არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” გიორგი რურუას საქმის სამართლებრივი ანალიზი წარმოადგინა. ორგანიზაციის თანახმად, სასამართლო მონიტორინგისას და დოკუმენტების შესწავლით გამოიკვეთა, რომ რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებისას, სავარაუდოდ, არამართლზომიერად შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” თქმით, ბრალდებულს დაკავებისას არ მიეცა ადვოკატთან და ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა და მისთვის არც უფლება-მოვალეობები განუმარტავთ.
“ეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე პოლიციელებმა სასამართლო პროცესზე უარყვეს. დაცვის მხარემ კითხვა დაუსვა მოწმეს, თუ რა უფლებები განუმარტა ბრალდებულს, მაგრამ მოწმემ დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა და ვერ თქვა, რომელი უფლებები და მოვალეობები განუმარტა დაკავებულ გიორგი რურუას . მოწმის ჩვენებით, მან დაკავებულს დაცვის უფლებაზე ინფორმაცია მიაწოდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ამავე ანგარიშში დაცვის მხარეზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ დაკავებისთანავე, თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ვინმე გ.მ.-ს სამუშაო ოთახში, ბრალდებულ რურუასგან იძულებით აიღეს დნმ-ის ნიმუში, ისე, რომ არანაირი დოკუმენტი არ შეადგინეს.
“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, [ბრალდების მხარის პოლიციელმა] მოწმემ დაადასტურა, რომ ცდილობდნენ, ბრალდებულისგან იძულებით აეღოთ დნმ-ის ნიმუში, მაგრამ იგი „ეჯიკავებოდა და უძალიანდებოდა და ეშინოდათ, ზიანი არ მიეყენებინათ, მაგალითად, არ მოეტეხათ ხელი”.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს გიორგი რურუას საკნიდან მისი პირადი ნივთების ამოღების პროცესზეც, რომელიც ადვოკატის გარეშე ჩატარდა. სასამართლოზე მოწმემ განაცხადა, რომ ბრალდებულის ორ ადვოკატს დაუკავშირდა პროცესში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ერთმა აღნიშნულზე უარი თქვა, მეორეს კი ვერ დაუკავშირდა.
მოგვიანებით, დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას, ერთ-ერთმა ადვოკატმა თქვა, რომ გამომძიებელს სხვა ადვოკატთან დაკავშირება ან საგამოძიებო მოქმედების 3 დღის შემდეგ ჩატარება შესთავაზა.
“გამოკითხვისას მოწმემ განმარტა, რომ ადვოკატის მონაწილეობის გარეშე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება იმიტომ გადაწყვიტა, რომ არსებობდა ამოსაღები ნივთების გადამალვისა და განადგურების საფრთხე.
…გაუგებარია, როგორ შეეძლო გიორგი რურუას ზემოაღნიშნული ნივთების განადგურება, როცა იგი საკანში განცალკევებით იმყოფებოდა და მასზე 24-საათიანი ვიზუალურ-ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობდა”, – აღნიშნავს “ადამიანის უფლებათა ცენტრი”.
არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე საუბრობს დარღვევებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, რურუას პირადი ჩხრეკისა და იარაღის დალუქვისას გამოვლინდა. ცენტრის თქმით, გამომძიებელმა უგულებელყო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, როცა ცეცხლსასროლი იარაღის მხოლოდ ზოგადი აღწერით შემოიფარგლა:
“გიორგი რურუას პირადი ჩხრეკის ოქმში, დაცვის მხარის განმარტებით, მითითებულია რომ ამოღებული იარაღი მოთავსდა პაკეტში, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და დაისვა სისხლის სამართლის საქმის ნომერი და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თარიღი. თუმცა დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბალისტიკური ექსპერტიზის ფოტოცხრილში ნათლად ჩანს, რომ ლუქზე გაკეთებულია მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირების ხელმოწერები, საქმის ნომერი, თარიღი.
აღნიშნულ ლუქზე არც ბრალდებული გიორგი რურუას ხელმოწერაა და არც შესაბამისი აღნიშვნა ხელმოწერის შესრულებაზე უარის თქმის შესახებ . აგრეთვე, საინტერესოა ის საკითხი, რომ გამომძიებლების მხრიდან არ განხორციელებულა პირადი ჩხრეკის ოქმში აღწერილი მოქმედებების ვიდეო ან/და ფოტოგადაღება”.
ცენტრს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული საპროცესო დარღვევები, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, “ეჭვქვეშ აყენებს გიორგი რურუას ცეცხლსასროლ იარაღთან შემხებლობასა და მტკიცებულების ავთენტურობას”. ორგანიზაციისვე შეფასებით, არაერთი ფაქტი მიუთითებს ცეცხლსასროლი იარაღის მაყუჩის წარმომავლობის საეჭვო გარემოებებზე.
ორგანიზაციის აზრით, რურუას მიმართ ბრალის დამძიმება კონსტიტუციურ საფუძვლებს მოკლებული და სისხლის სამართლის მიზნებიდან გამომდინარეც გაუმართლებელია.
“ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი ის ფაქტი გახდა, რომ მან [დნმ-ის] ნიმუშის აღებაში მონაწილეობა არ მიიღო, რისი უფლებაც მას საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტებით გააჩნია”, – წერს ცენტრი.
რურუა 2019 წელს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებში იყო ჩართული, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.
თავად რურუა არ აღიარებს ბრალს იარაღის უკანონოდ ტარების შესახებ და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ნოემბერში სასამართლოზე რურუამ განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს, ნების წინააღმდეგ გაჩხრიკეს, ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს.