ახალი ამბები

გაგნიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ახალ გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

24 ივლისი, 2020 •
გაგნიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ახალ გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებული არჩილ გაგნიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ხელახალ გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე “ნეტგაზეთთან” აცხადებს, გაგნიძეს ამ ეტაპზე გამოძიებისთვის დასამატებელი არაფერი აქვს, თუმცა სრულად იზიარებს მის მიერ 2020 წლის 20 ივნისს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას ამ საქმესთან დაკავშირებით.

როგორც გამოკითხვაზე გაგნიძემ განაცხადა, თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამასთან, გაგნიძე აცხადებს, რომ გამოძიების მიმართ არ აქვს ნდობა:

“ჩემი შეფასებით, გამოძიება დაინტერესებული არ არის ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშმარიტების დადგენით. აღნიშნულის რწმენა გამიჩნდა იმის გამო, რომ დღემდე გამოძიება არ დაინტერესებულა, 2020 წლის 20 ივნისის გამოკითხვის ოქმით ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემოწმების მიზნით ჩაეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩემივე მონაწილეობით.

რაც აჩენს განცდას, რომ რეალურად გამოძიება არ არის დაინტერესებული მოწოდებული ინფორმაციით, მისი ნამდვილობით, უტყუარობით და ა.შ. ამასთან, დღეის მდგომარეობით პატიმრობაში ვიმყოფები სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ და ეს სწორედაც იმ უწყების დამსახურებაა, რომელიც დღეს ჩემგან ითხოვს ინფორმაციის მიღებას და რომელიც მე სრულყოფილად მივაწოდე 20.06.2020 წლის გამოკითხვის ოქმით” ,- აცხადებს გაგნიძე.

მისი თქმით, მის ხელთ არსებულ ინფორმაციას სრულად მიაწვდის მისი ინტერესების დამცველებს და, შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზეც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იქნება დაცვის მხარის მოწმე:

 

არჩილ გაგნიძე გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს ტოიოტა ქემრის ეპიზოდში. ეს არის მეორე მანქანა, რომელიც არაგვის ხიდზე მივიდა, სადაც შაქარაშვილი იმყოფებოდა სხვა ახალგაზრდებთან ერთად. გაგნიძე, ისევე როგორც მანქანის სხვა მგზავრები, 20 ივნისის ჩვენებაში შაქარაშვილის დაღუპვასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.

დაზარალებულის ოჯახი ტოიტა ქემრის ყველა მგზავრისთვის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენას ითხოვს.

როგორც ცნობილია, შაქარაშვილის საქმეს მკვლელობის მუხლიც აქვს დამატებული, თუმცა პროკურატურას ბრალი ჯერ არავისთვის წარუდგენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი