ახალი ამბები

“მზესუმზირა” და “მტკვარზე” ჯანდაცვის სამინისტრომ 10 000 ლარით დააჯარიმა

23 ივლისი, 2020 • 1322
“მზესუმზირა” და “მტკვარზე” ჯანდაცვის სამინისტრომ 10 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ “მზესუმზირა” და “მტკვარზე” გამართული ღონისძიებების გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.

ღონისძიებების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ივენთები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაციის გათვალისწინებით ჩაატარეს და უწყებისგანაც ჰქონდათ გარანტია, რომ არ დაჯარიმდებოდნენ, თუმცა დადგენილებაში, რომელიც სამინისტრომ გამოსცა, ელექსტორნული მუსიკა დასაშვები კულტურული ღონისძიებების სიაში შეტანილიარაა, რის გამოც მათ ჯარიმა დააკისრეს.

“მზესუმზირაში” აცხადებენ, რომ ღონისძიება 17 ივლისს გამართეს, რომელსაც წინ უძღოდა 29 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა. ორგანიზაციის განცხადებით, შეხვედრის ინიციატორი თავად ჯანდაცვის სამინისტრო იყო, მიზნად კი არსებული რეგულაციების შემსუბუქება დაუსახელეს:

“მიუხედავად ყველა იმ წესის ზედმიწევნით დაცვისა, რომელიც 29 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროში მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გაგვაცნეს, რომლის მიზანი, მათივე თქმით, არსებული რეგულაციების შემსუბუქება იყო, 17 ივლისს გამართულ ღონისძიებაზე კომუნა “მზესუმზირა” მაინც დააჯარიმეს 10 000 ლარით.

მიზეზი არის შემდეგი, რომ ახალი დადგენილებით ელექტრონული მუსიკა საერთოდ არ არის შეტანილი კულტურულ ღონისძიებათა სიაში და ყველა ის რეგულაცია, რომლის დაცვაშიც დამატებითი ფინანსური ხარჯი გავიღეთ, აღმოჩნდა ფუჭი ისევე, როგორც მათი დაპტირება, რომ მითითებების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში არ დავაჯრიმდებოდით” ,- აცხადებენ ორგანიზატორები.

მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა კლუბის “მტკვარზე” დამფუძნებელმა. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა საკლუბო სივრცეს ფინანსური პრობლემები შეუქმნა და ისედაც გაკოტრებული ბიზნესისთვის ამ მოცულობის ჯარიმების დაწესება სფეროს გასანადგურებლად მიზანმიმართულ ქმედებას ჰგავს:

“პირველივე უიკენდზე თითქმის ყველა ეს ივენთი დაგვაჯარიმეს 10 000 ლარით. დაჯარიმების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ივენთი, სადაც ელექტრონული მუსიკა იკვრება ან დიჯეი უკრავს, არ გაიყვანეს კულტურის და შემოქმედების სფეროში, გაიყვანეს გართობის სფეროში და, შესაბამისად, საერთოდ ივენთის ჩატარების უფლებაც არ გვქონია.

ამ ქვეყანაში აბსურდული სიტუაციები იმდენად ყოველდღიური და ბუნებრივია, რომ მივეჩვიეთ და ხშირ შემთხევაში აღარც გვაკვირვებს, მაგრამ ეს უკვე მიზანმიმართულ მოქმედებას ჰგავს ამ სფეროს სამუდამოდ და საბოლოოდ გასანადგურებლად. რას გვეძახდნენ ამ შეხვედრებზე და რას გვითანხმებდნენ მაშინ ამ რეგულაციებს, თუ ეს ჩვენ არ გვეხებოდა. რატომ ჩასახეს იმედი, რომ ელემეტარული შემოსავალი გაუჩნდებოდა ხალხს, ვინც ამ სფეროში მუშაობს? რატომ დაგვახარჯინეს დამატებითი თანხები, რომ მოვრგებულიყავით ახალ წესებს? რატომ დაგვაკისრეს ამხელა ჯარიმა ისედაც გაკოტრებულ ბიზნესებს” ,- აცხადებს “მტკვარზეს” დამფუძნებელი.

ორივე ორგანიზაცია ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

“ნეტგაზეთი” ორი დღეა ცდილობს ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსგან განმარტების მიღებას. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი