ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი საქართველოსგან აღიარებას არ ითხოვს – ბჟანია

3 ივლისი, 2020 • 1735
აფხაზეთი საქართველოსგან აღიარებას არ ითხოვს – ბჟანია

რუსულ გამოცემა ინტერფაქსთან ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია უსაფრთხოების საკითხებზე საუბარის დროს აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქართულ მხარესთან მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა სურს.

“ჩვენ არ ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას, თუმცა ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმება ის შეთანხმებაა, რომელიც ჩვენ შორის შესაძლო ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხზე დიალოგის შესაძლებლობას იძლევა.

ჩემთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ არის ხელმოწერილი შეთანხმება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც კი ეს პუნქტი რეალიზდება, ყველაფერი ძალიან კარგად წარიმართება”, – აცხადებს ბჟანია.

რუსულ მედიასთან საუბარში ჟურნალისტის მიერ საკითხის წამოჭრის საპასუხოდ დე ფაქტო ლიდერი “შავ ზღვაში NATO-ს და საქართველოს აქტიურობაზეც” საუბრობს.

“ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ პროცესებს. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო მხარს უჭერს მეშვიდე სამხედრო ბაზასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რაიმე კონფლიქტის გაღვივებით, თუმცა ჩვენი შეიარაღებული ძალები შესაძლო აგრესიის საპასუხოდ მზად უნდა იყვნენ”.

ერთობლივი ზეპირი განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ, როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად გაფორმებული შეთანხმების მიღწევის საფუძველი გახდებოდა.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი