ახალი ამბები

რა შემთხვევაში გაასაჯაროებს სახელმწიფო “ფრონტერაზე” არბიტრაჟის გადაწყვეტილებას

27 ივლისი, 2020 • 903
რა შემთხვევაში გაასაჯაროებს სახელმწიფო “ფრონტერაზე” არბიტრაჟის გადაწყვეტილებას

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო “ფრონტერას” მოუწოდებს, გაასაჯაროოს საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თავად სააგენტომ გამოაქვეყნოს ეს ინფორმაცია. სააგენტო ადანაშაულებს “ფრონტერას” “რეალობის დამახინჯებასა” და “ფაქტების მიჩქმალვაში”.

“სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლენის მიუხედავად, კომპანია „ფრონტერამ“ გაავრცელა აბსოლუტურად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანი კვლავაც რეალობის დამახინჯება და ფაქტების მიჩქმალვა იყო.

სააგენტო რჩება საერთაშორისო არბიტრაჟისა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების ერთგული და კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანია „ფრონტერას“, შემდგომი ინსინუაციების აღსაკვეთად, გაასაჯაროოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია, აღმასრულებელი მენეჯმენტის მხრიდან გაკეთებული არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, თავად არ გაასაჯაროებს არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, კომპანიის ზემოხსენებული განცხადებები ჩვენ მიერ ჩაითვლება თანხმობად, რის გამოც სააგენტო იტოვებს უფლებას, თავად გაასაჯაროოს გადაწყვეტილება”,-წერია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ 27 ივლისს კონტრაქტი ძალას კარგავდა და, შესაბამისად, „ფრონტერას“ საკონტრაქტო ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების უფლება აღარ ექნებოდა, თუმცა მთავრობის მიერ “გამოვლენილი კეთილი ნების საფუძველზე”, კომპანიას კონტრაქტი არ შეუწყდა.

“შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას მიესალმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი”,-ნათქვამია განცხადებაში.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო “ფორნტერას მიმართავს, განაგრძოს მოპოვებითი სამუშაოები შემდეგ საბადოებზე: მირზაანის (17.2 კმ2), ტარიბანის (17.66 კმ2), პატარა შირაქის (1.96 კმ2), ბაიდას (3.71 კმ2), ნაზარლების (0.49 კმ2) და მწარეხევის(1.59 კმ2) საბადოებზე (სულ 42.61 კმ2, რაც შეადგენს XII ბლოკის საერთო ფართობის (5060 კმ2 ) 0.84 %-ს ), რომლებიც ლიცენზიის მიხედვით ასევე სიღრმით არის შეზღუდული.

“ასევე, მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“, პატივი სცეს და აღასრულოს არბიტრაჟის გადაწყვეტილება, გაისტუმროს ყველა ფინანსური ვალდებულება, პირველ რიგში, სოციალური, და პასუხისმგებლობით მოეკიდოს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას”,-აცხადებენ სააგენტოში.

ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი