ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ორმხრივი დიალოგი საქართველოსთან, როგორც ჩანს, შეუძლებელია”- ბჟანია

23 მარტი, 2020 • 2333
“ორმხრივი დიალოგი საქართველოსთან, როგორც ჩანს, შეუძლებელია”- ბჟანია

“ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ საქართველომ გვაღიაროს,- განუცხადა რია ნოვოსტის აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ასლან ბჟანიამ.

“ორმხრივი დიალოგი საქართველოს და აფხაზეთის სახელმწიფოებს შორის, როგორც ჩანს, შეუძლებელია, ქართული მხარის გამო, რადგანაც საქართველო არ აღიარებს აფხაზეთს. საქართველოში რიგი კანონებია მიღებული, რომლის თანახმად, აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევა. მეორე მხრივ, ჩვენ გარკვეულ სიგნალებს ვგრძნობთ სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისგან [საქართველოში]. ეს სიგნალები იმის მანიშნებელია, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში ჩვენთან ინტენსიური დიალოგი სურთ”.

თუმცა, როგორც ბჟანია ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ახალი რეალობა  აღიაროს.

“სახელმწიფო მოღვაწეებმა ან პოლიტიკოსებმა მარტივი ჭეშმარიტებები უნდა იცოდნენ – ომის შემდეგ ძალიან ბევრი რამ იცვლება. ომი ცვლის საზღვრებს, ომის გამო სახელმწიფოები ქრება, ან ახალი სახელმწიფოები იქმნება. ბევრი ამბობს, რომ უნდა დავუბრუნდეთ ომამდელ პერიოდს. ჩვენ შეგვიძლია, რომ სიტუაცია 1992 წელში დავაბრუნოთ? დაღუპული ადამიანების დაბრუნება შესაძლებელია? შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია ჩვენი დაბრუნება საქართველოში.

დღემდე არსებობენ პოლიტიკური ძალები საბერძნეთში, რომლებიც კონსტანტინოპოლს საკუთარ ქალაქად მიიჩნევენ. ჩვენ ვიცით, რომ ეს მათი ქალაქი იყო, მაგრამ რამდენი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი მათი ქალაქი აღარ არის? ეს ახალი რეალობაა. ასე რომ, ვინც აფხაზეთს კიდევ საქართველოს ტერიტორიად თვლის, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრნი არიან. სანამ იქ არ გაიაზრებენ იმას, რომ ახალი რეალობა დადგა, პროცესები ვერ წარიმართება დინამიკურად”.

აქვე, ასლან ბჟანია ქართულ მხარესთან უკვე არსებული ურთიერთობების შესახებაც საუბრობს.

“საქართველო ჩვენი მეზობელია და ქართველები ჩვენი მეზობლები არიან. გვინდა თუ არ გვინდა, ადამიანების დონეზე ბევრი კონტაქტები არსებობს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც კვეთენ საზღვარს და იქ მიდიან. რომელთაც სხვადასხვა პრობლემა აქვთ. ბევრი ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, იძულებულია იქ კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებისთვის ჩავიდეს. ისეც ხდება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენი საქართველოში იმალება. არის საპირისპირო შემთხვევებიც. იცით ასევე, რომ ერთობლივად ვამუშავებთ ენგურჰესს. ესეც გარკვეული კონტაქტების დონეა”.

რუსულ მედიასთან საუბარში მან ასევე უპასუხა კითხვას იმ შესაძლო პირობებზე, რა დროსაც დევნილების დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ.

“მოდით, ჯერ ის რეალობა ვაღიაროთ, რომელიც არსებობს, შემდეგ კი ერთობლივი ძალისხმევით მასში კორექტირებებს შევიტანთ, თუ საჭიროდ ჩავთვლით. საქართველოს მიერ აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარება ძირფესვიანად შეცვლიდა ბევრ რამეს სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ”.

აფხაზეთში 22 მარტს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად მიიჩნევს, ასლან ბჟანიამ დაახლოებით 57%-ით გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი