ნეტგაზეთი | მარნეულში 15 წლის გოგო გაიტაცეს და გააუპატიურეს – შსს მარნეულში 15 წლის გოგო გაიტაცეს და გააუპატიურეს – შსს – Netgazeti
RU | GE  

მარნეულში 15 წლის გოგო გაიტაცეს და გააუპატიურეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმა პირმა მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წლის გოგო გაიტაცა, ერთ-ერთმა მათგანმა კი გააუპატიურა.

უწყება ამბობს,რომ 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, ხოლო 1998 წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ გოგოს,წინასწარი შეთანხმებით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გოგო გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს დააკავეს“, – ამბობს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

უწყება ამბობს, რომ ეს მუხლები დანაშაულის სახით 7-დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან