიტორია, მნიშვნელოვანია.

ამჟამად ქართული და აფხაზური მხრეები მხოლოდ ჟენევის მოედანზე ხვდებიან ერთმანეთს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები გალში შეწყვეტილია. ბჟანიამ კი ერთ-ერთ ინტერვიუში ახალი მოედნის გახსნის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

“ეს შეიძლება იყოს არა ისეთი შორეული ტერიტორია, როგორც ჟენევაა. აქ, საზღვარზე ან სადმე  ჰუმანიტარულ, ყოველდღიურად წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით”.

ბჟანიას აღნიშნულ პოზიციებთან დაკავშირებით აფხაზეთის ახალი დე ფაქტო ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილმა და ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ “არუაამ”, რომლის წევრები აფხაზეთის ომის ვეტერანები არიან, საპარლამენტო მოსმენების დანიშვნა მოითხოვა, ახალი ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან აღიარების გარეშე რაიმე ტიპის დიალოგი, თუნდაც სავაჭრო თემაზე, მიუღებელია.

ერთ-ერთი ასეთი მოსმენა, თუმცა, პრეზიდენტის გარეშე, სოხუმში უკვე შედგა.

თავად ასლან ბჟანიასგან კომენტარი ჯერ ვერ მივიღეთ. მისი პრეს-მდივანი ბჟანიას დაკავებულ გრაფიკზე მიგვანიშნებს, თუმცა პირობას იძლევა, რომ შეეცდება, პრეზიდენტთან აღნიშნულ თემაზე საუბრის საშულება მოგვეცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი