საზოგადოება

“ფრონტერას” ინვესტორი კონგრესში “ოცნებისთვის” ლობირებს – Reuters

23 ოქტომბერი, 2025 •
“ფრონტერას” ინვესტორი კონგრესში “ოცნებისთვის” ლობირებს – Reuters

“ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში ბიზნესინტერესების მქონე ერთ-ერთი პოლიტიკური დონორი კერძო საუბრებში კონგრესმენებთან ლობირებდა იმ საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც ზეწოლას მოახდენდა ქვეყნის ანტიდასავლურ მმართველ პარტიაზე” – ამის შესახებ საუბარია სტატიაში, რომელიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო როიტერმა გამოაქვეყნა დღეს, 23 სექტემბერს.

ჟურნალისტ გრემ სლატერის მიერ მომზადებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ამ ფაქტმა მაღალი რანგის რესპუბლიკელი კონგრესმენი გააღიზიანა და კაპიტოლიუმში გაამწვავა დაპირისპირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს “რუსეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორის მიმართ”.

“კანონმდებლების ორპარტიული ჯგუფი ცდილობს მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც დასჯის სულ უფრო ავტორიტარულ, მოსკოვისკენ მიდრეკილ მთავრობას თბილისში…”, – წერს როიტერი.

როიტერის თანახმად, თბილისზე ზეწოლის ერთ-ერთი მცდელობა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ ინიციირებული ზომაა, რომელიც აშშ-ის მთავრობას აუკრძალავს საქართველოს მთავრობის აღიარებას. გრემ სლატერი საერთაშორისო პუბლიკას აცნობს, რომ საქართველოს მთავრობას სათავეში უდგას პოპულისტი კონსერვატიული პარტია – „ქართული ოცნება“.

“თუმცა ტეხასში დაფუძნებულმა ნავთობის აღმასრულებელმა დირექტორმა და რესპუბლიკელმა დონორმა სტივ ნიკანდროსმა 30 სექტემბრით დათარიღებული წერილი გაუგზავნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რამდენიმე რესპუბლიკელ წევრს, რომელშიც მადლობას უხდიდა მათ იმისათვის, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას შეეწინააღმდეგნენ.

წერილში, რომელიც სააგენტო როიტერმა ნახა, იგი კანონმდებლებს ასევე მოუწოდებდა, გადაედგათ შემდგომი ნაბიჯები კანონპროექტის საბოლოო მიღების თავიდან ასაცილებლად, რომელიც კომიტეტზე დამტკიცების შემდეგ საბოლოო კენჭისყრას ელოდება.

უილსონმა, რომელიც კანონპროექტის სპონსორი და კავკასიის რეგიონში პოლიტიკის საკითხებში ჩართული კომისიის თანათავმჯდომარეა, თქვა, რომ შეშფოთებულია ნიკანდროსის მცდელობებით, შეაფერხოს კანონპროექტი.

ნიკანდროსი არ გამოეხმაურა კომენტარის გაკეთების მოთხოვნას, რომელიც მას ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა”, – ნათქვამია როიტერის სტატიაში.

კანონპროექტი, რომელზეც როიტერი წერს, არის არა მეგობარი აქტი, არამედ სხვა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ამერიკის მთავრობას ეკრძალება  „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარება ან აღიარებაზე მინიშნებაც კი, ისევე როგორც თანხების გამოყოფა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მთავრობის არაღიარების შესახებ ჯო უილსონის და დემოკრატი კონკრესმენის, სტივ კოენის შესწორების ჩართვას სახელმწიფო დეპარტამენტის რეავტორიზაციის აქტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული ოცნების“ აღიარების უკანონოდ ცნობის ფორმულირების შეტანას მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა კომიტეტის 33-მა წევრმა, 17-მა ხმა წინააღმდეგ მისცა.

როიტერის სტატიის მიხედვით, სწორედ ამ კანონპროექტის საბოლოო დამტკიცებას ეწინააღმდეგება ბიზნესმენი სტივ ნიკანდროსი, რომელსაც საქართველოში “ფრონტერას” ამბებიდან ვიცნობთ. ის სწორედ ამ კომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო.

2013 წელი: სტივ ნიკანდროსი ხვდება ბიძინა ივანიშვილს, მაშინდელ პრემიერს.

„ფრონტერა“ ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც თითქმის 25 წელი ფუნქციონირებდა საქართველოში, კახეთში და იქ ნავთობს ეძებდა. 2020 და 2021 წლებში კომპანიასა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტი გაღრმავდა.   სახელმწიფოსა და კომპანიას შორის საარბიტრაჟო დავაც მიმდინარეობდა, რომელსაც ქვეყანამ მილიონობით ლარი დაახარჯა. მოგვიანებით “ფრონტერას” შიგნით დაიწყო შიდაკორპორატიული დავები, რომლის ერთ-ერთ მოდავე მხარესაც სწორედ ნიკანდროსი წარმოადგენდა. საბოლოოდ, როგორც ჩანს, სწორედ ნიკანდროსის ჯგუფმა შეძლო საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების გამოსწორება.

კონგრესმენებისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც როიტერის სტატია ეძღვნება, ნიკანდროსი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არის არჩეული და ასეთმა ზომამ შესაძლოა საქართველო კიდევ უფრო გადაისროლოს რუსეთის ორბიტაზე და ზიანი მიაყენოს აშშ-ის ბიზნესინტერესებს საქართველოში, მათ შორის მისას. წერილში ნათქვამია, რომ მისი კომპანია საქართველოში 1997 წლიდან მუშაობს.

„ჩვენნაირი კომპანიებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან საქართველოში და ახორციელებენ ინვესტიციებს, სტაბილური ორმხრივი ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია ნიკანდროსის წერილში.

როოტერი თავის სტატიაში იხსენებს მეორე საკანონმდებლო ინიციატივას, მეგობარი აქტს, რომელიც „ქართული ოცნების“ სანქცირებას ითვალისწინებს და ამ ეტაპზე სენატში შეფერხდა, მიუხედავად იმისა, რომ მაისში წარმომადგენელთა პალატაში 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ მიიღეს.

დემოკრატმა წარმომადგენელმა სტივ კოენმა სექტემბერში გამართულ საჯარო მოსმენაზე წუხილი გამოთქვა კანონპროექტის წინსვლის ნაკლებობის გამო, მიუხედავად ორივე პარტიაში არსებული უკიდურესად ფართო მხარდაჭერისა.

„გასაოცარია, რომ ეს მოხდა, და რატომ მოხდა, არ მესმის“, – თქვა მან ამ კანონპროექტის ბედზე.

ვაშინგტონში კავკასიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეგობარი აქტის სენატში შეფერხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სენატორმა მარკვინ მალინმა.

აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ არსებობს კავშირი ამ სენატორსა და ფრონტერას მოვლენებს შორის.

მალინი ოკლაჰომელი სენატორია. ის წარსულში ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. მეტიც, ბიძინა ივანიშვილს „რუსეთში გაწვრთნილ ოლიგარქს“ უწოდებდა და 2020 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება „ფრონტერას“ მაგალითზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის გაუარესებული ეკონომიკური კლიმატისა და გაუარესებული დემოკრატიისთვის გააკრიტიკა. თუმცა მას შემდეგ, რაც ფრონტერამ შიდაკორპორატიული დავები გადაიტანა და სავარაუდოდ ხელისუფლებასთან ურთიერთობების გამოსწორება მოხერხდა, მალინმა “ოცნების” კრიტიკა შეწყვიტა.

როიტერის თანახმად, “ოცნების” არაღიარების აქტის საბოლოო მიღების გზა მყიფეა, იმის გათვალისწინებით, რომ მას სენატში არ აქვს თანმხლები ვერსია. კანონპროექტი რომ კანონად იქცეს, ის ჯერ ქვედა პალატაში უნდა მიიღონ, ხოლო შემდეგ, სენატშიც.

“ნიკანდროსის წერილი როიტერს მიაწოდა უფროსმა რესპუბლიკელმა თანაშემწემ, რომელიც შეშფოთებული იყო, რომ ნიკანდროსი კიდევ უფრო ამცირებდა კანონმდებლობის პერსპექტივებს”, – წერს გამოცემა.

უილსონმა თქვა, რომ მიუბრუნდება ამ საკითხის განხილვას, როგორც აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, სააგენტოსი, რომელიც ხშირად განიხილავს საგარეო პოლიტიკის საკითხებს კავკასიაში.

„როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ორგანოსი, რომელსაც აქვს გამოძახების უფლებამოსილება, ვეცდები, მეტი გავიგო ამ ინდივიდის [ნიკანდროსის] ოპერაციების შესახებ“, – წერდა უილსონი ელექტრონული ფოსტით.

საქართველოს ელჩმა ვაშინგტონში, თამარ ტალიაშვილმა, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ნიკანდროსი „ნოვატორია“, მის მთავრობას აშშ-ში ლობისტური კავშირები არ აქვს.

როიტერის თანახმად, ნიკანდროსმა $200,000-ზე მეტი შემოწირულება გაიღო რესპუბლიკელი კანონმდებლებისა და მათთან დაკავშირებული კომიტეტების კამპანიების დასაფინანსებლად (წყარო Open Secrets). როიტერმა ვერ დაადგინა, ჰქონდა თუ არა ამ შემოწირულებებს რაიმე გავლენა კანონმდებლების ხმებზე.

ტალიაშვილმა, საქართველოს ელჩმა, როიტერსს ელფოსტით მისწერა, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაუარესდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დროს, მაგრამ აქვს შანსი, რომ ტრამპის დროს გაუმჯობესდეს.

„რაც შეეხება ბატონ სტივენ ნიკანდროსს, ის არის ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც ფართოდ არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნოვატორი, რომელმაც ამერიკული საწარმო შემოიყვანა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“, – წერს ტალიაშვილი როიტერისთვის გაგზავნილ წერილში.

ჯო უილსონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მეგობარი აქტის სენატში შეფერხება მხოლოდ საკანონმდებლო პროცესია და დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში, კანონპროექტი კანონად იქცევა.

“ფრონტერას” თემაზე გირჩევთ ნეტგაზეთის სტატიებს:

ნავთობზე დავა გრძელდება: ორი „ფრონტერა“ ერთის ნაცვლად?

ყველაფერი „ფრონტერასა“ და მასთან დავაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი