„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ზაზა მამულაიშვილი აცხადებს, რომ ნავთობისა და გაზის სააგენტომ მის კომპანიას ნავთობის მოპოვების ლიცენზია გაუუქმა.
ამ გადაწყვეტილებას იგი უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ამ უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე დედოფლისწყაროში ნავთობის რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მარაგების ჩამორთმევას ცდილობს.
„ფრონტერას კორპორაციის“, – მამულაიშვილთან დავის მეორე მხარეს მდგარი ფირმის, – წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო მათთან შეთანხმებით მოქმედებს, რათა გარემოსდაცვითი პრობლემები აღკვეთონ.
„ექსპროპრიაცია“
26 ოქტომბერს ზაზა მამულაიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ძალის გამოყენებით ცდილობენ კერძო საკუთრების წართმევას“.
დამაზუსტებელ კითხვაზე მამულაიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ 26 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მა, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა გამოსცა ბრძანება „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასთვის“ ნავთობის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების შესახებ.
ზაზა მამულაიშვილის თქმით, სააგენტოს არ აქვს ლიცენზიის გაუქმების ან მისი მოქმედების შეწყვეტის უფლება, „არც სასამართლო გადაწყვეტილება აქვს და არც სააღსრულებლო ფურცელი“. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სააგენტომ უფროსმა თვითნებურად მიიღო.
„ეს ლიცენზია მოპოვებული გვაქვს 24 წლის წინ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად. კომპანიამ 60 მლნ ლარი გადაიხადა, რომ მოეპოვებინა ეს ლიცენზია და მას შემდეგ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული ქვეყანაში“, – ამბობს მამულაიშვილი.
„სააგენტოს წარმომადგენლები, ეკონომიკის სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად ცდილობენ, მოპოვებული ნავთობი მიიტაცონ“, – განუცხადა მან „ნეტგაზეთს“.
მისი თქმითვე, საუბარია არა ტარიბანის, არამედ მირზაანის საბადოზე, სადაც „რამდენიმე მილიონის ღირებულების ნავთობია ამწუთას იმ რეზერვუარებში, რომლის მიტაცებასაც ცდილობენ“.
მამულაიშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას „ბოლშევიკური ექსპროპრიაცია“ უწოდა.
სახელმწიფოს პასუხი
27 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, სადაც წერს, რომ სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, ნავთობის შემკრებ პუნქტში ნავთობის ტრანსპორტირების პროცესი დაიწყეს.
„ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მირზაანის ნავთობის საბადოზე მდებარე ჭაბურღილებიდან მოპოვებული ნავთობი გროვდება მირზანიის ნავთობის შემკრებ პუნქტში განლაგებულ მცირე მოცულობის რეზერვუარებში, არსებული მდგომარეობით რეზერვუარები გადავსებულია და არსებობს დაღვრის და ეკოლოგიური კატასტროფის რეალური საფრთხე“, – წერს სამინისტრო.
გიორგი ტატიშვილის თქმითვე, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დაიწყო მირზანიის შემკრები პუნქტიდან დედოფლისწყაროს დიდი მოცულობის მქონე რეზერვუარებით დაკომპლექტებულ შემკრებ პუნქტში ნავთობის გადატანის და დასაწყობების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აღსრულების ეროვნული ბიუროს და მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლების თანდასწრებით“.
მოგვიანებით, 27 ოქტომბერს, ზაზა მამულაიშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „კერძო საკუთრების წართმევის გუშინდელი მცდელობა“ მოიგერიეს, „სამწუხაროდ, ფიზიკური დაპირისპირების ხარჯზე“.
წინარე ისტორია
ამ ეპიზოდს რამდენიმე კვირით წინ უსწრებდა განცხადებების ურთიერთგაცვლა მამულაიშვილს, ამერიკული „ფრონტერასა“ და ეკონომიკის სამინისტროს შორის, კიდევ უფრო ადრე კი – საარბიტრაჟო დავა.
მრავალთვიანი და მრავალმილიონიანი სააბრიტრაჟო დავის დასრულების შემდეგ, 2020 წლის დასაწყისში, სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ არბიტრაჟის შედეგების საფუძველზე, „ფრონტერასთან“ კონტრაქტს წყვეტდა.
ასეთ შემთხვევაში კომპანია მთლიანად დაკარგავდა საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზიას და დაემშვიდობებოდა ადგილობრივ ინდუსტრიას, რომელთანაც 23-წლიანი კავშირი ჰქონდა.
რამდენიმეთვიანი ურთიერთბრალდებების, არბიტრაჟის შედეგების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების, პარალელურად კი, აშშ-ის პოლიტიკური წრის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მთავრობის მისამართით გაკეთებული კრიტიკული, გამაფრთხილებელი განცხადებების ფონზე, 2020 წლის 23 ივლისს, საქართველოს მთავრობამ, – რომელმაც „ფრონტერასთან“ დავაში 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, – გამოაცხადა, რომ ინვესტორთან კონტრაქტს აღარ შეწყვეტდა.
არბიტრაჟის დასრულების შემდეგ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები როგორც კორპორაციის შიგნით, ასევე, სახელმწიფოსა და კორპორაციას შორის ურთიერთობებში.
შიდაკორპორატიული დავები „ფრონტერაში“
ჯერ კიდევ არბიტრაჟის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ „ფრონტერაში“ შიდაკორპორატიული დავა მიმდინარეობდა.
კერძოდ, კორპორაცია „ფრონტერამ“ განაცხადა, რომ დირექტორმა, სტივენ ჰოუპმა დაარღვია კომპანიის წინაშე ფიდუციური ვალდებულებები, იმოქმედა არა „ფრონტერას“, არამედ საკუთარი/საკუთარი კომპანია Outrider-ის ინტერესებიდან გამომდინარე და სცადა, კომპანიისთვის ქონება/აქტივები მიესაკუთრებინა.
[ფიდუციური ვალდებულებები გულისხმობს მოვალეობებს კომპანიის წინაშე, რაც ძირითადად მოიცავს დირექტორის მოვალეობას, კომპანიის საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად].
ამ პერიოდში „ფრონტერას“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი (CEO) ზაზა მამულაიშვილი იყო.
2018 წლის ოქტომბერში აშშ-ში კაიმანის კუნძულების სასამართლოს დიდ პალატაში (Grand Court of the Cayman Islands) ამ საქმის განხილვა დაიწყო. მხარეები – ფრონტერას მენეჯმენტი და ჰოუპი – ერთმანეთისგან კომპენსაციას ითხოვდნენ.
Outrider-ის ერთ-ერთი განცხადების თანახმად, კაიმანის კუნძულებზე საქმის წაგების შემდეგ, „ფრონტერამ“ იდენტური პროცესი დაიწყო კალიფორნიის სასამართლოში [Outrider კალიფორნიაშია რეგისტრირებული].
Outrider-ის მიმართვა პრემიერ გახარიას
2020 წლის 13 ოქტომბერს სტივენ ჰოუპის კომპანია Outrider-მა საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას საჯაროდ მიმართა თხოვნით, Outrider Management LLC-სთვის მიენიჭებინა ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზია მე-12 ბლოკზე.
საქართველოს ტერიტორია დაყოფილია სალიცენზიო ფართობებად, ანუ ბლოკებად, სადაც ინვესტორები ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს ასრულებენ. მე-12 ბლოკზე ეს ლიცენზია „ფრონტერას“ ჰქონდა 1997 წლიდან, კონტრაქტის დადებიდან.
Outrider-ის მიერ 2020 წლის 13 ოქტომბერს გავრცელებული მიმართვის თანახმად, იგი ლიცენზიის მოქმედი მფლობელის, Frontera Resources Corporation-ის უდიდესი აქციონერი იყო.
ამავე წყაროს თანახმად, Outrider ცდილობდა, მოეხდინა ფრონტერას ლიკვიდაცია მისი გადაუხდელი ვალების გამო, რაც, ჯამში, 35 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
ამ მიმართვის პასუხად „ფრონტერამაც“ გაავრცელა განცხადება და Outrider-ის განცხადებას შეცდომაში შემყვანი უწოდა, მის ქმედებას კი, „მტაცებლური“.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ამ საკითხზე bm.ge-ს განუცხადა, რომ „მთავრობა Outrider-სა და Frontera-ს შორის მიმდინარე დავაში ვერ ჩაერევა“ და იმოქმედებს იმის შესაბამისად, თუ როგორი იქნება დავის საბოლოო შედეგი.
ნიკანდროსი vs მამულაიშვილი
2021 წლის დასაწყისში ფრონტერაში მორიგი დავა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია Forbes-მა გაავრცელა.
ზაზა მამულაიშვილმა იანვარში ტეხასის ოლქის სასამართლოში შეიტანა ყოფილი პარტნიორის, კორპორაციის თანადამფუძნებლის, სტივ ნიკანდროსისა და დირექტორთა საბჭოს ორი წევრის, ლუის იუსტისა და ტაილერ ნელსონის წინააღმდეგ, სადაც მათ თაღლითობაში სდებდა ბრალს და 1 მლრდ კომპენსაციას ითხოვდა.
შესაგებელ სარჩელში ნიკადროსი და სხვები კი მამულაიშვილს ნავთობის მოპარვაში ადანაშაულებდნენ და მიუთითებდნენ მისი მმართველობის პერიოდში სავარაუდო გადაცდომებზე.
დავები საქართველოში
საქართველოში დასახელება „ფრონტერა“ რამდენიმე კომპანიის სახელში ფიგურირებს, რომლებიც თავიდან ამავე დასახელების ტეხასურ ფირმასთან იყვნენ დაკავშირებული.
საოპერაციო კომპანიის, „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ მფლობელები იყვნენ სახელმწიფო (50% წილით, თუმცა მმართველობაში არ მონაწილეობდა) და „ფრონტერა რისორსის ჯორჯია კორპორეიშენი“. სწორედ ამ უკანასკნელს ჰქონდა „ინვესტორის“ სტატუსი.
ზაზა მამულაიშვილის განცხადებით, 2013 წლის შემდგომ, სახელმწიფოს პოლიტიკური კურსის კვალდაკვალ, „ფრონტერას“ მიადგა უდიდესი მატერიალური ზიანი, რა დროსაც მან დახმარებისათვის და ინვესტიციებისათვის მიმართა კომპანია „გრინ კაპიტალს“, „გრინ კაპიტალმა“ კი „მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორცილა“.
კომპანია „გრინ კაპიტალი“ საქართველოში 2017 წელსაა რეგისტრირებული. მის მფლობელად და ამავე დროს დირექტორად ფიქსირდება მოქალაქე ოთარ ურუშაძე.
ამჟამად, რეესტრის მონაცემებით, „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 50%-იან წილს სწორედ „გრინ კაპიტალი“ ფლობს.
როგორ გადავიდა წილი „ფრონტერასგან“ „გრინ კაპიტალზე“
2021 წლის 31 მარტამდე ლიცენზიის მფლობელის, „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ მესაკუთრე, სახელმწიფოსთან (ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან) ერთად, იყო „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენი”.
როგორც მამულაიშვილი აცხადებს, 2018 წლის 25 აპრილს „გრინ კაპიტალსა“ და საქართველოში „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის” ფილიალს შორის გაფორმდა ნედლი ნავთობის ნასყიდობის ხელშეკრულება.
„გრინ კაპიტალმა, შეთანხმებისამებრ, განახორციელა რამდენიმე გადახდა, ჯამურად, 5,8 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, თუმცა, ამის მიუხედავად, გამყიდველმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ მიუწოდებია ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი – ნედლი ნავთობი“, – აცხადებს მამულაიშვილი.
ამ საკითხზე სასამართლო გაიმართა. მამულაიშვილის განცხადების თანახმადვე, 2021 წლის 31 მარტს მოსარჩელე მხარეს, ანუ „გრინ კაპიტალს“, სრულად დაუკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც:
- „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“ დაეკისრა „გრინ კაპიტალის“ სასარგებლოდ 5,8 მლნ აშშ დოლარის გადახდა;
- 1997 წლის ხელშეკრულების მხარედ აღიარებულ იქნა „გრინ კაპიტალი“;
- „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 50%-იანი წილის მესაკუთრედ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ ნაცვლად დარეგისტრირდა „გრინ კაპიტალი“.
ამ ნაბიჯით მოხდა ამერიკული „ფრონტერას“ ჩამოშორება საქართველოში ნავთობის მოპოვების პროცესისაგან. თუმცა დავა ამით არ დასრულებულა.
2021 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ და სახელმწიფო სააგენტომ და მოითხოვეს 2021 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ამის შემდეგ, „ნეტგაზეთის“ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 აპრილის განჩინებით, „გრინ კაპიტალის“ 50%-იანი წილს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში“ ყადაღა დაედო.
მოგვიანებით, 21 მაისის, სააღსრულებლო მიმართვის საფუძველზე, „გრინ კაპიტალს“ აეკრძალა პირდაპირ ან/და შვილობილი კომპანიების/სხვა პირების მეშვეობით მოპოვებული ნავთობისა და გაზის და „ფრონტერას ფილიალის“ და „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია/განკარგვა და უფლებრივი დატვირთვა.
შესაბამისად, ლიცენზიატ „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიაში“ არსებული 50%-იანი წილის განკარგვას „გრინ კაპიტალი“ ვერ ახერხებს.
ეს გადაწყვეტილება, თავის მხრივ, „გრინ კაპიტალმა“ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
რა ხდება ახლა? პასუხი მამულაიშვილის განცხადებაზე
მამულაიშვილის პირველი განცხადების კვალდაკვალ, 26 ოქტომბერსვე მედიაში გავრცელდა საპასუხო განცხადება Frontera Resources Corporation-ის სახელით, რომლის ავტორიც აღნიშნული კორპორაციის ადვოკატი, კახა შარაბიძეა.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, შარაბიძე სწორედ სტივ ნიკანდროსს წარმოადგენს (მამულაიშვილთან დაპირისპირებულ მხარეს) და უშუალოდ ამ დავაში არ ფიგურირებს Outrider-ი / სტივენ ჰოუპი.
„ჩვენ საქართველოს მთავრობასთან გარკვეულ კომუნიკაციაში ვართ. საკითხი უკავშირდება Frontera Resources Corporation-ის საქმიანობის განახლებას საქართველოში“, – განაცხადა შარაბიძემ.
„ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ ნავთობისა და გაზის სააგენტო, ნავთობის კოორპორაციასთან ერთად, ჩვენთან შეთანხმებით მიმართავს აუცილებელ ზომებს, რათა აღკვეთილი იყოს გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაგირებას და შეიძლება საფრთხე შეუქმნას გარემოსდაცვითი პრობლემების წარმოქმნას“, – განაცხადა შარაბიძემ.
შარაბიძემ თქვა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია და სააგენტო მათთან შეთანხმებით მართავენ „შესაბამის ღონისძიებებს“, თუმცა არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს „შესაბამისი ღონისძიებები“.
Frontera Resources Corporation-ის ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ზაზა მამულაიშვილი 2020 წლის აგვისტოს შემდეგ გათავისუფლებულია „ფრონტერას“ ნებისმიერ კომპანიაში დაკავებული თანამდებობიდან.
„მას არ გააჩნია უფლებამოსილება ისაუბროს „ფრონტერას“ სახელით ან გამოიყენოს „ფრონტერას“ სახელი რაიმე კომუნიკაციაში“, – განაცხადა ადვოკატმა.
27 ოქტომბერს ეკონომიკის სამინისტრომაც განაცხადა, რომ კომპანია „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერის, ზაზა მამულაიშვილის მიმართ ტეხასის სასამართლოს (281st Judicial District Court of Harris County, Texas, USA) მიერ „გამოცემულია შემზღუდავი ორდერი, რომელიც უკრძალავს ბატონ მამულაიშვილს და მასთან აფილირებულებს, განახორციელოს ნებისმიერი ოპერაცია „ფრონტერას“ სახელით“.
გირჩევთ, წიკითხოთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:
- ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე
- კახეთში ნავთობი იღვრება, სახელმწიფო ფრონტერას სანქცირებას აანონსებს
- მთავრობა „ფრონტერასთან“ კონტრაქტს აღარ წყვეტს
- მზად ვართ “ფრონტერასთან” პოზიტიური და საგნობრივი დიალოგისთვის – თურნავა
გარეკანის ილუსტრაციაში გამოყენებული ფოტო: შოთა ხინჩა/OC Media