ახალი ამბები

4 სოფელთან სრული კავშირის აღდგენას მინიმუმ თვე დასჭირდება – გახარია რაჭაზე

30 ივლისი, 2020 • 913
4 სოფელთან სრული კავშირის აღდგენას მინიმუმ თვე დასჭირდება – გახარია რაჭაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტიქიის შემდეგ რაჭაში ჩავიდა. მისი თქმით, 4 სოფელთან კავშირის სრულად აღსადგენად მინიმუმ ერთი თვე იქნება საჭირო.

გახარიას თქმით, სტიქიამ მაგისტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი ჩამოანგრია, რომელთა აღდგენაც დაახლოებით 30 მლნ ლარი დაჯდება. ასევე, სრულად აღსადგენია 4 ხიდი.

„დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა 8 სოფელი რჩება. ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი, თუმცა დარჩენილ სოფლებზე, როგორიც არის ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორ ჩანს, გზა იმდენად სერიოზულად დაზიანდა, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას დასჭირდება ერთი თვე, მინიმუმ“, – ამბობს გახარია და ამატებს, რომ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას, შესაძლოა, ჯამში, 50 მლნ ლარამდე დასჭირდეს.

გახარია ასევე ამბობს, რომ მთავრობა ესაუბრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და კომპანიის თქმით, საუკეთესო შემთხვევაში, 1 კვირაში ელექტროენერგიით მომარაგება აღდგება.


რაჭაში უხვი ნალექის შედეგად მდინარეები ადიდდა, რის გამოც განადგურდა საავტომობილო გზის ნაწილი და ხიდები, ხოლო ელექტროგადამცემი ბოძების ნაწილი წყალმა წაიღო.

სტიქიის გამო ზოგ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მოქალაქეთა ნაწილი კი ევაკუირებულია უსაფრთხო ადგილებში.

სტიქია რაჭაში – წყალმა გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ბოძები წაიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი