ახალი ამბები

„არ განიხილება“ – „ოცნება“ აბაზოვის სიაში შეყვანაზე

23 ივლისი, 2020 • 1096
„არ განიხილება“ – „ოცნება“ აბაზოვის სიაში შეყვანაზე

„ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ ინფორმაციას, რომ პარტიამ მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს პროპროციულ სიაში მისი კანდიდატურის შეყვანა შესთავაზა.

პარტიის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მისი კანდიდატურა არ განიხილება.

მანამდე თემურ აბაზოვი ამბობდა, რომ „ოცნებამ“ მას პროპორციულ სიაში ჩასმა შესთავაზა, რაზეც -„უარი არ უთქვამს“.

აბაზოვის თქმით, „ოცნებისგან“ სიაში ჩასმის შემოთავაზება მიიღო

“შენ ღირსება არ გაქვს”

“შენ ღირსება არ გაქვს” – ეს არის ფრაზა, რომელსაც მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს სხვა პირები ეუბნებიან მას შემდეგ, რაც მან 2018 წლის ზაფხულში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილსა და იმ დროს მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს შეაგინა, შეგინების ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში სხვამ ატვირთა. მოგვიანებით, სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული კაცი გინებისთვის. ასევე, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გინებისთვის თემურ აბაზოვმა და მისმა მხარდამჭერებმა მოქალაქეზე იძალადეს, თავდაპირველად სტუდია “მონიტორმა” და რადიო “მარნეულმა” გაავრცელეს. ამის შემდეგ შსს-მ გამოძიებაც დაიწყო.

აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა. 2018 წლის სექტემბერში აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა — იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლო მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა 12 თებერვალს გაამართლა.

აბაზოვი თავიდანვე უარყოფდა ინციდენტთან რაიმე კავშირს. უფრო მეტიც, ის ირწმუნებოდა, რომ შემთხვევის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.

ნახეთ სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება:

მასალების გადაბეჭდვის წესი