ახალი ამბები

გიორგი რურუას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

29 ივლისი, 2020 • 705
გიორგი რურუას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

“მთავრი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე განაჩენს სასამართლო ხვალ, 30 ივლისს გამოაცხადებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის სასამართლო განხილვები პირველ ინსტანციაში დღეს, 29 ივლისს დასრულდა. პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა და განმარტა, რომ რურუა თავად არის დანაშაულის მსხვერპლი და პოლიტიკური მოტივებით იდევნება.

გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება სამართალზე და კანონზე დაფუძნებული:

“რადგან რურუას თავდაპირველი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, ველოდებით, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება პოლიტიკური და არა სამართლებრივი”, – განაცხადა საძაგლიშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოლოდინები გამართლდება და გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებენ, დაცვის მხარე ამ განაჩენს გაასაჩივრებს შემდგომ ინსტანციაში.

“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა, რომელიც 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

თავად რურუა ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.

პირველ ინსტანციაში სასამართლო განხილვების დასრულებამდე დაცვის მხარემ გიორგი რურუას პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობა რამდენჯერმე დააყენა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არც ერთხელ დააკმაყოფილა.

გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციის წარმოამდგენლებიც. მისი გათავისუფლების მოთხოვნით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტი განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, თუმცა, პარლამენტმა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება მაინც დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვითაც, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით (120/30) უნდა ჩატარდეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებდა, რომ გიორგი რურუას პატიმრობაში დარჩენის შემთხვევაში ისინი მხარს არ დაუჭერდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა კი ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირეს, თუმცა მეორე და მესამე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გიორგი რურუას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი პირობა იყო. მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა და მათ საპატიმრო დატოვეს, ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების შესრულებამდე გიორგი რურუას გათავისუფლება და საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იყო დარჩენილი. ხელისუფლება უარყოფს, რომ ამ ტიპის შეთანხმება არსებობს ოპოზიციასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი