ახალი ამბები

არ კონტროლდებოდა დისტანციის დაცვა – შრომის ინსპექცია კლუბების დაჯარიმებაზე

23 ივლისი, 2020 • 962
არ კონტროლდებოდა დისტანციის დაცვა – შრომის ინსპექცია კლუბების დაჯარიმებაზე

შრომის ინსპექცია განმარტავს, თუ რატომ დააჯარიმა ობიექტები, რომლებმაც 10 000- ლარიანი ჯარიმები საჯარო განცხადებებით გააპროტესტეს. ინსპექციის ცნობით, ობიექტები დისტანციის დარღვევის, სადეზინფექციო საშუალებების, სადეზინფექციო სამუშაოებისა და ინსტრუქტაჟის ჩატარების დამადასტურებელი საბუთების არქონის გამო დააჯარიმეს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ “მზესუმზირა” და “მტკვარზე”, გამართული ღონისძიებების გამო, 10 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც უწყების განცხადებაშია განმარტებული, ეკონომიკის გახსნის პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ ბიზნესსექტორისთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, “რომელთა დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე, ბიზნესის გახსნისა და მდგრადი ოპერირებისთვის”. იმ ობიექტების მიმართ კი, სადაც განსაკუთრებული საფრთხის შემცველი შეუსაბამობები გამოვლინდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შედგა.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ობიექტების უმეტესობამ სრულად გაიაზრა გამოვლენილი დარღვევების სერიოზულობა და ხარვეზების აღმოფხვრა დაიწყო, გარკვეულმა ობიექტებმა კი დარღვევის აღმოფხვრის ნაცვლად მიზანმიმართული დეზინფორმაცია გაარცელეს, რომ ისინი უკანონოდ დაჯარიმდნენ და სინამდვილეში მათთან არავითარი დარღვევა არ ყოფილა.

ინსპექციის ცნობით, დაჯარიმებულ ობიექტებთან შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:

  • ობიექტზე არ კონტროლდებოდა შესაბამისი დისტანცის დაცვა;
  • მომხმარებლები არ იყვნენ უზრუნველყოფილი შესაბამისი რაოდენობის სადეზინფექციო საშუალებებით;
  • ობიექტი სარგებლობდა ბარის მომსახურებით, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით მომხმარებლის თავშეყრას ჰქონდა ადგილი;
  • ტერიტორიაზე განთავსებული არ იყო ჰიგიენური ნარჩენებისთვის გამოყოფილი თავდახურული კონტეინერები;
  • ობიექტების ხელმძღვანელობამ ვერ წარადგინა დეზინფექციის ჩატარების პროცედურები;
  • დასაქმებულები სრულად არ იყვნენ აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
  • არ დადასტურდა დასაქმებულ პირთათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება;
  • სველ წერტილებში და საერთო მოხმარების სივრცეებში არ ტარდებოდა პერიოდული სადეზინფექციო სამუშაოები;
  • ობიექტებმა ვერ წარადგინეს დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პირთა შესაბამისი ეკიპირება და ა.შ.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ ბიზნესსუბიექტს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რათა შევძლოთ ბიზნესის გახსნის პროცესის მდგრადად და თანმიმდევრულად გაგრძელება”, – ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებების “მზესუმზირა” და “მტკვარზე” ორგანიზატორები განაცხადეს, რომ ივენთები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაციის გათვალისწინებით ჩაატარეს და უწყებისგანაც ჰქონდათ გარანტია, რომ არ დაჯარიმდებოდნენ, თუმცა დადგენილებაში, რომელიც სამინისტრომ გამოსცა, ელექსტორნული მუსიკა დასაშვები კულტურული ღონისძიებების სიაში შეტანილი არაა, რის გამოც მათ ჯარიმა დააკისრეს. ორივე ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. “მზესუმზირას” განმარტებით, ღონისძიება 17 ივლისს გამართეს, რომელსაც წინ უძღოდა 29 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა. ორგანიზაციის განცხადებით, შეხვედრის ინიციატორი თავად ჯანდაცვის სამინისტრო იყო, მიზნად კი არსებული რეგულაციების შემსუბუქება დაუსახელეს.

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა კლუბის “მტკვარზე” დამფუძნებელმაც, რომელმაც განმარტა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა საკლუბო სივრცეს ფინანსური პრობლემები შეუქმნა და ისედაც გაკოტრებული ბიზნესისთვის ამ მოცულობის ჯარიმების დაწესება სფეროს გასანადგურებლად მიზანმიმართულ ქმედებას ჰგავს.

“მზესუმზირა” და “მტკვარზე” ჯანდაცვის სამინისტრომ 10 000 ლარით დააჯარიმა

მასალების გადაბეჭდვის წესი