ახალი ამბები

როცა მთავრობა კრემლის პროპაგანდის გამოააშკარავების ნაცვლად კრიტიკულ მედიას ებრძვის

28 ივლისი, 2020 • 2072
როცა მთავრობა კრემლის პროპაგანდის გამოააშკარავების ნაცვლად კრიტიკულ მედიას ებრძვის

სამსახურები, რომლებსაც, წესით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა ემუშავათ, ახლახან შექმნილი ფეისბუქგვერდების მიხედვით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობენ. რუსულ დეზინფორმაციასთან და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ რამდენიმე უწყებაშია შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. პანდემიის დროს საქართველოში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდა. გაძლიერდა ე.წ. სტრატკომებიც – საქართველოს მთავრობამ, შინაგან საქმეთა, თუ თავდაცვის სამინისტროებმა ფეისბუქგვერდები შექმნეს, სადაც რუსულ დეზინფორმაციაზე ვერაფერს ნახავთ, ან იშვითად შეგხვდებათ კრიტიკა. ხელისუფლება ამ გვერდებით ქართული კრიტიკული მედიას „ამხელს“.

[red_box]თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდის შექმნიდან [თებერვალი] დღემდე ერთი პოსტიც არ უდევს რუსულ პროპაგანდაზე[/red_box]

ყველაზე აქტიურად სამთავრობო უწყებებს შორის სტრატკომის ფეისბუქგვერდს თავდაცვის სამინისტრო იყენებს. ფეისბუქგვერდი 6 თებერვლიდან, ანუ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ამოქმედდა და თითქმის ყველა რეზონანსულ საქმეს ეხმაურება, რაც მედიაში ირაკლი ღარიბაშვილის, ან თავდაცვის სამინისტროს შესახებ ვრცელდება. შექმნიდან დღემდე გვერდზე 27 პოსტია გამოქვეყნებული. ღარიბაშვილის სტრატკომი საერთოდ არ იმჩნევს იმას, რომ რუსული პროპაგანდა და, მათ შორის, პრორუსული ქართული მედიასაშუალებები აქტიურად ცდილობენ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ღარიბაშვილის უწყება ძირითადად „მთავარ არხს“ და „TV პირველს“ აკრიტიკებს.

მაგალითად, 5 ივნისს, თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჯარისკაცებისთვის შეძენილი ფეხსაცმლის ხარისხის შესახებ.

კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე პარტიების, კერძოდ “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მასთან დაკავშირებული პირებისა და მედია საშუალებების მხრიდან მზადდება მორიგი, სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. საქმე ეხება, ისტორიაში პირველად შემოტანილი უმაღლესი ხარისხის, ევროპული წარმოების სამხედრო ფეხსაცმელებისა და ბათინკების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას…“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.

სქრინი თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდიდან

თავდაცვის სამინისტრო „პოლიტიკურად ანგაჟირებულს“ უწოდებს ტელეკომპანია „მთავარს“, მაგალითად, უხარისხო ხორცით ჯარის მომარაგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც.

კონკრეტული ოპოზიციური, რევანშისტული პარტიების მართული მედიასაშუალებების მიერ ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია ჯარის გაუყინავი, ქართული, დარბილებული ღორის ხორცით მომარაგებასთან დაკავშირებით და თითქოს თავდაცვის სამინისტრო ყიდულობს იმ კომპანიისგან, რომლის ერთ-ერთი მეწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას და ცდილობს დამატებითი წვლილი შეიტანოს იმ ორკესტრირებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაში, რაც ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მიმართ ხორციელდება მიმდინარე წარმატებული რეფორმებისა და სიახლეების საპასუხოდ... “ – ვკითხულობთ ფეისბუქპოსტში. 

ამავე პოსტში თავდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ „გარე პროპაგანდის წინააღმდეგ“ იბრძოლებს, თუმცა არც ამ პოსტამდე და არც მის შემდეგ „გარე პროპაგანდის“ შესახებ ვერაფერს ნახავთ.

სქრინი თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდიდან

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს, როგორც გარე პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე ქვეყნის შიგნით მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური სუბიექტების ტყუილში მხილებას და საზოგადეობის ჯეროვან ინფორმირებას,“ – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ფესიბუქპოსტში.

ღარიბაშვილის უწყება გამოეხმაურა ღარიბაშვილის მიერ „ვილის“ შეძენის ამბავსაც. თავდაცვის სამინისტრომ ჩათვალა, რომ სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილია იმის გაგება, ღარიბაშვილი „ვილას“ რეკრეაციულ ზონაში იშენებს, თუ არა. ფეისბუქპოსში აღნიშნულია, რომ „მთავარმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან „მიწა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა კერძო სექტორში მუშაობის პერიოდში კერძო პირისგან შეიძინა, არ მიეკუთვნება რეკრეაციულ ზონას“ .

სქრინი თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდიდან

თავდაცვის სამინისტრო პოსტების მიხედვით, სიმართლე ისაა, რასაც თავად წერენ, თუმცა ამის მტკიცებულება არ აქვთ წარმოდგენილი. შესაბამისად, სამინისტროს ფეისბუქპოსტით შეუძლებელია იმის გარკვევა, რამდენად ზუსტია მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მით უფრო, რომ სამინისტრო და კონკრეტული მინისტრი მხარეა, რომელსაც ამ შემთხვევაში მედია აკრიტიკებს.

თავდაცვის სამინისტრო სტრატკომის ფეისბუქგვერდზე არსად ხსნის, თუკი ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაა მისთვის მნიშვნელოვანი, რატომ არ მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, როგორც ნეიტრალური ინსტრუმენტს სიზუსტის, ან ჟურნალისტიკის სხვა პრინციპების დარღვევის დასადგენად.

თავდაცვის სამინისტროში სტრატკომის ფეისბუქგვერდი 6 თებერვლიდან მუშაობს.

[blue_box]შსს – ში იციან, რაცაა სტრატკომი, მაგრამ აქაც ქართული მედიის „გაშავება“ ურჩევნიათ[/blue_box]

ბოლო ამბავი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდზე აქვს გამოქვეყნებული ისაა, რომ დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდს ,,Facebook”- ის ადმინისტრაციამ ვერიფიკაცია მიანიჭა. უწყებამ გვერდი ფეისბუქში 5 ივნისიდან აამოქმედა და ამ დროისთვის 14 პოსტი აქვს გამოქვეყნებული.

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ,,Facebook”-ის ოფიციალური გვერდის მიზანია ყალბ და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ბრძოლა, ყალბი ამბების გავრცელების პრევენცია და დეზინფორმაციის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირება,“ – ვკითხულობთ ამავე ფეისბუქპოსტში. 

სხვა სამთავრობო უწყებებისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის გვერდზე წერია, რომ ანტიდასავლური და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგაც უნდა იმუშაონ. ამის დასტური 2 ივლისს გამოქვეყნებული პოსტი.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის მიერ შექმნილი სპეციალური სამსახურის, East StratCom Task Force-ის მიერ, პანდემიასთან დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელება იდენტიფიცირებულ იქნა, როგორც ანტიდასავლური, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი იარაღი, რომლის მიზანი, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისა და სახელმწიფოების მიმართ მოსახლეობის უნდობლობის გამოწვევა და მათში დაუცველობის განცდის დათესვა წარმოადგენდა,“ – ვკითხულობთ ფეისბუქპოსტში. თუმცა არც მანამდე და არც მას შემდეგ ვერ იპოვით ერთ პოსტს მაინც, სადაც ევროპულ ქვეყნებში შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის მსგავსად რუსულ პროპაგანდას გააკრიტიკებდნენ ან ამხელდნენ.

სქრინი შს სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდიდან

ოდნავ ქვემოთ ჩამოდით და აი, ეს პოსტი შეგხვდებათ.

„…გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში დღეს გასულ სიუჟეტს, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას… მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეზე თეიმურაზ კუპატაძეზე “მთავარმა არხმა” სრულიად აბსურდული და უსაფუძვლო ინფორმაცია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაავრცელა, ეს არის ფეიკ ნიუსის კლასიკური მაგალითი. ტელეკომპანია “მთავარი არხის” ზემოხსენებული, ყალბი სიუჟეტი ემსახურება სასაზღვრო პოლიციის, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი რგოლის, მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,“ – ვკითხულობთ აქ.

კიდევ ერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სკანდალის აგორების მორიგი მცდელობა. ამჯერად “მთავარი არხი” ფაქტობრივი გარემოებების დამახინჯებით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და პოლიციის დისკრედიტირება მოახდინოს…“ – ეს 7 ივნისის ფეისბუქპოსტია.

შსს-ს სტრატკომზე ასევე ნახავთ რჩევებს, როგორ უნდა ამოვიცნოთ დეზინფორმაცია. შსს-მ ეს ფეისბუქგვერდი 5 ივნისიდან აამოქმედა.

მთავრობა ყალბი ინფორმაციის წყაროს არა კრემლში, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებში ხედავს

საქართველოს მთავრობის სტრატკომის ერთ-ერთ ბოლო პოსტში მთავრობა გვეკითხება – „რა სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება ყალბი ახალი ამბების გავრცელება?“ პასუხად მთავრობა ორ ვერსიას გვთავაზობს. ერთი კომერციული ამბავია. მეორე – პოლიტიკური. მთავრობა ყალბი ამბების გავრცელების საფრთხეს პოლიტიკურ ოპონენტებში ხედავს.

პოლიტიკური მიზნები – ყალბი ახალი ამბების გავრცელებით მარტივია კონკურენტის რეპუტაციის შელახვა და ამ გზას განსაკუთრებით ხშირად მიმართავენ პოლიტიკოსები წინასაარჩევნო პერიოდის დროს. ასევე, ყალბი ახალი ამბების გავრცელებითა და ფაქტებით მანიპულირებით შესაძლებელია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მათში ცრუ მოლოდინების გაჩენა,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში. 

სამინისტროებისგან განსხვავებით აქ შეგხვდებათ პოსტებიც, სადაც დეზინფორმაციის წყაროდ რუსეთია მიჩნეული. მაგალითად, ნიუსი კაცზე, რომელიც თითქოს ღამურის მოსაძებნად გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სქრინი საქართველოს მთავრობის სტრატკომის ფეისბუქგვერდიდან

ოკუპანტი რუსეთის მხრიდან გავრცელდა მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მღებრიშვილი, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებითაა დაკავებული, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა ღამურების მოსაძებნად, შემდგომში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რეალიზაციის მიზნით. ეს არის რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მორიგი მიზანმიმართული დეზინფორმაციული შეტევა საქართველოს სტრატეგიულ ობიექტზე – ლუგარის ლაბორატორიაზე, რომლის როლიც საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით არის განუზომლად დიდი,“ – ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის სტრატკომის ფეისბუქგვერდზე. 

აქვე ნახავთ პოსტს ლუგარის ლაბორატორიაზეც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მორიგი დეზინფორმაციული შეტევა განახორციელა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრზე, რომელიც წარმოადგენს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ერთ-ერთ მაგალითს.

სწორედ ლუგარის ცენტრის თანამშრომლების, საქართველოს ექიმების, ეპიდემიოლოგების, ხელისუფლებისა და მთელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია დღეს არსებული წარმატება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მხრივ, რომლის დამსახურებითაც, ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. საქმე გვაქვს ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან,“ – ვკითხულობთ ფეისბუქპოსტში.

მთავრობა, სამინისტროების მსგავსად, კრიტიკული მედიის კრიტიკულ სიუჟეტებსაც ეხმაურება. მაგალითად, 23 ივნისის ფეისბუქპოსტში, ისე, რომ არ დაუდგენია თურქეთის მეჯლისის წევრის სიტყვების ინტერპრეტაცია მოხდა თუ არა, მთავრობამ ბრალი დასდო ნიკა გვარამიას  დეზინფორმაციის გავრცელებაში.

1 ივნისს „მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟში ნიკა გვარამიამ გაავრცელა მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს ტრაბზონის დეპუტატი თურქეთის მილი მეჯლისში – აჰმედ კაია, საქართველოს მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს. 22 ივნისს, თავად აჰმედ კაია გამოეხმაურა გაკეთებულ განცხადებას და აღნიშნა, რომ იმ პირებს, რომლებიც თურქი მძღოლებისგან ქრთამს ითხოვდნენ, არაფერი აქვთ საერთო საქართველოს მთავრობასთან და მაღალჩინოსნებთან. ნიკა გვარამიამ კი მისი სიტყვების ინტერპრეტაციით სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ვერდიქტი: შესაბამისად ტელეკომპანია „მთავარი არხის” რეპორტაჟი არის მორიგი ფეიკ ნიუსი“.

მთავრობის სტრატკომი ძირითადად ორი მედიასაშუალების კრიტიკითაა დაკავებული – „მთავარი არხი“ და „TV პირველი“.

ტელეკომპანია „ტვ პირველი” აგრძელებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ…“ – აღნიშნულია 18 ივნისის ფეისბუქპოსტში.

მთავრობამ სტრატკომის ფეისბუქგვერდი 2019 წლის ივლისში შექმნა და დღემდე 28 პოსტი აქვს გამოქვეყნებული. საგულისხმოა, რომ პირველი პოსტი ეხებოდა რუსულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას – gazeta.ru -მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც „თავისუფალი ზონის“ აქტივისტები რუსულნომრიან ავტომობილს აჩერებენ და მძღოლს კატეგორიულად სთხოვენ, მოხსნან „გეორგიევსკის ლენტები“. მთავრობამ თავის ფეისბუქპოსტში ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ამბავი 5 წლის წინ მოხდა.

სინამდვილეში ეს ფაქტი მოხდა 5 წლის წინ და ინტერნეტსივრცეში 2014 წელს გავრცელდა (http://bit.ly/2NuU8B0). ვიდეოში ასახულია, როგორ აჩერებენ “თავისუფალი ზონის” აქტივისტები რუსულ ნომრიან ავტომობილს, მძღოლს კატეგორიულად სთხოვენ მოხსნან ე.წ. “გეორგიევსკის ლენტები” და აკრავენ სტიკერებს,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში.

მთავრობას ამავე პოსტში ჰქონდა მცირე შეფასებაც, რომ ამ ვიდეოს ტირაჟირება „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და „მიზნად ისახავს მცდარი საზოგადოებრივი აზრის შექმნას“. მთავრობას მაშინ არ დაუკონკრეტებია, რა არის ეს „მცდარი საზოგადოებრივი აზრი“.

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ნაცვლად, რა მიზნითაც ძირითადად შექმნეს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტები, ქართული მედიის კრიტიკით დაკავდეს? – კითხვით ჩვენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ. მთავრობის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ „დადგენილ ვადაში“ გვიპასუხებდნენ, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტეს, რა ვადაა ეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარისგან თავის შეკავება არჩიეს, თავდაცვის სამინისტროში კი, ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხეს.

რა არის სტრატკომი და რას აკეთებს მთავრობა?

 

ამერიკის შეერთებულ შტატების პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობაზე ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების ფონზე დაფიქრდნენ, როცა ჩათვალეს, რომ საინფორმაციო ომს აგებდნენ. კონკრეტულად რუსულ პროპაგანდას კი, როგორც რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ მექანიზმს, დასავლეთმა ყურადღება მიაქცია 2014 წლის შემდეგ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე. გამოწვევასთან გასამკლავებლად ევროპულმა საბჭომ 2015 წლის მარტში გადაწყვიტა ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის (East StratCom Task Force) შექმნა, ნატო-ში კი სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრი ფუნქციონირება.

2018 წელს, როცა ნეტგაზეთი ამ თემაზე წერდა, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო ყველა მნიშვნელოვან, მათ შორის, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში საუბრობდა რუსულ ჰიბრიდულ გამოწვევებზე, განსაკუთრებით რბილ ძალაზე და საინფორმაციო ომზე.

„…უკვე იკვეთება, რომ მთავრობა ცდილობს „სტრატკომები“ საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებად აქციოს – ფეისბუქზე, პოსტებსა და კომენტარებში დასდევენ პოლიტიკურ ოპონენტებსა და კრიტიკულ მედიებს, ამხელენ მათ ვითომ ჟურნალისტურ გადაცდომებსა თუ დეზინფორმაციებში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ მოხსენებებში რუსეთის ფედერაციის, ოკუპანტი სახელმწიფოს მოხსენიებაც კი გვიჭირს და ამ დრომდე არაფერი ვიცით „სტრატკომების“ მხრიდან რუსული პროპაგანდის ან დეზინფორმაციული კამპანიების წარმატებული მოგერიება-გაბათილების შესახებ,“ – გვიყვება გიორგი მოლოდინი, იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ ხელმძღვანელია და თავდაცვის სამინისტროოში მუშაობის დროს სტრატკომის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა.

გიორგი მოლოდინის თქმით, საქართველოში „სტრატეგიული კომუნიკაციების“ განვითარება 2015 წელს დაიწყო  ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ნატოს უელსის სამიტზე მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოსთან დიალოგის ინტენსივობის გაზრდა გადაწყვიტეს.

„სწორედ ამ პაკეტში იყო „სტრატკომი“, როგორც ერთ-ერთი მიმართულება, რაც თავისთავად უკვე ბევრის მთქმელი უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფალისთვის,“ – იხსენებს გიორგი მოლოდინი და ასევე აღწერს, თუ რა გააკეთეს ქვეყნის მოკავშირეებმა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად.

„ნატოს წევრი და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები მხოლოდ ჩანაწერს არ დაჯერებულან და ამისთვის ქართულ მხარეს სასწავლო კურსები, მრჩევლები, კონსულტაციები და ექსპერტიზა შესთავაზეს. ეს ყველაფერი გადმოგვეცა საჩუქრად და ეს იყო ძალიან ძვირფასი და პერსპექტიული საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. თავდაცვის სამინისტროში, ხიდაშელის მინისტრობის დროს, 2015 წელს შეიქმნა პირველი ფუნქციური დეპარტამენტი, რომელიც ცდილობდა დასავლურ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ამ ცოდნის გაზიარებით შეექმნა ძლიერი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ჩადგებოდა უწყების, შეიარაღებული ძალების და სახელმწიფო ინტერესების სამსახურში.

„სტრატეგიული კომუნიკაცია“, როგორც საინფორმაციო დისციპლინა, მიზნად ისახავს ინფორმაციის, როგორც ეროვნული ძალის (National Power) გამოყენებას სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფისთვის  – ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. მაგალითად, საზოგადოებაში კონსენსუსის შენება სხვადასხვა ღერძულ თემებზე, როგორებიცაა ოკუპაცია, ტოლერანტობა, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები, დემოკრატია და სხვა. ასევე, საზოგადოების მედეგობის ხარისხის გაზრდა მტრული პროპაგანდისა და ნარატივების წინააღმდეგ და სხვა. აქვე, უნდა აღვნიშნოთ: მცდარია მოსაზრება, რომ „სტრატკომი“ მხოლოდ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინსტრუმენტია,“ – აღნიშნავს გიორგი მოლოდინი „ბათუმელებთან“.

თავდაცვის სამინისტროს უკვე ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ლევან იზორიას მინისტრობის დროს ამ სტრუქტურული ერთეულის „მიზანმიმართული ნგრევა“ დაიწყო, რასაც მაშინდელი პრემიერი – გიორგი კვირიკაშვილიც უწყობდა ხელს. ამ დროს თავდაცვის სამინისტროში გაუქმდა სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი და ის, როგორც სამმართველოს დონის ერთეული, ისე შეუერთდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.

„ეს იყო მთავრობის ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება „არსებითი პაკეტის“ იმ მიმართულებისადმი, რომლის დანერგვა-განვითარებაშიც ასე აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთი… თუმცა, ეს არ ყოფილა ფსკერი,“ – დასძინა გიორგი მოლოდინმა.

გიორგი მოლოდინს ასევე ვკითხეთ სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების დებულებების შესახებ, სადაც არაა ნახსენები რუსულ დეზინფორმაციასთან, ან რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა.

„არ არის საჭირო, რომ დეპარტამენტებმა და სამმართველოებმა დებულებებში ჩაწერონ, რომ „სტრატკომის“ მთავარი ამოცანა რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაა. ქვეყნის 20% რომ ოკუპირებულია და კრემლი რომ მთავარი გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამის დეპარტამენტის დებულებაში ჩაწერის აუცილებლობა არ არის. მთავარია პოლიტიკური ნება და სისტემა, რომელიც პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში „სტრატეგიული კომუნიკაციების“ მიზნებთან და ამოცანებთან. ყველაფერთან ერთად, „სტრატკომი“ ხომ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და მეტი დემოკრატიაა, რის მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი, როგორც ჩანს, მთავრობაში არ აქვთ. სამწუხაროა, რომ რეგიონში მზარდი გამოწვევების პირობებში, სადაც საინფორმაციო სივრცე ლამისაა ბრძოლის ტრადიციულ ველად მოგვევლინოს, საქართველოში ფაქტობრივად არ გვაქვს გამართული სტრატეგიული კომუნიკაციების არც სტრუქტურა და არც გაგება,“ – გვითხრა გიორგი მოლოდინმა.

ამ თემაზე:

საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციის ხარვეზები რუსული საფრთხის პირისპირ

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი