ნეტგაზეთი | “ქართული ოცნების” ოფისთან გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია იმართება “ქართული ოცნების” ოფისთან გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია იმართება – Netgazeti
RU | GE  

“ქართული ოცნების” ოფისთან გიორგი რურუას მხარდამჭერი აქცია იმართება

“ქართული ოცნების” ოფისთან “შეცვალეს” წევრები გიორგი რურუას მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ ოფისთან სიმბოლურად ლენტი მიიტანეს, რაც მათი თქმით, პოლიციურ რეჟიმს განასახიერებს, რისი ერთ-ერთი მსხვერპლიც გიორგი რურუაა. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებს უთხრა, რურუასთვის პატიმრობის მისჯით 8 მარტის შეთანხმება დაირღვა.

“ეს შეთანხმება მხოლოდ დასავლელი პარტნიორების დაკვეთა არ იყო, ეს ხალხის მოთხოვნა იყო და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გადაგვაგდო. თუმცა ამას ყველანი პასუხს ოქტომბერში გავცემთ. რაც შეეხება ლენტს, ეს ერთგვარი სიმბოლოა პოლიციური რეჟიმის. გიორგი რურუა პოლიციური რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლია. ამ სისტემურ დანაშაულს ერთხელ და სამუდამოდ პასუხი ოქტომბერში უნდა გაეცეს”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ტიტე გედენიძემ.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულ გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 ივლისს, 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავად რურუა ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიებიც, მათ შორის, ენმ და ევროპული საქართველო. იმის გამო, რომ გიორგი რურუა ამ დრომდე არ იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან, აღნიშნულმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღეს საკონსტიტუტციო ცვლილებების დამტკიცებაში, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით უნდა ჩატარდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.